Category: არქივი

  • ენგურზე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. საზღვრის   ჩაკეტვის გამო,  ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ  განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    “ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება

    აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

  • აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შეუერთა – დამახინჯებული სიუჟეტი და წერილი გერმანულ ტელეარხს (ვიდეო)

    საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთზე დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა.

    „გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი. საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს.საელჩო დიდი კმაყოფილებით იღებს ცნობად საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლესა და ყურადღებას, რომელიც აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამ გამოიწვია და მადლობას უხდის ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ზემოთ ხსენებულ საკითხში“ – ნათქვამია განცხადებაში.

    სიუჟეტში ნათქვამა, რომ აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შემოუერთა. დაახლოებით იგივე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, როცა საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში. მისი ვერსიით, აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო და არა პირიქით.პუტინი ისტორიული ექსკურსით შეეცადა განემარტა, რით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებების მიღებისას, პუტინისეული საქართველოს ისტორია კი ასეთი აღმოჩნდა:

  • ხელისუფლებამ დათმო ენერგოსუვერენიტეტი და გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან – შალვა ნათელაშვილი

    ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართვერლოს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას – შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს ხელისუფლებამ ირანთან, რუსეთთან და სომხეთთან ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ პროექტს ხელი მოაწერა.

    მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, დათმო ენერგოსუვერენიტეტი, მეორე მხრივ კი, გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან, რომლებსაც ევროკავშირისა და აშშ-სგან მძიმე სანქციები აქვთ დაწესებული.

    “2015 წლის დეკემბერში ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას.

    ალბათ, არავის გიკვირთ, რატომ დაანგრია კალაძემ და ივანიშვილმა თერგისა და არაგვის ხეობები, რატომ გაკაფეს ხეები და წამოჭიმეს მაღალი ძაბვის საშინელი საფრთხობელები და დააწიოკეს იქ მცხოვრებელი ხალხი, აიღეს სალოცავები, საფლავები და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და ორ-სამ წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დასრულება,” – ამბობს ნათელაშვილი.

  • “კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდაო ან რაღაცა მარსიანელები ჩამოიყვანაო”-ვოლსკი

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან  მასზე თავდასხმაზე გაიხსენა და  დამკვეთად კახა კალაძე დაასახელა.

    ვოლსკი ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს.

    „დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, რომ იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივეო, ოღონდ პირიქითო. დაახლოებით, ეგეთი შეფასება შემიძლია, გავაკეთო. კახა კალაძეც გამოვა ახლა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდაო ან რაღაცა მარსიანელები ჩამოიყვანა. საკითხებს მე სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ.

    ორი ვარიანტი არსებობს აქ, ან ერთი, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დამკვიდრება და რაღაც იმ შეკითხვებისგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ ექნება გამოძიებას, ან მეორეა, რომ რაღაცა დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც დაიჭირა და შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. საუბრობს იმაზე, რომ მას რეკეტის სისტემა ჰქონდა აწყობილი და საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა “რუსთავი 2”, ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამას თვითონ რაც არ უნდა თვითილუსტრაცია და თვითაღიარება იყოს, ამასაც დამტკიცება სჭირდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

  • როდიდან იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა

    2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით   გადახდა აიკრძალება, რაც იმას ნიშნავს რომ მგზავრობის ღირებულების გადახდა მხოლოდ საბანკო და სამგზავრო ბარათებით იქნება შესაძლებელი.

    ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის” ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

    “იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს “საქართველოს ბანკი”მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს”, – განაცხადა აბესაძემ.

  • “ხალხის დიდ ნაწილს წარმოსახვის უნარი არ გააჩნია”- ნათია ფანჯიკიძე

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში  წერს, საკუთარ მოსაზრებით, თუ რა არის საქართველოს მთავარი უბედურება. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ უმრავლესობამ არ იცის, რა უნდა ინატროს, რომ უკეთესად იცხოვროს.

    გთავაზობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტს:

    „ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ისაა, რომ ხალხის დიდ ნაწილს წარმოსახვის უნარი არ გააჩნია. ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის სამყოფი კი არა, პირადად მისთვის მაინც სამყოფი რომ იყოს და უკეთესი პირობები, გარემოებები, წარმოისახოს, რომ შემდეგ სვლა-გეზად ექცეს. რა უნდა ინატროს, რა უნდა მოითხოვოს, არ იცის. რა აჯობებს მისთვისვე, ვერ ხვდება და ისღა დარჩენია გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი ბრაზი იყოს მისი ძირითადი სასიცოცხლო განცდა, სინამდვილეში რომ საკუთარი თავის მიმართ ბრაზია. უბედურება ის კი არაა, რომ ვიღაცას, თუნდაც ბევრს, როგორ გამოიბას ფრთები და გამოაბას ქვეყანასაც, წარმოსახვის უნარი აკლია, არამედ ის, რომ ვისაც წარმოსახვის უნარი აქვს, ენერგია აკლია. ამ ენერგიის მობილიზებას უშლის ხელს მუდმივად ეს კატეგორია, ძირითადად ძველი თაობა და სადაც დაინახავს ახალი თაობის ენერგიით დამუხტვის მცდელობას, იქ ჩნდება და განადგურებას ცდილობს. ხშირად ფიზიკურ განადგურებასაც. არადა, მხოლოდ ბავშვობიდან ცოტა ხნის წინ გამოსულ ხალხს შეუძლია ყველაზე მეტად სჯეროდეს “არარსებულისაც” კი და ამ რწმენით ყველაზე “გიჟური” იდეაც რეალობად აქციოს“.- წერს ის სოციალურ ქსელში.

  • პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

    გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

    როგორც პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

    მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

    გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

    ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

    აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით”, – განაცხადეს პროკურატურაში.

  • “შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? “-რას წერს გურიიდან დაბრუნებული ზურა შევარდნაძე

    გურიიდან თბილისში დაბრუნებული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში  წერს, რომ  საკუთარ მშობლიურ მხარეში მიწები დაუმუშავებელი დახვდა. ამის მზიეზი კი, როგორც შევარდნაძე წერს ის არის  რომ გურიიდან სამუშაოდ ყველა თურქეთშია.

    “გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული… აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბახჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე, ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად… ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.
    ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები როგორიც სულ მახსოვს.
    მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი…ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.
    არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არ ააქვს…
    გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი სულ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში “კორიზაის ველზე”, “მერეში” დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა.. რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა…
    შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია, თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.
    რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ? – არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა. ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი…”- წერს ზურა შევარდნაძე

  • “2008 წელს სააკაშვილს მთლიანად უმტყუნა მუხრუჭებმა”-ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს.

    ლავროვმა  „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ  დასავლეთის პოლიტიკაა, მოწყვიტონ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას.

    ლავროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო. 

    „ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთლიანად “უმტყუნა მუხრუჭებმა” და გაფრთხილებების მუხედავად, მან გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინ იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, ისინი წვრთნიდნენ ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს და სამხედროებს. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად იყო გაცემული, დანაშაულებრივია. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, სამშვიდობოებს, რომელთა შორის იყვნენ რუსი სამხედროები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.