Category: არქივი

  • ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას – ოქრუაშვილის წერილი ციხიდან

    პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. მისი გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა.

    „ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი გუშინ დააკავეს, მას ბრალად 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოქრუაშვილს 6 -დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა ცარიელი ჯამები და ბანერი მიიტანეს

    აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან – ორგანიზაცია “ერთად სახლშის” წევრები ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს აპროტესტებენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებმა, სიმბოლურად, ცარიელი ჯამები და ბანერები მიიტანეს.

    ორგანიზაცია “ერთად სახლშის” წევრი, ელენე კოკაია ამბობს, რომ 100-დოლარიან კუპიურაზე ბიძინა ივანიშვილი გამოსახეს და ამით გააპროტესტეს ის, რომ სწორედ „ოცნების“ ლიდერი აწესებს ქვეყანაში რეგულაციებს.

    „გვაქვს 100-დოლარიან კუპიურაზე გამოხატული სვავი ეწ. ბიძინა ივანიშვილი და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ რეალურად საქართველოში რატომღაც მისი რეგულაციების ქვეშ არის მოქცეული, დოლარიც ბიძინაა, ლარიც ბიძინაა. რეალურად და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, აისახება ხალხზე. ამიტომაც, რეალურად, ჩვენი პერფორმანსის მიზანი იყო ის, რომ ამ ხელისუფლებისთვის შეგვქმნა დისკომფორტი და გვეჩვენებინა ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ შეარჩენენ იმას, რასაც ისინი ახლა აკეთებენ,“ – ამბობს ელენე კოკაია.

    ორგანიზაცია “ერთად სახლშის” ხელმძღვანელის, სალომე ჭელიძის თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს.

    „საქართველოში 7 წელია, არის უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, დღეს უკვე დოლარის კურსი გავიდა რაღაც ასტრალში, ადამიანებს შია და ყველა ადამიანის ჯიბეს ეხება უკვე ეს ამბავი. ანუ ბიძინა ივანიშვილი, ერთპიროვნული მმართველი, ოლიგარქი ხვდება, რომ დამთავრებულია მისი ამბავი საქართველოში და უკვე ყველაფერს შვრება, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს ქართველების და საქართველოს ხარჯზე,“ – განაცხადა სალომე ჭელიძემ.

  • მთელი რუსთავი2 ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ის ბოლო წუთამდე იბრძოლებდა – თამარ ბაღაშვილი გიორგი სანაიას იხსენებს

    “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში  გიორგი სანაიას იხსენებს. დღეს, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

    “ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო, ჩემი თაობის ჟურნალისტებში, საუკეთესო ადამიანი და ერთი შეხედვით პატარა ბიჭი, რიმელიც უდიდეს ძალას, გონიერებას და სიკეთეს ასხივბდა. არც ერთ გადაცემას არ ვტოვებდი და ყველა სიტყვას ვუსმენდი, როგორ დასვამდა შეკითხვას, როგორ მოიქცეოდა და როგორ გაუმკლავდებოდა რესპოდენტებს, რიმლებიც მაშინაც, მწვავე კითხვებზე ძალიან ბრაზდებოდნენ)) 18 წლის წინ, რუსთავი2- ის ეკრანზე შავი ფონი და ის საშინელი სიტყვები გამოჩნდა – გიორგი სანაია მოკლეს! ამ დღემ მთელი ეპოქა შეცვალა, იმიტომ, რომ ის ნამდვილად იყო ეპოქის ჟურნალისტი. 26 ივლისი არა მხოლოდ რუსთავი2 ის, მთლიანად ჟურნალისტიკის და საქართველოსთვის უმძიმესი დღეა ( ახლა, როცა ჩვენ, მთელი რუსთავი2 ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ხშირად ვფიქრობ, რომ ის ზუსტად ასე, ბოლო წუთამდე იბრძოლებდა, არასოდეს გაიყიდებოდა და არასოდეს დანებდებოდა, ამიტომ ჩვენ, გიორგის და მისი მომდევნო თაობის ჟურნალისტებსაც, სხვანაირად მოქცევის უფლება უბრალოდ არ გვაქვს. მადლობა, რომ დაგვიტოვე საუკეთესო მაგალითი, როგორები უნდა ვიყოთ”- წერს თამარ ბაღაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    თბილისის დროით 18:50 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას  ილიას უნივერსიტეტის  სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

    ეპიცენტრი ამბროლაურთან, სოფელ სვავასთან იყო.

    მიმდინარე თვეში ეს უკვე  მესამე მიწისძვრაა რაჭის რეგიონში.

  • 20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

    20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს.

    საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

  • ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარიანი გირაო შეეფარდათ

    მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    პროკურატურა თითოზე  მილიონ ლარს ითხოვდა.

    სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუმადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.

    ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

  • ომბუდსმენი პაატა სალიას და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს შეხვდა

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავი 2-ის თანამშრომლებსა და პაატა სალიას შეხვდა. 

    ლომჯარიას განცხადებით,  მედია ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცდება შექმნან ისეთი მექანიზმი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება.

