Category: არქივი

  • თურქმენეთის საელჩო რუსეთში, ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალებას უარყოფს

    თურქმენეთის საელჩო რუსეთში, ქვეყნის პრეზიდენტის, გურ-ბანგული ბერდი-მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

    დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, პრეზიდენტის ავადმყოფობისა და დაღუპვის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

    ინფორმაცია თურქმენეთის პრეზიდენტის  გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

  • პარლამენტთან აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება

    შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ  მიმდინარეობს.  აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეიდან აქციები განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება.

    აქციის ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემების მომზადება.

    გუშინ პროტესტის  32-ე დღეს „ფლი მარკეტი“ გაიმართა, სადაც  სტარტაპერებმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. ორგანიზატორების განცხადებით,  შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    მთაწმინდის რაიონი ​- 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ჯორჯიაშილის, ალექსი-მესხიშვილის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანისა და შავთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, პოლიციისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – ​10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძისა და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი​ – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დადიანის, ბენდელიანის, ცისარტყელას, ზესტაფონისა და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • “წაგების უფლება არ გვაქვს”- ეკა კვესიტაძის ემოციური მონოლოგი (ვიდეო)

    “რუსთავი2 “- ის გადაცემა “კვირის აქცენტები” ეკა კვესიტაძემ ვრცელი მონოლოგით დაიწყო. 

    კვესიტაძემ ერთი წლის შემდეგ “კვირის აქცენტები” პირველად წაიყვანა თანაწამყვანის, ნიკა გვარამიას გარეშე.

    მისი თქმით, ეს განსაკუთრებულად მძიმე ეთერია, რადგან სწორედ ნიკა გვარამია იყო იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის მაგალითი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანიის დამოუკიდებლობა ამ დრომდე შეინარჩუნა.

    გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ შეიძლება “კვირის აქცენტები” ბოლოჯერ გადიოდეს ეთერში, მაგრამ ისინი არასოდეს უღალატებენ პრინციპებს, რადგან ეს თავისუფლებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა:

    “დღეს ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერია. ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა, რადგან ამ წლების მანძილზე ყოველდღე ვუყურებდი, როგორ იბრძოდა ფინანსურ ბლოკადაში მყოფი არხის გადასარჩენად და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და რაც მთავარია, არასოდეს ნებდებოდა.
    დღეს ნიკა გვარამია ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ ამ სტუდიაში. მაგრამ „კვირის აქცენტების“ სტუდიაში ვიქნები მე მანამ, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს არასოდეს ვუღალატებთ.

    “რატომ არის ეს ბრძოლა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ არის ის თავისუფლებისთვის დაწყებული იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამ ერთი თვის განმავლობაში არც ერთი დღით არ შეწყვეტილა. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კრემლის წინ ერთი ადამიანის აქცია გაიმართა, რომელსაც ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა და ასე აპროტესტებდა პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს. ეს ადამიანი სულ ცოტა ხანში დააკავეს – აი ასე უბრალოდ, მდუმარე პროტესტისთვის. სწორედ აქამდე მიდის ის გზა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია დაგვაყენა და რომლის კონტურები სულ უფრო ცხადად იკვეთება. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილი პუტინის დავალებების ასრულებს თუ პირადი ინტერესებით მოქმედებს – ფაქტია, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავისუფალი მედიის მიტაცების გზით საქართველოში ავტორიტარიზმის გამყარებასა და ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალურად გახანგძლივებას ცდილობს, რაც სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედის და არა დასავლეთის. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის გზას მხოლოდ ერთი მიმართულებით მივყავართ – იქ, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ადამიანისა და მისი კორუმპირებული კლანის ხელშია, იქ სადაც ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს კლავენ ან აპატიმრებენ, სადაც რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლ ადამიანებს ქიმიური იარაღით წამლავენ, სადაც საბჭოთა КГБ-ს პროპაგანდა ადამიანებს ტვინს ურეცხავს და ხელისუფლების მიერ მართულ ზომბებად აქცევს, სადაც ადამიანებს მდუმარე პროტესტის გამოც კი აკავებენ და სადაც არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა და ვერც სამართლიანობა. თან, განსხვავებით რუსეთისგან, ჩვენ არც დიდი სახელმწიფო ვართ და არც ნავთობი და გაზი გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ერთადერთი პერსპექტივა გვემუქრება – ბიძინა ივანიშვილის ფეოდალურ სამფლობელოდ ვიქცეთ – არშემდგარ ქვეყანად, როგორიც 2003 წლამდე ვიყავით.

    “ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ეპოქაში ჩვენი „ოქროს საწმისი“ დემოკრატიაა. ზუსტად ასეა, რადგან ძლიერი დამოკრატიის გარეშე ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ გადავრჩებით და რუსეთის მოუვლელ, მიტოვებულ უკანა ეზოს დავემსგავსებით. ამიტომ, თუ მკითხავთ, რა მიზანი გვაქვს, შემიძლია გიპასუხოთ ერთი სიტყვით – გამარჯვება. “გამარჯვება ყველაფრის ფასად, გამარჯვება – როგორი რთული და გრძელიც არ უნდა იყოს მისკენ მიმავალი გზა, რადგან გამარჯვების გარეშე არ არსებობს გადარჩენა,” ეს სიტყვები, რომელიც უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის, ზუსტად ერგება იმ ომს, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის არის დაწყებული, ომს, სადაც ზოგიერთ ბრძოლაში შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ რომლის საბოლოოდ წაგების უფლება არ გვაქვს,”-განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

  • ეგზიტპოლის მიხედვით უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა

    უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით  მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ მხოლოდ 0.4 პროცენტი აიღო.რადაში მოსახვედრად ბარიერი ხუთი პროცენტია.

