Category: არქივი

  • პოლიციამ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.შ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, ე.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

  • პრემიერი ბახტაძე ლარის გაუფასურებას ოპოზიციას და 20 ივნისის მოვლენებს აბრალებს

    პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებას და  რუსული ტურისტული ემბარგოთი გამოწვეულ მდგომარეობას, 20 ივნისსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

    „ამ ავანტიურისტებმა შეეცადეს, რომ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ, „რას ეფუძნება მდგრადი განვითარება ეკონომიკის?“ ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს და პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეს ეკონომიკას ეხმარება, თუ პირიქით აფერხებს? აი, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ზოგადად ამ კითხვას სვამენ,“- განაცხადა ბახტაძემ.

  • აშშ-ს ელჩი მყინვარწვერზე ადის- რას სთხოვს ელიზაბეთ რუდი ქართველებს

    ამ წუთებში აშშ-ს ელჩი საქართველოში მყინვარწვერზე ადის.ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს ამერიკის საელჩო ავრცელებს. ელიზაბეთ რუდი ქართველებს რჩევებს სთხოვს, რა მოინახულოს ყაზბეგში.

    “ამ წუთებში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში”-წერია ინფორმაციაში, რომელიც ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

  • “არანაირი კითხვის ნიშნები,დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება”- ბახტაძე აშშ-ს განცხადებაზე

    არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება – ეს განცხადება  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

    “სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ეს ასეც იქნება, გამჭვირვალე პროცესის სასამართლოსი და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება,”-აცხადებს ბახტაძე. 

    შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს საელჩომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. 

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

  • ნატოს ტექნიკა საქართველოშია-მასშტაბური სამხედრო წვრთნები ხვალიდან დაიწყება

    ნატოს ტექნიკა უკვე საქართველოშია. ფოთის პორტში ხომალდიდან ჩამოტვირთული ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე  ქართული სამხედრო ბაზებისკენ მიემართება.

    ხვალიდან მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2019 დაიწყება და სწავლება 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

    წვრთნები ოფიციალურად სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაიწყება და ორფოლოსა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონებზე გაგრძელდება.

    მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 სახელმწიფოს 3000-მდე ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

    წვრთნებში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    “მტკიცე სულის” წვრთნები საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება.

    წლევანდელი სწავლების მთავარი მიზანი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა, ასევე ურთიერთთავსებადობის ამაღლება ალიანსისა და პარტნიორების ქვედანაყოფებს შორის. ისევე, როგორც შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. “ძალა პარტნიორობაშია” – ასეთია წვრთნების ოფიციალური გზავნილი.

    მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში. მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით იმართება,

  • ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

    გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა.

    „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი და “ღამის კურიერის” წამყვანი  2001 წლის 26 ივლისს საკუთარ  სახლში მოკლული იპოვეს.

    მას გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. სანაიას მკვლელობისთვის გრიგოლ ხურცილავა გაასამართლეს.

    სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა.

    გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების  არასდროს სჯეროდა და სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.

  • ირაკლი ოქრუაშვილის ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

    პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

    ბრალის წარდგენის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნება, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

    შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი გუშინ დააკავეს, მას ბრალად 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოქრუაშვილს 6 -დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • გადაწყვეტილება მიღებულია, გავაკეთებ ამ ქვეყნის მთავარ ტელევიზიას – გვარამია

    “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის შექმნას აანონსებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    “მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

    ბევრ ფიქრს მოყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან.

    გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

    ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა – მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი – ჩემი გუნდი.

    ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ.

    ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. ახლა, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ საკუთარ თავს.

    თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის 🙂 ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი,

    ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს;

    ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე;

    ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს;

    ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ;

    ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ;

    ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე;

    ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია;

    ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა;

    ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს

    ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

    საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ 🙂

    წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება!”-წერს ნიკა გვარამია.

  • „აი, ვისია „რუსთავი 2“ – დაკავების წინ ჩაწერილი ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილთან

    ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო ინტერვიუ დაკავებამდე რუსთავი2–ში, ვანო ჯავახიშვილთან შედგა. „აი, ვისია „რუსთავი 2“ – ეს ფრაზა ოქრუაშვილმა ვანოს შოუს ჩაწერისას წარმოთქვა და მკერდზე რუსთავი2–ის ლოგო დაიმაგრა. “ვანოს შოუს“ ფრაგმენტი არხმა გაავრცელა. სრული გადაცემა ეთერში პარასკევს საღამოს გავა.

    გადაცემის ჩაწერის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი  სამართალდამცველებმა დიღომში, ქუჩაში აიყვანეს. 

    შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

    ოქრუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.