Category: არქივი

  • შსს-მ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები პირველმა ატვირთა და გაავრცელა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები. აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა.

    ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო ჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო.

    გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში. რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

    საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა.-ს მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა.

    დ.ა.-ს და მ.დ.-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

    აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა“, – განაცხადა  მამუკა ჭელიძემ.

  • ვუპასუხე, რომ 2003 წელს 3 თვე დეპუტატი ვიყავი და ხელფასი მქონდა ასაღები-ოქრუაშვილი დაკითხვაზე

    საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კითხვებზე ისაუბრა, რომელიც მას დაკითხვის პროცესში დაუსვეს.

    „სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით ვაპირებდი, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ ვაპირებდი წინიდან და მე ვუთხარი, რომ წინიდან იმიტომ ვაპირებდი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო

    „ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა. ძალიან მარტივი პასუხია, ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება უფრო მეტი არ მომხდარიყო. შემდეგი მეტნაკლებად იურიდიული, აზრიანი კითხვა იყო ის, რომ იცით თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რაიმე სახის მოლაპარაკებები, ან კონსულტაციები, პოლიტიკური მოთხოვნები შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. სამი მაღალჩინოსნის გადადგომა იყო ერთად შეჯერებული პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

    ირაკლი ოქრუაშვილი  გამოკითხვაზე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ  განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით დაიბარეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და დღეს ჩვენება სასამართლოში  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხა.

  • გარეჯის მთის ძირში აზერბაიჯანულმა მხარემ ახალი სამხედრო ბაზა ააშენა – ქაცარავა ( ფოტოები)

    ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძარა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 22 ივლისს დავით-გარეჯთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯის მთის ძირში სამხედრო ბაზა ააშენა, რომელიც ჯარისკაცებით არის სავსე.

    „გარეჯი. 22.07.2019

    14 ივლისის ინციდენტის შემდეგ გავიდა 8 დღე. გარეჯი დაგვიკეტეს. ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძარი, უდაბნოს მონასტერი. გაივსო ქედი აზერბაიჯანელი მესაზღვრეებით. ჩვენი მესაზღვრეები 10 ჯერ ნაკლები არიან. ისინი უკვე გვიკეტავენ მისასვლელს ქვედა ნაწილში, ალბათ რომ არ დავიღალოთ და ეს რთული გზა ტყუილად არ გავიაროთ.იყო დაპირება, რომ მაქსიმუმ 1 კვირაში გაიხსნებოდა გარეჯის ყველა მიმართულება.
    ამის ნაცვლად ვხედავთ ახალ სამხედრო ბაზას, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ სასწრაფოდ ააშენა გარეჯის მთის ძირში და გაავსო ჯარისკაცებით.დღეს ჩვენც დაგვემუქრნენ, თუ არ შევწყვეტდით დრონით ფრენას, ჩამოგვიგდებენ. არ მოგეჩვენათ, დიახ, ჩამოგვიგდებენ ჩვენივე საზღვრებში.

    აღარ დავიწყებ იმ განცხადებების ჩამოთვლას, რომლებსაც აზერბაიჯანული ოფიციალური პირები ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ იმის თაობაზე, რომ გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ეს კეთდება იმ დროს, როდესაც ნომინალურად დელიმიტაციის კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა.ჩვენი კომისია კი დუმს. საერთოდ არაფერს ამბობს. მინდა მჯეროდეს, რომ როცა ამოიღებენ ხმას ამ კომისიის წევრები,გვახარებენ რომ არაფერი დავთმეთ და შევინარჩუნეთ გარეჯი.მაგრამ ამჯერადსიტუაცია სხვას გვეუბნება.გარეჯი დაკეტილია და ალბათ აღარც გაიხსნება.ჩვენ კი ნელ-ნელა გვაჩვევენ იმ აზრს, რომ გარეჯი ჩვენი აღარ იქნება,“ – წერს ქაცარავა „ფეისბუქში“.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “თქვენთან შეაფასეთ იმ ადამიანების ეთიკა, რომლებიც ყოველ დღე ავრცელებენ ტყუილს”-ვოლსკი

    „ეთიკა შეაფასეთ თქვენთან იმ ადამიანების ეთიკა, რომლებიც ყოველ დღე იგონებენ და ავრცელებენ არარსებულ ინფორმაციას, ტყუილს, აბულინგებენ და უზნეო ახალ ამბებს იგონებენ კონკრეტული ადამიანების მიმართ,“ – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად ეთიკური იყო მაია ცქიტიშვილის გამონათქვამი, რომელიც ეკა ბესელიას შეეხებოდა.

    „ეს არის ერთი ადამიანის საკმაოდ სერიოზული, ემოციური მდგომარეობა, რასაც მე პირადად ყოველთვის ვითვალისწინებდი და ის დაკავებული ადამიანებიც, ვინც ავრცელებდა ამ კადრებს, გამოძიებაც ამის შედეგს გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება აქვს საკმაოდ მკაცრი ასეთი ფაქტების მიმართ. თვითონაც კარგად იცის, ვინ ფლობდა ამ ჩანაწერებს და ვის შეიძლება აწყობდეს ამ ჩანაწერების გავრცელება, როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ასევე იმ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რომელიც შეიძლება გამოხატოს, თუნდაც თქვენმა მედიასაშუალებამ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • ცქიტიშვილი იმასაც თუ ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა, ჩემი კომენტარი ზედმეტია – ბესელია

    „თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს რა გაუკეთა და იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს, თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია,“-ასე უპასუხა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

    ბესელიას თქმით, მაია ცქიტიშვილს როგორც ქალს, დაფიქრება მართებს იმაზე თუ რას ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ავალებს მას ამას.

    “თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით რა გაუკეთა საკუთარ თავს, იმასაც თუ ვერ ხვდება ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია. მე არ ვთვლი ღირსად, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა და ვიდრე სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს ქალი რას ლაპარაკობ, ვინც არ უნდა გავალებდეს ამას”, – განაცხადა ბესელიამ.

  • “რუსთავი 2-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები პიტბულებივით არიან”- ელისაშვილი

    თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი2”-ის საქმეს გამოეხმაურა.

    “რა სევდიანი საყურებლები არიან ოცნების ე.წ. ლიდერები “ რუსთავი“ 2-ის ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი “რუსთავი2“-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას. “ოცნებას“ კი შერჩება ხელში “რუსთავი2“-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ “ოცნების“ და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული”- წერს ალეკო ელისაშვილი.

    შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო.

  • იუსტიციის სამინისტრო “რუსთავი2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუისტავი2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

    წერილის მიხედვით,  ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც

    წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.

    .

  • სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი ავარიაში დაიღუპა

    ხარაგაულის რაიონში მომხდარ ავარიას სპორტსმენი, გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა. 

    ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მომხდარი ფაქტი შსს-ში დაადასტურეს.

    გიორგი დოინჯაშვილი 2015 წელს არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალ სთრონგმენის გამარჯვებული გახდა.დოინჯაშვილი ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო. 

  • ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

    ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ  მივიდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოიკითხება. ოქრუაშვილმა შსს-ში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. 

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვებს დაუსვამენ. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ აქციებზე ერთ-ერთი აქტიური პირი იყო და გამოძიების დაწყებას ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობას  უკავშირებს.