Category: არქივი

  • ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ  სხდომაზე ჩუსტები მიიტანა.

    ამის მიზეზად დოლიძემ სხდომის ხანგრძლივობა დაასახელა. მისი განცხადებით,  იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გვიანობამდე მიმდინარეობს და  ამით ირღვევა შრომითი უფლებები.

    „ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

    დოლიძის განცხადებას  საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე გამოეხმაურა.

    „უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა  მშვენიერაძემ.

    ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ,ლევან თევზაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.

  • 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა-IDFI

    საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა – ეს ყველაფერი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში მოხვდა. IDFI-მ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლითაც დადგინდა რომ  2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა.

    “ბოლო პერიოდში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოჭიდავეების და ამ სფეროში მოღვაწე პირების გარკვეულმა ჯგუფმა მედიას არაერთხელ გააცნეს ფედერაციაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და ფედერაციის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაცდომების სავარაუდო ფაქტები.” – აღნიშნულია  კვლევაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული საეჭვო გარემოებები:

    • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.

     

    • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში – 8,276 ლარი.

     

    • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.

     

    • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.

     

    • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.
    • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები

    ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გაუმჭვირვალობა, რომელმაც IDFI-ის ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, –  ინფორმაციას ამის შესახებ  „თელასი“ ავრცელებს.

    მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ხაზინის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, შანიძის, ერეკლე ტატიშვილის, კერესელიძის, გალის, თერგის, ჯანაშიას, ბარნოვის, ყაზბეგის, შოთა მილორავას, ბელინსკის, პეტრიაშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის, გუდაურის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ნათია ბაშალეიშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: „მშრალი ხიდი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დედაენის პარკის, მტკვრის, სანაპიროს, ხიდის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შავიშვილის, თოფურიას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი პაპაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, რიყის მიმდებარე ტერიტორიის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის და იოზეფ პილსუდსკის გამზირის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების და ხევძმარის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართველიშვილის, ღრმაღელეს, ცოტნე დადიანის, კნოლევის, ავთანდილ ღოღობერიძის, ქსოვრელის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, გოგოლის, დგებუაძის, ტოვსტონოგოვის, გიორგი კვინიტაძის, რკინიგზის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, პასტერის, კონსტიტუციის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

  • ლევან სამუშიას სასამართლოში გამოკითხავენ

    20 ივნისის მოვლენების შესახებ დღეს საქალაქო  სასამართლოში ლევან სამუშია გამოიკითხება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

    „ხელისუფლება არ ეძებს ობიექტურობას და ამის მოლოდინიც არც არავის ჰქონდა, ესეც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ამ შემთხვევაში მივალ და აღვწერ, რა სიტუაციაც იყო. ვინც იყვნენ პასუხისმგებელნი, ყველა ის პირი უნდა იქნეს დაკითხული და შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტება აქედან უნდა დადგინდეს. დაკითხვაც არ უნდა იყოს ფორმალური სახელისუფლებო თანამდებობის პირების. უნდა წარმოებდეს არა დაკითხვა დაკითხვისთვის, არამედ დაკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის,“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.

  • რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს ხელსუფლებისგან ბოდიშს მოითხოვს

    რუსეთის სდუმის დეპუტატი, ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ხელსუფლებისგან ბოდიშს მოითხოვს. ტელეკომპანია Россия24-თან ინტერვიუში მან დეპუტატ გავრილოვის ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

    ვოლოდინისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. დუმის სპიკერი აცხადებს, რომ თუ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება გაგრძელდება, რუსეთს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობა აქვს.

    ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია და ქართველებმა ეს უნდა დააფასონ.

    „არ შეიძლება ასე ყალიბდებოდეს იმ ქვეყნის დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი მიუღია. ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთვლით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მისი მხრიდან განცხადებები, რომ რუსეთი არის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, დაუშვებელია. ამ ნაბიჯებმა მიგვიყვანა ისეთ წინააღმდეგობებთან, რომლებიც დამანგრეველ ფაქტორს წარმოადგენენ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიგნით თავად უნდა გაერკვიონ, ხოლო თუ მსგავსი ქცევა გაგრძელდება, ჩვენ შეგვიძლია, მათ ვუპასუხოთ,” – განაცხადა ვოლოდინმა.

  • “გიჟი თავისუფალია”– გია ვოლსკი ოქრუაშვილზე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში  გამოეხმაურა. 

    „ეს ცრუპენტელა ბარონჰაუზერი რაღაცეებს ლაპარაკობს, ხომ არ შეიძლება იმ წუთში ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს გადავწვდეთ? ვერ ხვდებით, რომ ეს არის მახე? ვერ ხვდებით, რომ ეს სერიოზული თემაა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ცდილობენ მიაწოდონ საჭმელად. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ასეთი გამოსვლები, ოქრუაშვილი საერთოდ გვარი გაგახსენდებოდათ რომ არსებობს? კარგით რა. საერთოდ არ აღვიქვამ ოქრუაშვილის განცხადებებს ხელშესახებ არგუმენტებად და არ მგონია, რომ მე მარტო ვიყო. მაშინ მოუსმინეთ ქარელს, რას ლაპარაკობს ოქრუაშვილზე, რომელიც გუბერნატორი იყო.. არ ვარ ისეთი უბრალო, რომ ვერ დავალაგო სიტუაცია, ისეთ რამეებს ვიტყვი გინდა ოქრუაშვილზე და გინდა ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არც დასიზმრებია, ვერ ვიკადრებ. ოქრუაშვილზე ბევრი თემები მაქვს. თავის დროზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმემ მოლაპარაკების ჩაშლაში მიიღო მონაწილეობა, თუ ვინმემ რუსეთისათვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგა 2004 წლის აგვისტოს, 2006 წლის ივლისში, ეს იყო ოქრუაშვილი, მისი ორგანიზებით ხდებოდა ყველაფერი და რატომ გამორიცხავთ, რომ ახლაც გარკვეულ ამოცანას ასრულებს იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა აწიოს და ესოდენ დიდი დიაპაზონის გადაცემაში ოქრუაშვილი გვყავდეს მთავარ სამსჯელო პიროვნებად. იქნებ ხელი გამოკრას კიდეც რაღაც პოლიტიკურ წარმატებას, მაგრამ ის, რომ მან ჩაიდინა გარკვეული დანაშაულებები… ადვოკატია, არც მთალდ სულელია, რომ ისეთ საკითხებზე ილაპარაკოს, რისი დამტკიცებაც შეიძლება. რაც თვითონ თქვა, ეს თუ მართალია, მუხლები არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება თავისუფლების აღკლვეთით, მაგრამ ამბობს ჰაერზე და გიჟი თავისუფალია, ცოტა უხეში გამოთქმაა, მაგრამ ადეკვატური ვერაფერი მოვიგონე, უფრო ისეთი, წესიერი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

  • რუსთავი 2 დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს

    რუსთავი 2 დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ON.GE” და “Netgazeti”–ი იუწყებიან. როგორც ირკვევა ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც ძველის საქმიანობის შესრულება დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნდება.

    დატოვა თუ არა ტელევიზია დაცვის თანამშრომელმა, გიორგი სულაშვილმა, რომელმაც თვალი 20 ივნისის ღამეს დაკარგა, უცნობია.

  • „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტების პასუხი ქიბარ ხალვაშს და თავისუფლების 5 კრიტერიუმი

    “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და იმ კრიტერიუმებს ასახელებენ, რომელთა დარღვევასაც ჟურნალისტები არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევენ:

    „რუსთავი 2-ის“ მფლობელების და გენერალური დირექტორის ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხი, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნაში მედია პლურალიზმის, განსხვავებული აზრისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პლატფორმის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

    არხის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება უკვე აღარ ტოვებს ილუზიას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური ორიენტაციის მქონე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამიტომ არხის ჟურნალისტები მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან, არ მოადუნონ ყურადღება და დაეხმარონ “რუსთავი 2-ს” სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. იმისთვის, რომ აღარ დავტოვოთ ინტერპრეტაციის სივრცე აქვე გავმარტავთ იმ კრიტერიუმებს, რომლის დარღვევასაც ჩვენ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მივიჩნევთ.