    “მიუხედავად იმისა, რომ არხის მესაკუთრემ უარყო ის ვერსია, ის ფორმატი, რაც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს, მაინც განეხილათ ალტერნატივა ან რაღაცა ფორმატი, რომელიც დაიცავდა, ერთი მხრივ, ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც ბრალდებებისგან, რომ ისინი ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

    ვაპირებ, ამ მიმართულებით გავაგრძელო მეც მუშაობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ექსპერტებისა თუ ჟურნალისტების ჩართულობით, რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    პაატა სალიას განცხადებით კი, ის მზად არის, ისაუბროს კონკრეტულ ბერკეტებსა და გარანტიებზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც მას არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს.

    “მე ყველანაირ ბერკეტზე შემიძლია ვისაუბრო იმ რეჟიმში, რომ ეს იქნება კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტური. ამ ეტაპამდე არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია, დამეთანხმება არხის ყველა ჟურნალისტი. რაც შეეხება ეფექტურ საშუალებებს იმისთვის, რომ მოხდეს არხის ეფექტურად მუშაობას, ვგულისხმობ, თუნდაც დამოუკიდებლობას ჟურნალისტების ყველაფრის განხილვა შეიძლება. ბორდი იქნება ეს თუ რა იქნება განსაზღვრული არ არის” – განაცხადა პაატა სალიამ.

  • რუსი ტუროპერატორები საქართველოს მთავრობას სუბსიდიაზე უარს ეუბნებიან

    რუსი ტუროპერატორები არ აპირებენ მომხმარებელს შესთავაზონ საგზურები საქარველოში, რომლებიც ერევნის გავლით საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ტრანზიტული ავიამიმოსვლის საფუძველზე იქნება ფორმირებული. ამის შესახებ სააგენტო Риа Новости–ს რუსეთის ტუროპერატორების კავშირის პრემდივანმა განუცხადა. ირინა ტურინა მიზეზად იმას ასახელებს, რომ არსებობს რეკომენდაციები საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვისგან თავის შეკავების შესახებ. 

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის 600 000 ევრო გამოყოს რუსეთიდან თბილისსა და ბათუმში ერევნის გავლით ტრანზიტული ფრენების სუბსიდირებისთვის. საქართველოს მთავრობა მზად არის თითოეულ მგზავრს ბილეთის ღირებულებიდან 90 ევრო დაუფაროს.თუმცა, შესაძლოა ეს ინიციატივა ჩავარდეს.

    “რუს ტუროპერატორებს მოგვეცა რეკომენდაცია არ გავყიდოთ ტურები საქართველოში. ეგვიპტესთან დაკავშირებული ისტორიიდან გვახსოვს, რომ როცა არ არსებობდა პირდაპირი ავიამიმოსვლა, ტურისტულ ბიზნესს არ აძლევდნენ უფლებას გაეყიდათ ტურები ამ ქვეყანაში მესამე ქვეყნების გავლით. თუმცა, სტამბულიდან ან ბელორუსიდან დამოუკიდებელი მოგზაურები უკვე უცხოურ ავიაკომპანიებს მიყავდათ, რომლებსაც აკრძალვა არ ეხებოდა.“ – განაცხადა ტურინამ.

    მისი თქმით, ასეთი ვარიანტი შესაძლოა დამოუკიდებელ მოგზაურებს გამოადგეთ, რომლებიც საქართველოში ერევნის გავლით ჩასვლას გადაწყვეტენ. თუმცა, სანამ აკრძალვები მოქმედებს, რუსი ტუროპერატორები ასეთ შეთავაზებებს არ გაყიდიან.

  • მაია ასათიანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

    მაია ასათიანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც აღმოჩნდა ინსტაგრამის გვერდზე ტელეწამყვანის სახელით  “ფეიქ” გვერდი გამოჩნდა. ასათიანი მოუწოდებს ინსტაგრამის მომხმარებლებს  დაარეპორტონ გვერდი, იმისთვის რომ დროულად გაუქმდეს.

    “დამეხმარეთ ამ გვერდის გაუქმებაში, ძალიან გთხოვთ. რეერეპორტეთ, ჩემი სახელით სარგებლობს!”-წერს ასათიანი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

  • მგზავრმა შეყვარებულს თავში ლეპტოპი ჩაარტყა-კადრები “ამერიკული ავიახაზების” თვითმფრინავიდან

    “ამერიკული ავიახაზების” მგზავრები აფრენის წინ უცნაური ინციდენტის მომსწრეები გახდნენ.

    ერთ-ერთმა მგზავრმა თავის შეყვარებულს თავში ლეპტოპი ჩაარტყა. აღმოჩნდა რომ ქალის გაბრაზების მიზეზი ის გახდა, რომ მამაკაცმა სხვა ქალს გახედა.

    გაბრაზებული ქალის დაწყნარება და სიტუაციის განმუხტვა ბორტგამცილებლებმა სცადეს. მამაკაცის გარდა ინციდენტის დროს ერთ-ერთი სტიუარდესა დაშავდა, მას თავის არეში სავარაუდოდ, ქალის ნასროლი  ნივთი  მოხვდა.

    ინციდენტის ამოწურვის შემდეგ თვითმფრინავი ლოს ანჟელესიდან მაიამიში გაემგზავრა.