Category: არქივი

  • საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განმარტავენ, ბოლო შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული.

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

  • პროკურატურამ გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოაცხადა

    პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ რჩეულიშვილ 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლელა კილაძესთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გურამ რჩეულიშვილმა 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლელა კილაძეს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გურამ რჩეულიმა 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით)დაიწყო.

    სამართალდამცველებმა გურამ რჩეულიშვილისგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

    გურამ რჩეულიშვილს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

  • კორონავირუსის გამო კლუბი KHIDI დროებით იხურება

    კორონავირუსის გამო კლუბი „ხიდი“ დროებით იხურება. ამის შესახებ განცახდება რამდენიმე წუთის წინ კლუბის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

    „კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი KHIDI იღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები.აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით.დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • „დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ“ – პაატა იმნაძის დედამ ფეიქნიუსი გააზიარა

    სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, სადაც ჩანს, თუ  როგორ გააზიარა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის დედამ სოციალურ ქსელში ფეიქi, ანუ მოგონილი ახალი ამბავი, სადაც თითქოსდა ბატონი პაატა კონკრეტულ გამოჯანმრთელებულზე საუბრობდა… ამ პოსტის შემდეგ თავად იმნაძემ დედას დაუწერა: „დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ“. შესაბამისი ამონარიდი სოცქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა.

  • ისრაელიდან დაბრუნებული ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაშია

    მომღერალი ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ცნობილი გახდა ჩხეიძე ისრაელიდან 2 დღის წინ დაბრუნდა. 

    ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელში ადასტურებს.  ჩხეიძე ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა, სადაც მასთან ერთად ანრი ჯოხაძემ, ნინო ძოწენიძემ და სხვა მომღერლებმაც იმღერეს.

  • კორონავირუსის გამო კლუბი BASSIANI დროებით იხურება

    კორონავირუსის პრევენციის მიზნით კლუბი BASSIANI დროებით იკეტება. ამის შესახებ კლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

    „მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.

    გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას.

    მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად.

    გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას.

    ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს – ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც.” –წერია  განცხადებაში.

  • გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა

    ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს გუკა რჩეულიშვილს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ შეუფარდა. “ცენტ პოინტის“ დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერი მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი. პატიმრობაც გუკა რჩეულიშვილს  ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.

    რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

  • მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ

    მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიურობეში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო საზოგადოების საყურადღებოდ. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები მუნიციპალიტეტებში, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს. მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრებისტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსისპრევენციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

  • ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

    ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, პატიმარს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

    „მრავალი კვირის მანძილზე ჩვენ გვყავდა ქრონიკული დაავადებით პატიმარი, თუმცა ამას ვირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს“,- განაცხადა წულუკიანმა.

  • “იმის გამო რომ რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ჯანმრთელი ადამიანები ვიმყოფებით კარანტინში” – ექიმი ჯამბულ მაკარიძე

    “იმის გამო რომ რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ჯანმრთელი ადამიანები ვიმყოფებით კარანტინში”-  საჩხერის კარანტინში მყოფი ექიმი ჯამბულ მაკასარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

    “სამოთხიდან ჯოჯოხეთში

    (მონოლოგი)

    სათაური გაზვიადებული არ გეგონოთ..

    ამჟამად ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც აღმოვჩნდი.

    მოკლედ, 1 მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით რომის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ჩვენთვის შეკვეთილი ავტობუსით პირდაპირ მივადექით საკრუიზო სუპერთანამედროვე გემს “გრანდიოზა” , რითაც 1 კვირის განმავლობაში შევედით ესპანეთის და საფრანგეთის რამდენიმე პორტში. კორონას გამო გემზე იყო ყველაფერი ისე ორგანიზებული, რომ ეპიდსაშიშროების რისკი თითქმის არ არსებობდა. 8 მარტს დილით დასრულდა დაუვიწყარი კრუიზი და ჩვენ იგივე ავტობუსით გავემგზავრეთ რომის აეროპორტში, საიდანაც 2 საათში გავფრინდით კიევში. რომის და კიევის აეროპორტებში იშვიათად ნახავდით ნიღბიანს, თუმცა მრავლად იყო სადეზინფექციო ყუთები და ჩვენც ხშირად ვიმუშავებდით ხელებს.