    1. ჟურნალისტების, არხის წამყვანების, საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსისა და პროდიუსერების გათავისუფლება, სხვა პოზიციაზე გადაყვანა და მათ ნაცვლად ახალი კადრების მოყვანა არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის კიდევ ერთი მექანიზმი. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქართულ მედიაგარემოში ეს სქემა ხშირად გამოიყენება, არსებული გადაცემების დახურვა ან ფორმატის შეცვლა.

    2. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტად ჩაითვლება, პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირების შრომითი კონტრაქტის დარღვევა.

    3. სტუმრების ცენზურა, სიუჟეტების რიგითობის განსაზღვრა და ნებისმიერი სხვა სახის ჩარევა, რომელიც გავლენას მოახდენს გადაცემის შინაარსსა და აქცენტებზე.

    4. ფინანსური ხასიათის პრობლემების შექმნა – თუკი არხი ყადაღის უმძიმეს პირობებშიც კი ახერხებდა დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას, არამხოლოდ ხელფასების გასტუმრებას, არამედ ახალი რეიტინგული მედიაპროდუქტების შექმნას, ყადაღის მოხსნამ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს შემოსავლების ზრდას და არა პირიქით. ამიტომ თანამშრომლების წინაშე, კონტრაქტით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ბერკეტი “რუსთავი 2-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩასარევად.

    5. მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიად. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები. გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს 2001 წელს “გაზპრომ მედიას” ანუ პუტინის მიერ “ენ-ტე-ვეს” ძალადობრივი ხელში ჩაგდების შემდეგ როგორ დანიშნეს “სარედაქციო დამოუკიდებლობის” უზრუნველსაყოფად ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ამერიკის მოქალაქე ჯორდანი. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ისტორია. ჩვენ ასევე ვხედავთ კრემლის პროპაგანდისტულ არხზე “Russia Today-ზე” უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ”.

  • 30 მილიონიანი ვალის ჩამოწერა ტელეკომპანია “მზის” სანაცვლოდ – ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება

    „სახელმწიფომ 30 მილიონიანი ვალი ჩამოაწერა სიგარეტის ქარხანა „პირველს“ იმის სანაცვლოდ, რომ პატარკაციშვილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებდა ამ ტელევიზიას,“ – ეს განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

    გადაცემა „არჩევანში“ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშთან კონტაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ის” მის სახელზე გადაფორმების მიზნით დაუკავშირდა. ამას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი ხელისუფლების ჩარევის შემდეგ გახდა.

    „ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის გადაწყვეტილებით, მე ვიყიდე “რუსთავი 2”. ქიბარ ხალვაში როგორ გახდა ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი, ჰკითხეთ მას, როგორ გაიფორმა ტელეკომპანია „მზის“ 100 პროცენტის წილი, როდესაც არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია ტელეკომპანია „მზის“ მესაკუთრეებთან, ვანო ჩხარტიშვილი იყო, თუ სწორად მახსოვს, არც თანხა გადაუხდია, სახელმწიფომ 30 მილიონიანი ვალი ჩამოაწერა სიგარეტის ქარხანა „პირველს“ იმის სანაცვლოდ, რომ პატარკაციშვილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებდა ამ ტელევიზიას,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

  • მიხეილ ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილი რამდენიმე პირს ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებაში ავარჯიშებდა

    ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი და ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი რამდენიმე პირს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის  გაყალბებაში ავარჯიშებდა. 

    მიხეილ ქარელმა ეს განცხადება ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში გააკეთა. 

    „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან [ირაკლი ოქრუაშვილმა] პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე… გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.

    არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

    მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანამებრძოლი  იყო და 2004-2007 წლებში შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა.