Category: არქივი

  • ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატს სასამართლო განჩინებას არ აძლევს,გასაჩივრების ვადა კი იწურება

    მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ სასამართლო დაცვის მხარეს არ ალევს სასამართლოსო დასაბუთებულ განჩინებას, რათა მათ გასაჩივრება დროულად, ვადებში მოასწრონ. კორძაძის თქმით ამით უკვე დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 6–ე მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება:

    “2019 წლის 26 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაახლოებით 19 სთ-ზე.

    სსსკ 207-მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში.

    ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:

    ,,საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე”

    27 ივლისს, მთელი დღეა დაცვის მხარე ცდილობს დასაბუთებული განჩინების მიღებას. 21სთ-ზე სასამართლოდან განგვიმარტეს, რომ განჩინება მზად არ არის და მისი მიღება მხოლოდ 28 ივლისს, დილით შეგვეძლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება რამდენიმე საათი დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად.

    არის სამი ვარიანტი:

    1.სასამართლოს ფორმალობად მიაჩნია ბრალდებულების გასაჩივრების უფლება, იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება.

    2.ვერ ასაბუთებს განჩინებას.

    3.შეგნებულად ხდება ბრალდებულების და დაცვის მხარის ჩაყენება ცაიტნოტის მდგომარეობაში.

    მიზეზის მიუხედავად აღნიშნული, წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას. კერძოდ

    მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

    3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

    ბ)ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.“– ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

  • “ბიჭს თავი აქვს გადახსნილი” – გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გლდანის ციხეში შემოაკვდათ

    “ბავშვს თავი აქვს გადახსნილი” – გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გლდანის ციხეში შემოაკვდათ. გასულ კვირას ოჯახს, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულის გათავისუფლებას დღევანდელ პროცესზე ელოდა, დაურეკეს და უთხრეს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი 37 წლის გოგიტა ჯავახიშვილი გარდაცვლილია და ის უნდა გადაასვენონ.

    ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პატიმრის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა, ოფიციალურ ვერსიას არ ენდობდა ოჯახი. ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარი ბადრაგს ცემის დროს შემოაკვდა.

    “თავზე რომ სისხლი გამოსდის, ეგ კი დავინახე, გაჟღენთილიც არის ტახტი,” – ამბობს გარდაცვლილის დედა.

    ჯავახიშვილების ოჯახი 25 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტს მოსამართლე იძულებით მკურნალობის მოტივით გლდანის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გადაიყვანდა. პროცესამდე ერთი დღით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ გოგიტა ჯავახიშვილი ცოცხალი აღარ იყო.

    “მთლიანად არის გადახსნილი ბავშვი, თავი აქვს გადახსნილი, ბეჭებზე დალურჯებული აქვს”, – ამბობს ნათესავი.

    საქმეში რამდენიმე საეჭვო გარემოებაა. ჭირისუფლები “კურიერთან” ყვებიან, რომ ცხედრის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს ძალადობის ნიშნები თავისა და ზურგის არეში. მათივე მტკიცებით, სხეულზე არსებული გვამური ლაქები მეტყველებდა იმაზე, რომ გოგიტა ჯავახიშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს გვიან შეატყობინეს.

    “ვერსიები ბევრია, შეიძლება სცემეს, წინა დღით გარდაცვლილა, გავიგეთ, ყველაფერი არის და არსებობს. მეორე დღეს გვეუბნებიან, დღეს დილით გარდაიცვალაო, ეგ რაღა მოსატყუარია, როცა გარდაიცვალა, მაშინვე ეთქვათ. თითები გაშავებული, ფრჩხილები, გაუბედურებულია,” – ამბობს ნათესავი.

    ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი პოლიციამ მაისში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დააკავა. მას შემდეგ დაკავებული აღარავის უნახავს. აღკვეთი ღონისძიებაც დაუსწრებლად შეეფარდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ჯერ სხვა პატიმრებთან ერთად ჰყავდათ, კონფლიქტის გამო კი სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

    განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული 6 თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა და ხორციელდებოდა მეთვალყურეობა, თუმცა დილით საკანში შესული მეთვალყურეებს ჯავახიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

    დაზარალებული ოჯახის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. 37 წლის მამაკაცს ხვალ დაკრძალავენ.

  • ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

    მანამდე კი, პროცესი მოსამართლე მაკა გველესიანმა პროცესი დახურა. მაშინ, როცა ოქრუაშვილს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და ეთქვა, რას უკავშირებს მის პატიმრობას.

    სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩატარდება.

    ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, მასთან ერთად პატიმრობა შეეფარდათ მასთან ერთად დაკავებულებსაც. 

    მოსამართლე მაკა გველესიანი 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

    “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავეს.

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

  • ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

    საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაიხურა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, გავრილოვის ღამიდან ერთი თვის და 5 დღის შემდეგ დააკავეს.

    ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი არ ეთანხმება ბრალდების შუამდგომლობას, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

    ადვოკატის განცხადებით, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, მაშინ დაცვის მხარე სასამართლოს 10 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებს.

  • საქართველოში მყარდება პუტინის საოკუპაციო რეპრესიული დიქტატურა – ნათელაშვილი

    საქართველოში მკაფიოდ მყარდება პუტინის საოკუპაციო რეპრესიული დიქტატურა – შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნას რუსულ გავლენებს უკავშირებს და გამოსავალს ქუჩის მასშტაბურ პროტესტში ხედავს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ ბრძოლაში ყველა ოპოზიციური  პარტია ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს და ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად აქტიური მუშაობა დაიწყოს.

    „პირდაპირ მოსკოვი ადგენს სიებს იმ პოლიტიკური ლიდერებისა, ვინც უნდა დაექვემდებაროს დევნას. ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით. ამასობაში, ჩამოიშალა ეროვნული ვალუტა, საფინანსო სისტემა, ეკონომიკა, გრძელდება საზოგადოების დაპირისპირება და ქართული ტერიტორიების ყველა მხრივ დაუსჯელად გაცემა. გადამწვეტია, რომ ოპოზიციური სპექტრი იყოს ერთსულოვანი იმ მიზნის შესრულებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული დეოლიგარქიზაცია, დეპუტინიზაცია და დეოკუპაცია,“- განაცხადა ნათელაშვილმა.
  • ფშაველი–ომალოს უღელტეხილზე ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო

    საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ფშაველი–აბანო–ომალოს უღელტეხილზე მომხდარ საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

    ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.“–ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.

  • თუშეთში მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

    თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “კამაზის” ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმემ გადმოსვლა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.

    მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

    შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები ჩადიან.

  • “ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“–რუსთავი2–ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

    სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ. ისინი “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ბრძოლა გრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართლიანობის აღსადგენად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ.

    “მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ “რუსთავი 2-ელს”. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

    არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით – გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

    გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ “რუსთავი 2-ელს” – საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.

    მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.

    ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ “შემძენს”, თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.

    ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • თუ არ გაათავისუფლებენ ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული – მაჩალიკაშვილი ძმიშვილის დაკავებაზე

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მისი ძმიშვილის დაკავებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

    როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და თუ მორის არ გაათავისუფლებენ, ამ ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება.

    “ჰუსეინი, თემირლანის მკვლელობის შემდეგ, ისე მყავს, როგორც თემირლანი. ჰუსეინი მხეცურად მოკლული თემირლანის დების იგივე ძმა არის. რაშიც დღეს მას ადანაშულებენ, სახელწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    თუ  რა ინფორმაცია აქვს შსს-ს იმ მტკიცებულებაზე, სადაც სავარაუდოდ, ფიგურირებს მისი ძმის შვილი, რომელიც პარლამენტთან წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელებს, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

    “მე ეს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რასთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები, რომ საქართველოს მტრის, გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. ჰუსეინი იმ აქციის ორგანიზების გამო არ მოსულა, ის 11 თვის განმავლობაში იმის მოლოდინით დგას, როდის აღიარებს ეს სახელმწიფო თავის დანაშაულს. მე ასეთი კადრები არ მინახავს, რომ ის მათ წინაღმდეგობას უწევდეს, მაგრამ ასე რომც იყოს, ჰუსეინი ამ ხელისუფლებამ მიიყვანა იმ დონემდე, ასე რომ მოქცეულიყო თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ და ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოქალაქეებს მობილურები მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

    სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმა გ.მ-მ ელექტრონული მუიკის ფესტივალზე დამსწრეებს მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები მოპარა.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ გ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა.სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ 7 მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული „Iphone XR“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ქურდობის ფაქტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.