Category: არქივი
-
თუ კოშაძეს არ გაათავისუფლებენ ივანიშვილს ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება-ოქრუაშვილი
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრის კობა კოშაძის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა და კონკრეტული ვადა მისცა.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თუ 19 აგვისტომდე კობა კოშაძე არ გათავისუფლდება, ივანიშვილს ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება.
„კობა კოშაძე მსახურობდა სამთავრებო დაცვის სპეციალურ სამსახურში. თავისდროზე ის პირად მცველად დამინიშნეს. სააკაშვილის დროს დააპატიმრეს თუმცა, მერე გაამართლეს. მის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის. მას იარაღი არ უტარებია. ეს მხოლოდ ჩემი დასჯის ღონისძიება იყო. ძალიან ბევრი სპეცრაზმელი მეგობარი მყავს. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სხვა რომ დაეჭირათ შეიძლება ასე არ ვყოფილიყავი. რამდენიმე წლის წლინ კოშაძეს შვილი გარდაეცვალა. 19 აგვისტოს ჩვენ, მეგობრები ვიკრიბებით მის საფლავზე. თუ ამ დრომდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ვპირდები, რომ ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე 17 ივლისს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
-
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება ასეთ საქმეზე აზრი გამოხატოს” – ზურაბიშვილი ხაზარაძის საქმეზე
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება ასეთ საქმეზე აზრი გამოხატოს” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძის საქმეს. თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს.
“ბრალდება წაეყენათ გუშინ თუ არ ვცდები. მე მესმის, რომ ოპოზიციური პარტიები, თუნდაც არასამთავრობოები თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე გათვიცნობიერებული ვარ იმ ინფორმაციებში რაც ჯერჯერობით არის და ამას ვაკვირდები. ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ ასეთ საქმეში ჩაერიოს და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა, სასამართლოა ჩართული , პრეზიდენტის მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება არის ჩარევა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
-
სოფელ ჯუთაში რუსი ტურისტი დაშავდა
მაშველებმა სოფელ ჯუთადან დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ, იყო დაშავებული ტურისტი, რომელიც მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები, რომლებსაც რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.
ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4 კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრამვა ჰქონდა მიღებული.
მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია და რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
ყაზბეგის მიმართულებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
-
ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენს – ფადი ასლი
„100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე,“ – ასე აფასებს „აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი, ფადი ასლი პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.
ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ TBC-ის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას, რადგან ოლიგარქი ცდილობს, აღნიშნული პროცესით ანაკლიის პროექტი ჩაძიროს და ასევე, მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური ოპონენტი, გაანეიტრალოს.
„ჩემი აზრით, 100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ რამეს მიაღწიოს, პირველი, ეს არის ანაკლიის პროექტის შეჩერება, რადგან ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. მეორე, ის ცდილობს, თავიდან მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტი მამუკა ხაზარაძის სახით, რადგან მას შეუძლია ხალხი შემოიკრიბოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს 2020 წლის არჩევნებში, ამით ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება ქვეყანას და ივანიშვილს, რადგან მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. ჩემი აზრით, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენსაც, რადგან ვეღარ გადარჩება. ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გაანადგურებს მასაც და პარტიასაც. ივანიშვილმა ამით ხარაკირი ჩაიტარა,“ – ამბობს ფადი ასლი.
გარდა ამისა, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას, ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერის ჩათვლით საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს.