    9-ში ღამის 2 სთ-ზე დავეშვით მშობლიურ თბილისის აეროპორტში და…

    ახლა იწყება არდავიწყება.

    სასაზღვრო კონტროლის ქალბატონმა მარჯვენა საჩვენებელი თითი 90°-ით მიატრიალა მარჯვნივ და მითხრა იქეთ წადიო. მივხვდი, რატომაც, მაგრამ მე, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს ზედმეტი კითხვა არ დამისვამს და გავეშურე იქ, სადაც უკვე დამხვდნენ ასევე კანონმორჩილი ჩემი კოლეგა-მეგობრები, უკვე შეწუხებული სახეებით.

    თერმოკონტროლის შემდეგ იქ მყოფმა ე.წ. ეპიდსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ . არანაირი ეპიდანამნეზი მათ არ შეუკრებიათ, ჩვენი არგუმენტაცია არც კი გაუაზრებიათ. იძულებული გავხდით გაგვემართა კამათი და მოვითხოვეთ პასუხისმგებელ პირთან (ეპიდემიოლოგთან) შეხვედრა, რაზედაც გვითხრეს, რომ ძინავსო!..

    ჩვენს ნათქვამზე, რომ არსად ევროპაში და არც რომში ასეთი პანიკა და შეფერხება არ არისო, გვიპასუხეს, რომ მაგათ რომ არ იციან ეს რა ვირუსია, იმიტომ ჭირთო. იქვე იყო სადეზინფექციო ბოთლი, ხელის დასამუშავებლად რომ მივედი, ცარიელი აღმოჩნდა!!

    საქმეში ჩაერთო 1-2 თოფიან-ფორმიანი დოქსოპულო, თუმცა ჩვენი წინააღმდეგობის მერე გვთხოვეს აეროპორტის ეზოში არსებულ კარავში გადავსულიყავით და დავლოდებოდით დილას, როცა ეპიდემიოლოგი გაიღვიძებდა და შესაძლო იქნებოდა სახლებში თვითიზოლაციის შეთანხმებაზე საუბარი. გადავედით კარვებში.

    ჩვენ ვიყავით 13, მათგან 12 -ექიმი. კიდევ დაგვემატა 3 ადამიანი, რომლებიც ასევე იტალიიდან მოდიოდნენ. ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ყელი მტკივაო და გამოსაკვლევად წამიყვანეთო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ზემოდან სხვა დავალება გვაქვსო, თან დააყოლეს, რას მიდიოდი იტალიაშიო!..

    ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ჩვენი თანხით ჩავიტარებდით ანალიზს და მერე მაინც გადავიდოდით სახლის თვითიზოლაციაზე, ასევე უარი მივიღეთ!

    ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ “ზემოთ” იმპერატიულად გადაწყვიტეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის იზოლირება საავადმყოფოებში ან სასტუმროებში. თუ რატომ, ერთად ვიფიქროთ (მე ვიცი)..

    12 საათის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით კარავში და მიმდებარედ, არანაირი კომუნიკაცია ე.წ. ეპიდსამსახურს ჩვენთან არ ჰქონია, მხოლოდ პატრული და დაცვის სამსახური იდგა შორიახლოს. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჩვენი ფულით საკვები მოეტანათ, ვინაიდან 1 ადამიანი იყო დიაბეტიანი, რაზეც 12 ექიმს გვიპასუხეს, ექიმს მოგიყვანთო.

    ბოლოს მოვიდა ერთერთი თეთრხალათიანი და მოიტანა ხელშეკრულებები, სადაც ჩვენივე ხელით ჩავწერეთ, რომ თანახმა ვიყავით 2 კვირიან თვითიზოლაციაზე საკუთარ სახლებში. მეც გავიმზადე ბინა, სადაც ამჟამად უმცროსი ვაჟი ცხოვრობს (შეშინებულმა სასწრაფოდ დატოვა იქაურობა).

    მოვიდა 2 ა/მანქანა და გვითხრეს, 1-2 საათით დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაგსინჯავენ და მერე გადახვალთო სახლში. უკვე საეჭვო იყო, მაგრამ კარავი აღარ გვინდოდა..

    ბარგი-ბარხანით 2 მინივენი გაეშურა ასათიანზე, წინ მიდის პოლიცია, კატასტროფული სიჩქარით და სირენებით, თითქოს ატომური მუხტი გადაადგილდება, რამდენიმე საავარიო სიტუაციაც შეიქმნა, მაგრამ გადავრჩით. ასე ამოვყავით თავი იმ შენობაში. პირობები 0, მაგრამ კარავს ჯობდა.

    2 საათის შემდეგ, ჩემთან შემოვარდა ეკიპირებული დოქსოპულო და მეუბნება, სასწრაფოდ საჩხერეში მივდივართო.. ჩემს ყვირილზე, რომ გიჟები ხართ-მეთქი, მიპასუხა: პრემიერის ბრძანებააო.. ანუ დაადასტურა მათი შეურაცხადობა და მთხოვა გავყოლოდი.

    ქვემოთ რომ ჩავედი, კამონმორჩილი ჩემიანები უკვე ისხდნენ ფორდის ტიპის “რაფში”. ყველას სახეზე ეწერა დაბნეულობა და სასოწარკვეთა, გამოწვეული ასეთი მანქურთული შეურაცხყოფით!..

    მიქრის “კანარეიკა” შუა თბილისში, უწყვეტი სირენით, დაუშვებელი სიჩქარით და დარღვევებით, კუდზე აზის “ატომით” დამძიმებული ფორდის რაფი. მძღოლი ეკიპირებულია, უსწორო გზაზე ისე გვანჯღრევს, რომ იძულებული ვარ შენიშვნა მივცე.. მანქანის ფანჯრებს იზოლაცია არა აქვს, მაღალ სიჩქარეზე ცივი ქარი ქრის და პოლუპატიმრებმა ქურთუკები მოვიხურეთ მხრებზე.

    ჩავედით საჩხერეში, სასტუმროს ეზოში შემხვედრი ეკიპირებული მამაკაცის პირველი სიტყვებია: არ ჩამოხვიდეთ!!!

    ჯერ წყვილები (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ჩავიდნენ, მერე კენტები..

    აქ კარგი ადამიანები ჩანან, მაგრამ ეტყობათ, რომ ისინიც პანიკაში და გაუგებრობაში არიან.

    ამრიგად, “ჯანმრთელი პაციენტები” ვიმყოფებით საჩხერეში.

    მთავარი კითხვა: 1) რატომ არ შეიძლება საკუთარი ხარჯით საეჭვო დაავადების კვლევა?

    2) რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი გადაყვანა სახლის პირობებში თვითიზოლაციაში?

    3) ტყუილები გენეტიკაში გაქვთ თუ მართლა პრემიერმა დაგავალათ?!

    4) რა დონის ეპიდსამსახური გყავთ აეროპორტში? ჩლუნგები და მონები, ეპიდანამნეზის ნორმალურად შეკრება არ იციან..

    5) თუკი მართლა ზრუნავთ კორონას პრევენციაზე, რატომ არ გაესაუბრეთ კიევი-თბილისის დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყვნენ? იქნებ გადავდეთ ინფექცია?!

    6) რატომ ატარებთ იმ 3 ადამიანს ჩვენთან ერთად, მათ ხომ სხვა ეპიდანამნეზი აქვთ? პირიქით, იქნებ ჩვენ (13 ადამიანი) ვართ მათთვის საფრთხე?

    7) ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ამგვარ ტრანსპორტში ან სასტუმროში არ დაავვადდებით?

    რატომ ავალებთ პატრულს ასეთი დემონსტრაციული “ჯირითით” ატარონ ადამიანები?! ამით უკვე წამხდარ ავტორიტეტს აღუდგენთ?!

    9) ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?

    10) რატომ უნდა წყვეტდეთ თქვენ (“ზემოთ”) იმ ადამიანების ბედს და ცხოვრების წესს, რომლებიც კარავში ყოფნისასაც ტელეფონით უამრავ პაციენტს უწევდნენ კონსულტაციას?

    11) თქვენ ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ და კორონას დაინახავთ?!

    თქვენი ჯანდაცვის სისტემაზე აქ აღარ შევჩერდები, მკითხველი მეცოდება, ბევრია სათქმელი!.. გამიგრძელდა მონოლოგი..

    და ბოლოს, ყოველგვარი სენტიმენტის გარეშე: დღეს 10 მარტია, ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან 16 წლისთავი. პირველად ვერ შევძელი საფლავზე მისვლა..

    ამის გამო მე თქვენი დედები მომიკითხია ახლოდან! (მაპატიოს წესიერმა მკითხველმა)..” – წერს მაკარაძე.