Category: არქივი

  • ხვალიდან კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

    ხვალიდან კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    „ხვალ არის 1 აგვისტო და ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი საპოლოტე პროექტის განხორციელებას – ეს არის ზონალური საათობრივი პარკირება. კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე საპილოტედ განვახორციელებთ ამ პროექტს და ის ხვალიდან დაიწყება. ამ პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის თანამშრომლები იმუშავებენ ზონალური პარკირების არეალში და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განახორციელონ გადახდა. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური იმისთვის, რომ იქ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს ამ ახალ სისტემასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეღოთ. ასევე, მძღოლები დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ საპარკინგე სივრცეებში, არამედ სწრაფი გადახდის აპარატებთანაც. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ უკვე შესაძლებელია ყველა სმარტფონისთვის ჩამოტვირთოთ სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა. ეტაპობრივად სხვა რაიონებსა და ქუჩებზეც შემოვა ეს სიახლე,“ – განაცხადა კალაძემ.

    მერის განცხადებით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად თბილისის სხვა რაიონებშიც ამოქმედდება.

  • მაშველებმა ფშავი-ომალოს გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მგზავრი იპოვეს

    მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მგზავრის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია დასრულებულდა.

    შეგახსენებთ, თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. “კამაზის” ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. რამდენიმე მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა და თავის გადარჩენა შეძლო. 5 მგზავრი იმავე დღეს ხევში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე დღეს მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი  ამოიტანეს.

    დაღუპულებს შორის არის არასრულწლოვანიც. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • “კურიერის” ჟურნალისტმა “რუსთავი 2” დატოვა

    კურიერის ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ “რუსთავი2” დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. ცხომელიძის თქმით, არხიდან წასვლა ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება და მან გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო.

    “გავანთავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში.

    13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

    ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

    სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.
    პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

    ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ…”- წერს ცხომელიძე.

  • ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს-შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის -4 მსხვილი ნარკორეალიზატორი. ამის შესახებ  შსს-ში ბრიფინგზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ  განაცხადა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

    ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    მიმდინარე წლის 30 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში, კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ე.ი., 1993 წელს დაბადებული ე.ე., 1990 წელს დაბადებული ს.ჯ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ.. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრმლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

    მიმდინარე წლის 27 ივლისს, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი “ჰეროინი”, 7000 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 3200 აბზე მეტი “ექსტაზი”, 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, – განაცხადა ბორცვაძემ.

  • ბათუმში სანაპიროზე მამაკაცი დაჭრეს

    ბათუმის სანაპიროზე, გვიან ღამით,  მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    შემთხვევა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

  • ვის განეიტრალებას ითხოვდა ერეკლე კოდუა- იაგო კაჭკაჭიშვილი 2005 წლის მოვლენებს იხსენებს

    ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი 2005 წლის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან უნივერსიტეტში ერეკლე კოდუა მივიდა და არასაიმედო ხალხის გამოვლენა ითხოვა.

    „ეს ამბავი მხოლოდ ვიწრო წრეში მაქვს მოყოლილი, ახლა გავასაჯაროვებ:2005 წელია. ჩემთან, თსუ მეოთხე კორპუსის ოთახში (სოციოლოგიის კათედრის გამგე უკვე ვარ) შემოდის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ჯიბიდან იღებს რაღაც მოწმობას, გადაშლილს მიჩვენებს და მეუბნება (ეს ციტატა არ არის, თუმცა, ღმერთია მოწმე, არაფერს ვაჭარბებ):

    ბ–ნო იაგო, მე ირაკლი კოდუა ვარ, შსს თანამშრომელი; ახალი ხელისუფლება, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, არასაიმედო პირების გამოვლენითაა დაკავებული. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის შევარდნაძის მომხრე პროფესურა თსუ–ში; საჭიროა მათი გამოვლენა და განეიტრალება.

    ტანში გამცრა: მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ირაკლი (ერეკლე) კოდუა; ცხადია, ის თსუ–ში ჩემს გასაფრთხილებლად (თუ, დასაშინებლად) მოვიდა (ხელისუფლების საკრიტიკო მესიჯები უკვე გაშვებული მქონდა სხვადასხვა არხით). უცებ ავენთე და ვუთხარი: თქვენ გგონიათ, რომც ვიცოდე, ვინ არ გიჭერთ მხარს, ახლა მათ გვარებს დაგისახელებთ–მეთქი?

    მოკლედ, კიდევ გავცვალეთ ერთი–ორი ფრაზა და გავიდა ოთახიდან… რამდენიმე წუთი გაოგნებული ვიჯექი. ახლა აღარ მოვყვები იმ დისკომფორტის (რბილად რომ ვთქვა) შესახებ, რაც იმ პერიოდში განმაცდევინა წინა ხელისუფლებამ…

    ასე რომ, მეგობრებო, თქვენი ჭირიმე, ნუ მიხსნით, რას აშავებდა ნაცმოძრაობა (განსაკუთრებით ნუ მიხსნიან ისინი, ვინც მაშინ „თბილად“ იყო). ყველა ხელისუფლებს აქვს დიდი მინუსები და ზოგიერთს – დიდი პლიუსებიც.

    „ვარდებს რევოლუციის“ პლიუსებზეც და მინუსებზეც ისტორიკოსები აუცილებად დაწერენ! მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, საერთო ჯამში, ეს მოვლენა (თანმდევი პლიუსებით და მინუსებით) პროგრესულად შეფასდება მეთქი (თანაც, ეს არ ყოფილა ჩემი პოსტის მთავარი აქცენტი). არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე,“ – წერს კაჭკაჭიშვილი.

  • რა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები – ანა დოლიძე

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.  საბჭოს წევრები დღეს ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ.

    იმ შემთხვევაში, თუკი დღესაც ორ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დროის თვალსაზრისით, მალე დასრულება, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შესაძლოა, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სამ კანდიდატთან გააგრძელოს. 

    იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ დაკვეთას შეასრულებენ მოსამართლეები.

    “არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში. იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს. ეს, თუნდაც ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხედან აქ, მოსამართლეთა უმრავლესობა ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთას. რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • თბილისის მცხოვრებლებს “ყაზტრანსგაზის” ნაცვლად „თბილისი ენერჯი“ მოემსახურება

    თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადაბარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო.

    „კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % შეიძინა.

    დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

    გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

    “თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

    კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

    ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

    „თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

  • “2 თვის შემდეგ იმპორტირებული საქონლის ფასები უფრო მაღალი იქნება”-ფინანსისტების პროგნოზი

    ფინანსისტები ფასების მატებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, მაქსიმუმ ორ თვეში იმპორტირებულ საქონელზე ფასები საგრძნობლად მოიმატებს.

    ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ლარის რეკორდულ გაუფასურებას ფონად გასდევს ეკონომიკური ხედვის არარსებობა. სწორედ ამიტომ ადამიანებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ლარი შეიძლება გამყარდეს.

    “ფონად ყველაფერ ამას გასდევს სუსტი ეკონომიკური ზრდა, ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვის არქონა და ყველაფერი ამის შედეგად ადამიანებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ლარს შეუძლია გამყარდეს. ფასებზე ეს აუცილებლად აისახება სადღაც ერთი-ორი თვის შემდეგ იმპორტირებული საქონლის ფასები უფრო მაღალი იქნება,“ – აცხადებს ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი.

  • დიდ დიღომში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ა.გ., ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიდ დიღომში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ა.გ., ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

    სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.