    ეგზიტპოლის მიხედვით, მეცხრე მოწვევის რადაში 5 პარტია შევა. უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის პარტია ხალხის მსახური ლიდერობს. მას ხმა მოსახლეობის 43,9 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის 11,5 პროცენტით. შემდეგ მოდის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა 8,9 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა იულია ტიმუშენკოს პარტია ბატკივშინა 7,6 პროცენტით, ხოლო მეხეთე ადგილზეა მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმა 6,3 პროცენტით.

  • არ მაინტერესებს — სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე

    “არ მაინტერესებს”, — ასე უპასუხა  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.  სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს თუმცა მან არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. 

    “მე მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ეს 30 წელი, არაჩვეულებრივი საქმე ქვეყნისთვის ამ საექიმო დარგში არის ის, რაზედაც თქვენ უნდა საუბრობდეთ”, — უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

  • “როცა გართმევენ ერთ იარაღს,უნდა მოიმარჯვო მეორე.ჩვენ დავბრუნდით“–გვარამიას ვიდეომიმართვა

    რუსთავი2–ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს სათაურით  “დედა@@@@ნულო სვავო, ჩვენ დავბრუნდით!“.

    ნიკა გვარამია ამბობს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლიდან გასვლას არ აპირებს და მალე, სადმე სხვაგან, სხვა ფორმით და სხვა ფორმატით ის და მისი გუნდი ისევ გამოჩნდებიან:

    “  უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნამდვილი, მართალი პოზიცია შენარჩუნდეს.
    უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაიღოს, იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში ჩვენ, მე და ჩემმა გუნდმა მივიყვანეთ ყველაფერი იქამდე, რომ მხოლოდ გასაფორმებელი გახდა ამ კაცის წასვლა. ამ ტელეკომპანიის წართმევა სწორედ ამის წინააღმდეგ არის ნაბიჯი. ამ ტელეკომპანიის წართმევა ზუსტად იმის გამოხმაურებაა, რაც სურდათ რუსებს, იმიტომ რომ ეს ტელეკომპანია იყო პირველი მცველი და გუშაგი რუსეთის აქ ბოლომდე ინფილტრაციის გზაზე. და ასეთი გუშაგები უნდა დარჩნენ, მიუხედავად რომ რუსთავი2 წაიღეს და სამწუხაროდ წაიღეს რუსებმა.

    ამ ქვეყანაში ყველამ, ჩემი ჩათვლით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო დავიცვათ და გადავარჩინოთ. რუსთავი ორის მაუწყებლობა იყო იმისთვის, რომ ასრულებდა საქვეყნო ფუნქციას. დიახ, ეს ფუნქცია მეც ავიღე შვიდი წლის წინ ჩემს თავზე. მე ახლაც შემიძლია გავექცე ამ ფუნქციას და მშვიდად ვიყო და ვიყო სხვაგან, მაგრამ მინდა ეს ფუნქცია ბოლომდე შევასრულო და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული ბრძოლა. რუსთავი2 იყო მხოლოდ იარაღი ქვეყნის დასაცავად. და როცა გართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოიმარჯვო მეორე. საქმე მებრძოლებშია და ბრძოლაშია და არა იარაღში. იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ შეცვლადია. ჩვენ უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ.
    ყველაფერი წინაა, ხელები არ ჩამოუშვათ, მოკლეს რუსთავი2 მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა.
    სადმე სხვა ადგილიდან, ან სადმე სხვა ფორმატით აუცილებლად ვიტყვით, ჩვენ დავბრუნდით.“– ამბობს გვარამია.

  • “არ ვაცლით ამ ფაროსანას ძილს, სანამ გამოთხრილი თვალებისთვის არ აგებს პასუხს გახარია,” -აქცია შეკვეთილში

    შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის აქციის დარბევა  და გახარიას გადადგომა მოითხოვეს. აქციამდე კი მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი ინფორმაციით ქვეყნის ფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო ,,პარაგრაფში,, იმყოფება და ადგილმდებარეობაც სწორედ ამ მიზეზით შეარჩიეს. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლები უცვლელი მოთხოვნებით პერმანენტულად გაგრძელდება.
    “აუცილებლად უნდა გადადგეს მინისტრი გახარია იმ სისხლიანი ღამისთვის, ჩვენ არ გავჩერდებით… არ ვაცლით ამ ფაროსანას ძილს, მანამ, სანამ გამოთხრილი თვალებისთვის არ აგებს პასუხს გახარია,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანზორ გუბაევი.
  • მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს (ვიდეო)

    მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ.

    დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

    მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

    მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

  • ““ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ გვასწავლა“–კვესიტაძე “კვირის აქცენტებს“ მარტო წაიყვანს

    რუსთავი2–ს გადაცემა “კვირის აქცენტების“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე გადაცემას დღეს ნიკა გვარამიას გარეშე წაიყვანს. მისი თანაწამყვანი და რუსთავი2–ის დირექტორი სამი დღის წინ არხის ახალმა მფლობელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ გადაცემას გააგრძელებს მანამ, სანამ მას არ დახურავენ:

    “მეგობრებო, დღე კვირის აქცენტები იქნება. უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერი – ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა და მჯერა – დღეს ეს ადამიანი ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ სტუდიაში. მაგრამ “კვირის აქცენტების” სტუდიაში ვიქნები მე, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ – რადგან დღეს თავისუფალი მედიის დაცვის ფრონტის ხაზი ისევ რუსთავი 2-ზე გადის – მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც – მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ამ 7 წლის განმავლობაში გვასწავლა. და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ში დავმარცხდებით. დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს, ისე როგორც მამარცხებს ახლა, ამ სტატუსის წერისას“– დაწერა ეკა კვესიტაძემ ფეისბუქზე.