Category: არქივი

  • თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

    30 ივლისს, თბილისსში, თიბისი კაპიტალმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ახალ კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით. ღონისძებას თიბისის ბანკის კლიენტები და სხვა ენერგოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, სადისკუსიო პანელზე სტუმრებმა სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს.

    კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4,000 მგვტ-ს შეადგენს. მათი წლიური გამომუშავება 2018 წელს 12.1 ტვტ. სთ-ის ექვივალენტი იყო.

    თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

    კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

    ტურიზმი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2023 წლისთვის ელ. ენერგიაზე დეფიციტი 1.9 ტვტ. სთ-ს მიაღწევს. აღნიშნულის ფონზე, ზრდადი შიდა მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველოში დამატებით 1,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების დამონტაჟება გახდება საჭირო.

    აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია განახლებადი ენერგიის მაღალი წილით (78%). ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების ტრენდი მომავალში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც ჰიდროსადგურების ზრდასთან ერთად ელ. ენერგიაზე ზრდად მოთხოვნას დააბალანსებს. შედეგად, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყანაში გაიზრდება.

    ‘თიბისი ბანკი ენერგო პროექტების დაფინანსების მხრივ ბაზრის 80% ფლობს, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას, დაფინანსებულ 20 ჰიდროელექტროსადგურს, რომელთაგან 11 უკვე წარმატებით ოპერირებს, ხოლო 9 მშენებლობის სხვადასახვა სტადიაშია.ასევე, ჩვენ, პირველად ქართულ ბაზარზე, დავაფინანსეთ პროექტები წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულების (ppa) გარეშე. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სინდიკაციას ადგილობრივ და რეგიონალ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის მოძიების მიზნით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ ინვესტორებსა და დეველოპერებს. შედეგად, დაგროვილი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს პარტნიორებს შევთავაზოთ ინოვაციური, კომპანიაზე მორგებული, გრძელვადანი დაფინანსების სტრუქტურა.’-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

    თიბისი კაპიტალი მომავალში სხვადასხვა სექტორების შესახებ დამატებით კვლევების გამოქვეყნებას გეგმავს. კვლევების მიზანია ბაზრის მონაწილეებს, პოტენციურ ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მოსალოდნელი სიახლეები და განვითარების პოტენციალი.

    მსგავსი კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე tbccapital.ge

  • 1 აგვისტოს მეტრო მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება

    თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს.

    „უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ბახტაძე უნდა გადადგეს, რაც მთელი მთავრობის გადადგომას გამოიწვევს- ლევან გოგიჩაიშვილი

    მამუკა ბახტაძე უნდა გადადგეს, რაც მთელი მთავრობის გადადგომას გამოიწვევს და გადადგება ყველა, ვისზეც დღეს გადადგომის მოთხოვნა დგას, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

    „დღეს ჩვენ მთავრობა არა გვყავს. რაც შემიძლია დღეს გავაკეთო, არის ის, რომ დავაყენო მთავრობის გადაყენების მოთხოვნა. როდესაც ეკონომიკურ მოთამაშეს არა გაქვს განცდა იმისა, რომ არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, სჯობს, ეს ადამიანი წავიდეს. მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს. მის მიმართ საზოგადოებაში არ არსებობს სერიოზული დამოკიდებულება. არ არსებობს აღქმა იმისა, რომ მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

  • საქსტატის მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

    საქსტატის მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების წარდგენისას განაცხადა.

    “წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5%, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ზრდამ 4,9% შეადგინა“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

    მისი თქმით, ივნისში კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში. ზრდა კი თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა, მათ შორის, ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

    თოდრაძემ განაცხადა, რომ პირველ 6 თვეში საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა. “იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა და 1 775.4 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 4.9%-ით შემცირდა და თითქმის 4 192.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – განმარტა თოდრაძემ.

  • თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

    კერძოდ, 27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა”, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა.

    გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

  • ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებული განცხადებების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასმას ითხოვს.

    შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თებერვალსა და აპრილში დავით გარეჯის საკითხზე პროვოკაციული განცხადებები გააკეთა, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია.

    „სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილ-ალიევისა და პუტინის ალიანსის საქმე გააკეთა და თავისი ბრიყვული განცხადებებით ხელი შეუწყო გარეჯში უარყოფითი პროცესების განვითარებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

  • თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ-ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

    ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება,”-ამის შესახებ ჟურნალისტებთან  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავსირებით განაცხადა.

    „მთლიანობაში თუ შევხედავთ სავალუტო ბაზარსა და კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს პირველ კვარტალში გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, მეორე კვარტალშიც უმჯობესდება. დღეს გამოქვეყნდა ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, სავაჭრო დეფიციტი უმჯობესდება, ფულადი გზავნილები იზრდება, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები, ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ამ წუთებში ვაკვირდებით, არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში არ დავუშვათ სავალუტო კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება,”-განაცხადა მესტვირიშვილმა.

  • კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

    კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.  “საქართველოს ბანკში”, “თიბისი ბანკსა” და “პროკრედიტ ბანკში” 1 დოლარის ყიდვა 3.015 ლარადაა შესაძლებელი.

    Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათზე ერთი დოლარის ღირებულება 2,9700 ლარია.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2889 ლარია.ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

  • კალაძე ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად აქციებს ასახელებს

    გაუფასურებული ლართან და ქვეყანაში მზიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის მერი შეფასებებს აკეთებს.  კახა  კალაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ასახელებს.

    “ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები.

    ყველაფერმა ამან მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს, არის ძალიან ცუდი, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და რაც არის კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული,“ – ამბობს კალაძე.

  • ბერძენიშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს – გია ვოლსკი

    ბერძენიშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებას.

    „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები ადასტურებს, რომ ბევრი სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდაყირა დგება.

    გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ბერძენიშვილი ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს კომენტარები მას პოლიტიკურ ველზე დარჩენაში ეხმარება.

    “როდესაც იგი დააკავეს, მერე თავზე ნაცარი წაიყარა და შემდეგ უცებ გაუშვეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად ეს ერთი თემაა და მეორე თემაა მისი შეტევაში მონაწილეობის მიღება პარლამენტში შესაჭრელად და მისი განცხადებები, რომ პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება ხელში უნდა აიღონ. ეს ორი სხვადასხვა საკითხია და ამ ორ საკითხს შორის არის კიდევ უშველებელი ტირადები, რომელიც ოქრუაშვილმა, როგორც საკუთარი თავისთვის ზარალის მისაყენებლად თუ სხვა რაიმე მიზეზით მთელ საზოგადოებას მოასმენინა.

    დავით ბერძენიშვილმა, რასაკვირველია, გადაწყვიტა, რომ რაღაც პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს და ეს ალოგიკური განცხადებები მას ნამდვილად ეხმარება ამაში,” – აცხადებს გია ვოლსკი.