„მინისტრები და პრემიერი ატყუებენ ყველას, ინვესტორებს, საერთაშორისო გაერთიანებას, შეერთებული შტატების მთავრობას, ისინი ასრულებენ რუსეთის ბრძანებას, რომ პორტის პროექტი ჩაძირონ, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ქვეყანას სტაბილურობის ფასად დაუჯდეს. საქართველოსთვის ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
-
ჟურნალისტების ბუნტი ტვ იმედში. ხელისუფლების ზღვარგადასულმა კონტროლმა საინფორმაციო სამსახურში პროტესტი გამოიწვია
ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურში ვითარება დაიძაბა. წელიწადზე მეტია ამ ტელეკომპანიას მთლიანად აკონტროლებენ ლაშა ნაცვლიშვილი და ნიკა ლალიაშვილი. ისინი არიან სახელისუფლო მესიჯების და საინფორმაციო პოლიტიკის ამ ტელეკომპანიაში განხორციელების გარანტორები. ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით თოქშოუ “პირისპირ“ და მისი წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე არიან. ეს გადაცემა და ეს წამყვანი მთლიანად და ექსკლუზიურად სამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკას გამოხატავს. იმ პერიოდებში კი, როცა ხელისუფლებას კრიზისი აქვს რესურსის სრული მობილიზაცია ხდება და ყველა სიუჟეტი თუ გადაცემა სამთავრობო მესიჯებით იტვირთება.ორ დღის წინ საინფორმაციო სამსახურის ერთ–ერთ ჟურნალისტს დაევალა სიუჟეტის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები. დავალების მიხედვით სიუჟეტში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ხაზგასმული, რომ ქვეყანაში ტურიზმის შემცირების და ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სწორედ სამოქალაქო პროტესტია.ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა, თუმცა ის ნიკა ლალიაშვილს საკმარისად მწვავედ არ მოეჩვენა და მისი კიდევ უფრო გამწვავება მოითხოვა, რაზეც ჟურნალისტმა უარი თქვა. ამის გამო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ ამიერიდან აბსოლუტურად ყველა ტექსტი ნიკა ლალიაშვილის ხელში გაივლიდა და ეთერში მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდებოდა. ამას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. მათ გადაწყვიტეს განცხადება გაევრცელებინათ და პროტესტი ღიად გამოეხატათ. იმედის ჟურნალისტების განცხადების ტექსტი უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ხელში მოხვდა, რომელმაც განგაში ატეხა და მმართველ გუნდს უთხრა, რომ რუსთავი2–ში მიმდინარე მოვლენების ფონზე იმედის ჟურნალისტების პროტესტი ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. ამის შემდეგ იმედის ხელმძღვანელობამ სიტუაციის განმუხტვა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები სცადა.როგორც ცნობილია, იმედზე უკვე რამდენიმე კვირაა საინფორმაციო სამსაურის უფროსის პოსტი ვაკანტურია. ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ ამ პოსტზე კადრი გარედან არ მოეყვანათ და საინფორმაციო სამსახურის უფროსად იმედის თანამშრომელი დაენიშნათ. ეს მოთხოვნა იმედის ხელმძღვანელობამ იმით დააკმაყოფილა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. ჟურნალისტების ნაწილისთვის მისი კანდიდატურა მიუღებელია, რადგან თვლიან, რომ ეს იგივეა, რაც ნიკა ლალიაშვილის მიერ საინფორმაციო სამსახურის სრული კონტროლი. დღეს იმედზე შიდა სიტუაციის განსამუხტად თათბირები იმართება. როგორ დასრულდება დაპირისპირება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხის შიგნით, ჯერჯერობით უცნობია. -
“გურჯაანი და თელავი შევარიგეთ” – სალომე ზურაბიშვილი
“გურჯაანი და თელავი შევარიგეთ”- ამ სათაურით საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გურჯაანის და თელავის მერებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს კახეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის ნუშისა და ლავანდების პლანტაციებს ესტურმა.
-
შსს-მ განმარტა, რატომ იყო მკვლელობის ადგილას სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი
შსს-მ განმარტა, რატომ იყო დღეს გურამიშვილის გამზირზე მკვლელობის ადგილას სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მიერ ცხედრების გადასვენება მოხდა, რა დროსაც სისხლის დაღვრა მოხდა.
„სამართალდამცველების მიერ, ცხედრების გამოსვენების დროს, მოხდა სისხლის ჩამოღვრა, რის გამოც კვალი რჩება გარკვეულ ადგილზე”-განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამე გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დღეს კი საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი შეინიშნებოდა.
-
თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.
-
„ჩერნობილის“ რუსული ვერსიის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)
HBO-ს პოპულარული სერიალი „ჩერნობილი”- ის რუსული ვარიანტის თრეილერი გამოქვეყნდა. HBO-ს სერიალმა აქამდე არსებული რეიტინგების რეკორდი მოხსნა, მიუღებელი აღმჩნდა რუსეთისთვის. ოფიციალური პირების მიერ გაკეთდა არაერთი კრიტიკული განცხადება, მათ ფილმის შემქმნელები ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსი კინემატოგრაფისტები სერიალის რუსულ ვერსიას გადაიღებდნენ.
უკვე დღეს რეჟისორმა ალექსეი მურადოვმა და სცენარისტმა ვალენტინ სპირიდონოვმა სერიალის რუსული ვერსია შემოიგვთავაზეს. „ჩვენი პასუხი HBO-ს“-ამ სათაურით განთავდსა სერიალის თრეილერი ინტერნეტში.
ვიდეორგოლიდში 1986 წელს მომხდარი ტრაგედია სულ სხვა კუთხითაა გადმოცემული. სიუჟეტიდან ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს დაგვანახოს, როგორი დროული იყო საბჭოთა მთავრობის რეაქცია აფეთქებაზე, რამდენად დროული იყო იმდროინდელი ხელისუფლების რეაგირება მოსახლეობის ევაკუაციაზე და როგორ აქრობდნენ ხანძარს რეაქტორზე მხოლოდ მოხალისეები. სერიალში მთავრ როლებს რუსული კინოს ვარსკვლავები, იგორ პეტრენკო და ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებენ.