Category: არქივი

  • “შენ­მა დიდ­მა ძმამ ვერ და­გიც­ვა” – გურამიშვილზე მოკლული ბიჭის ძმის ემოციური პოსტი

    „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მო­ნა­წი­ლე თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე გურამიშვილის გამზირზე მოკლული 21 წლის შაკო ტყემალაძის  უფროსი ძმა არის. ძმის  დაღუპვის შესახებ მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.

    “ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო , ჩემო პატარა ძმაო , გთხოვ მაპატიო ყველაფერი , არ მინდა ტირილი , რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და ამავედროს სასცილო იყო, გთხოვ მაპატიო ეს ყვეაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა , ეს სინანული კი შენთან შეხვედრანდე გამყვება იმედი მაქვს შევხვდებით კიდევ, მანამდე კი მინდა გითხრა მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით”-წერს თორნიკე ტყემალაძე.

    შეგახსენებთ, 24 ივლისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ  საცხოვრებელი ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აღენიშნებოდათ. მომხდარი მკვლელობის მიზეზი და სხვა გარემოებები ამ ეტაპზე ისევ უცნობია.

  • ქიბარ ხალვაშსა და “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ, დღეს შედგება

    „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი  ქიბარ ხალვაში  ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესსავარაუდოდ,  დღეს შეხვდება.  

    შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, შეხვედრა დღეისთვის გადაიდო.

    შეხვედრის ზუსტი  დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

  • თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

    თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის  გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.

    თურქმენეთის მედიის ინფორმაციით, პოლიციამ  სამი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებმაც  ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით ჭორები გაავრცელეს. 

    პრეზიდენტის  დაღუპვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაევალა გაექარწყლებინა ჭორები. უწყებამ სპეციალური ვიდეორგოლიც შექმნა, სადაც კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები   მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დაიჯერონ „სამშობლოს მოღალატეების“ მიერ გავრცელებული ჭორები.

    თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია   პირველად 20 ივლისს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს.

  • “ხელისუფლების მოსაწონი ოპოზიციური მედია მკვდარი მედიაა, რადგან მკვდრები არ იკბინებიან…”–დავით დვალი

    რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი რუსთავი2–ის ახალ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის წინ პესიმისტურ განწყობაზეა. მისი და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან სამი დღის წინ უნდა შემდგარიყო, თუმცა დღეისთვის გადაიდო. შეხვედრა არც დღეს შედგა და ამჯერად ხვალისთვის გადაიდო.

    ქიბარ ხალვაში რუსთავი2–ის მფლობელობისთვის დაწყებული სასამართლო დავის პირველ ეტაპზე აცხადებდა, რომ თუ რუსთავი2–ს დაიბრუნებდა, მის 50%–ს კომპანიის ყოფილ დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს რუსთავი2 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა, ის წილის გაყოფას აღარ ჩქარობს.

    დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. 

    დავით დვალმა ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის წინ ფეისბუქზე პესიმისტური სტატუსი დაწერა:

    “უცანაურად მაგონებს 2004 წელს ის რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში ხდება. ივნისს, როდესაც ტელევიზიას სამრთლებლივად გამოუტანეს განაჩენი და ამას არავინ იმჩნევდა.

    კარგი, მაშინ სოცქსელები არ არსებობდა, ინფორმაციამ არ გაჟონა (cough), ახლა?

    ახლა ხომ ნამდვილად ვიცით რომ, ავტორს დავესესხები და “ძველ, ნამდვილ „რუსთავი 2“-ს მიწის ზემოთ არ დატოვებენ… ხელისუფლების მოსაწონი ოპოზიციური მედია მკვდარი მედიაა, რადგან მკვდრები არ იკბინებიან…”

    რა ბორდები, კონტრაქტები, გარანტიები?

    ბოდიში პესიმიზმისთვის”იმ” შეხვედრის წინ, რომელიც ხვალისთვის გადაიდო..“ – წერს დვალი

  • პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტი ყვავილების გვირგვინით შეამკეს

    პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია “სირცხვილია 40:0” განახლდა. პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეებმა  გიორგი გახარიას ბიუსტი სიმბოლურად  ყვავილების გვირგვინით შეამკეს. 

    აქციის მომაწილეების მოთხოვნა უცვლელია და ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციამ  ფორმატი შეიცვალა და  live stream გადაცემები დაემატა. დღევანდელი სტუმრები ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი და ფილოლოგი სიმონ ჯანაშია არიან. 

  • თუშეთში დაკარგული ახალგაზრდა სავარაუდოდ მდინარის დინებამ წაიღო

    თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად სამუშაოებში მყვინთავებიც არიან ჩართულნი რადგან ვარაუდობენ რომ ახალგაზრდა მდინარე სტორის დინებამ წაიღო.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

    “ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე.

    დათვალიერების შედეგად , კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნაპოვნი.

    პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.

    ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.”- ნათქვამია განცხადებაში 

  • “კერპები წარმოაჩენენ სიძვას, მრუშობას და უამრავ მანკიერებას”-ლენტეხში დალის ქანდაკების დადგმა მეუფის პროტესტის გამო გადაიფიქრეს

    ლენტეხის ცენტრში ნადირობის ქალღმერთის, დალის ქანდაკება შესაძლოა აღარ დაიდგას. შადრევანზე ქანდაკების დადგმას ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტი, სტეფანე ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

    ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქანდაკების აღმართვა შადრევანზე გადაწყვიტა, რომლის რეაბილიტაციისთვის 185 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, შადრევანზე ორ ჯიხვთან ერთად დალის ქანდაკება უნდა დადგან.

    ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულებაც გაფორმებულია, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მეუფის წინააღმდეგობის გამო პროექტის ავტორებს ესკიზის შეცვლა მოუწევთ.

    მეუფეს მიაჩნია, რომ დალის პერსონაჟი კერპია და მისი აღმართვა ცოდვაა. 

    „ადამიანმა ისწავლა, როგორ გადააბიჯოს სინდისს და გონების ბოროტად გამოყენებით ატყუებს თავის თავს ცრუ ღმერთებით და მათთან დაკავშირებული ზღაპრების ანუ მითების გამოგონებით. მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და ამავე დროს მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას. დალი, ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგონობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის ფორმით. იგი, მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, – აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.

    „სამუშაოები რომ დაიწყო, მრევლი მოვიდა აღშფოთებული და მითხრეს ეს ამბავი. მე ვაფრთხილებ ყველა ქრისტიანს, რომ ეს არის კერპი, მაქცია და მისი დადგმა არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენ გამოვიგონოთ ღმერთი. კერპები წარმოაჩენენ სიძვას, მრუშობას და უამრავ მანკიერებას, ამიტომ, ვინც გულგრილად შეხედავს ამ საკითხს, უნდა იცოდეს, რომ ესეც ცოდვაა. თუ ჯერ კიდევ არის ვინმე ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომელიც ასე არ ფიქრობს, დროა მოინანიოს“, – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.

    ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეუფის პოზიცია უკვე იციან და ამბობენ, რომ ესკიზში კორექტირება მოხდება.

  • ვისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი

    სამართალდამცველები ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში – ყველა მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სამართალდამცველი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2”-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა,ყველა ის პირი, ვისი ჩვენებითაც ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მოქმედი პოლიციელი და სპეცრაზმელია.

    ჩვენებები ოქრუქშვულის წინააღმდეგ, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან “შაბათის კურიერის” სკანდალური ინტევრიუს შემდეგაა მოპოვებული, რომელიც ეთერში 20 ივლისს გავიდა.

    20 ივლისს რუსთავი2-ის ეთერში გადაცემა “შაბათის კურიერში” ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ  “რუსთავი 2” მას ეკუთვნის და მან სამართელბრივი ბრძოლა დაანონსა. 

    როგორც რუსთავი2  აცხადებს სამართალდამცველებმა მოწმეები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთთვიანი დაგვიანებით, 23 და 24 ივლისს დაკითხეს.

    „განაწილებული ვიყავი ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიცავდი საზოგადოებრივ წესრიგს 22:00 საათიდან 23:00 საათამდე შუალედში. ჭიჭინაძის ქუჩაზე მოვიდა ადამიანთა ჯგუფი, დაახლოებით 30 კაცამდე, მათ ხელმძღვანელობდა ირაკლი ოქრუაშვილი, მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს, ძალის გამოყენებით შესულიყვნენ პარლამენტში. ოქრუაშვილი იდგა ჩემგან დაახლოებით ერთ მეტრში და მე მისი ხმა კარგად მესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა მის თანმხლებ პირებს ჩვენი კორდონის გარღვევას და ძალისმიერი მეთოდით პარლამენტში შესვლას. ოქრუაშვილთან ერთად მყოფი პირები ემორჩილებოდნენ მის მოწოდებას და ისინი ოქრუაშვილის თაოსნობით ცდილობდნენ ჩვენს კორდონის გარღვევას.

    “ეს ვითარება გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, მთელი ამ დროის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი იდგა ამ ჯგუფის სათავეში და ისევ მოუწოდებდა ამ ადამიანებს, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა ჩვენ შევძელით კორდონის შენარჩუნება ამის შემდეგ ოქრუაშვილი მის თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა რუსთაველის გამზირისკენ,“-ამბობს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენებაში.

    „მე პირადად ვიდექი პარლამენტის შენობის წინ. ცოცხალი ჯაჭვის უკანა რიგებში. რა დროსაც დავინახე ირაკლი ოქრუაშვილი, ის ჩემგან დაახლოებით ერთ, ან ორ მეტრში იდგა და სხვადასხვა დემონსტრანტებთან ერთად ცდილობდა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას,“-ამბობს დაკითხვის ოქმში კიდევ ერთი სამართალდამცველი.

  • ბათუმში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა

    კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში.  აღმაშენებლის ქუჩაზე ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა. დაშავებული 3 წლის გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, კვლევები კი ამ დრომდე გრძელდება.

    მეზობლები ყვებიან, რომ ლიფტი ძველია და მისი კარი მარტივად იღება. ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა სავარაუდოდ, ლიფტის კარი გააღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა. ლიფტი კი ამ დროს სხვა სართულზე იყო გაჩერებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “მარტივი არაა, მაგრამ ისეთიც არა, რომ ვერ შეძლო”-ვინ არის ქალი მძღოლი, რომელიც მანამდე დამლაგებლად მუშაობდა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ქალი მძღოლის ისტორია, რომელიც მანამდე დალაგებელი იყო. 

    57 წლის ავტობუსის ქალი მძღოლი მაია კოშაძეა. როგორც აღმოჩნდა, ის მანამდე სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად მუშაობდა. მანქანის მართვის პირველი გამოცდილება მან ტრაქტორზე მუსაობისას მიიღო.

    “57 წლის ვარ, 58-ის გავხდები მალე. სანამ აქ მოვიდოდი, სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად ვმუშაობდი. მერე, ევროკავშირმა დააფინანსა 25 ქალი მძღოლის მომზადება თავიანთი ხარჯებით და მეც მოვხვდი. ცოტა გამოცდილება მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე ტრაქტორზე ვიმუშავე. ასაკი შეზღუდული არ იყო, ახალგაზრდებიც გვყავდა. 25-დან 21 დავრჩით საბოლოოდ. შემოსავალიც გამეზარდა – 460 ლარი მქონდა დამლაგებლად, ახლა 1000 ლარზე მეტიც გამომდის. ძალიან მარტივი არაა საქმე, მაგრამ ისეთიც არაა, ვერ შეძლო. – ამბობს მაია კოშკაძე.

    ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო და კურსის დასრულების შემდეგ ქალები ავტობუსის რამდენიმე ხაზზე მძღოლებად დასაქმდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სულ  1400-მდე მძღოლია დასაქმებული.