Category: არქივი

  • “ნაცმოძრაობის მთავრობას რომ ეს დაეშვა, ასე იღლიცინებდით? “–ნიკა გვარამია ლარის კურსზე

    რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

    “1 დოლარი უკვე სამი ლარია, და არც ერთი კომპეტენტური უწყება საჭიროდაც არ თვლის, რამე განმარტოს. აი ასე, უბრალოდ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ეკონომიკის ჩამოშლას ვალუტის გადასაცვლელი ჯიხურების ტაბლოებზე ციფრების ცვლილების დონეზე აღვიქვამთ. ახლა ლამის ვზეიმობთ, რომ სამამდე დამრგვალდა. ნუ, თუ არ ვზეიმობთ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვერთობით.

    მეგობრებო, ცოტა სამართლიანობის და პროპორციულობის შეგრძნება არ გვაწყენდა. ნაცმოძრაობის მთავრობას რომ ეს დაეშვა, ასე იღლიცინებდით? ცხადია, არა. ძალიან ცხადია და ძალიან ბევრად არა.

    ანუ მაინცდამაინც სწორი ნაწლავის და ცოცხის ურთიერთობის შესახებ დადგმული იდიოტიზმი არის საჭირო პროტესტისთვის და ლეგიტიმური ბრაზისთვის? რეალური რაც იყო, ის კადრები ნამდვილად კმარა, მაგრამ ვის ახსოვს დაშლილი კარანტინი, სწორედ ფეიკი ცოცხია მითოლოგიზირებული და დღემდე ცოცხის თავის და სწორი ნაწლავის დიამეტრების დატოლებაზე კამათობს საზოგადოება.

    და ის, რომ ქვეყანაში მარტო სუსი, პოლიცია და პროკურატურა “მუშაობს”, თან შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულად, ამაზე ვერ ვხურდებით? და ქვეყანაში ეკონომიკური და საფინანსო უწყებები რომ დე-ფაქტო აღარ არსებობს და თვითდინებით მივდივართ (უფრო სწორედ, თავისუფალ ვარდნაში ვართ), ეს “სისტემა უნდა დაინგრეს”-ს ვერ ქაჩავს, თუ ხალხი რომ შიმშილობს, წამების ეს ყველაზე საზარელი ფორმა საკმარისად არ გვესაზარლება?

    ერის უკიდურესი პოლიტიკური უმწიფარობაა ეგ.

    ps ეროვნულ დონეზე სწორი ნაწლავის (მოგონილ-დადგმული) თემის ასეთ, ლამის მითოსურ, პრიორიტეტიზაციას და ყველა დასაცავ სიკეთეზე მაღლა დაყენებას რა ქვია, ამის განსაზღვრა უკვე ფროიდის კომპეტენციაა. არა მგონია, დიაგნოზი სასიამოვნო მოსასმენი იყოს. მძიმე იქნება, უეჭველად მძიმე.“ – ამბობს გვარამია და ლარის კურსის მოკლე ისტორიას აქვეყნებს ფოტოს სახით – როგორი იყო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო 17 წლის მანძილზე.

  • ყვარელში მაშველებმა მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

    ყვარელში მაშველებმა მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    “ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო ადამიანი.

    შეტყობინების მიღებისთანავე, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

    მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს. ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს.

    მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.”–აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციაში.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა

    2019 წლის აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდაში გამოცდაზე გასულთა 13%-მდე აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და ჩაიჭრა.

    ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ  გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ  ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტების დაახლოებით 87%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა.

    ,, აბიტურიენტების 12,9  პროცენტმა ვერ გადალახა ზოგად უნარებში ზღვარი და გამოეთიშა ამ პროცესს, დაახლოებით 87-მა პროცენტმა კი წარმატებით გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

  • ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ქულის გასაგებად აბიტურიენტი ვებ გვერდზე სისტემაში უნდა შევიდეს. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები. შედეგებთან ერთად განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

    შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

    ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

    I ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
    II ვარიანტი – 24 ქულა და მეტი;
    III ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
    IV ვარიანტი – 24 ქულა და მეტი.

    ზოგადი უნარების გამოცდის მაქსიმალური შეფასება 80 ქულაა.

  • “კალაძე საკუთარი თავის ოპოზიციაში გადადის”-ლევან ხაბეიშვილი

    “კალაძე საკუთარი თავის ოპოზიციაში გადადის”-ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდის ლაივში გააკეთა. ხაბეიშვილმა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 მილიონი ლარი  გზებზე ტყუილად დაიხარჯა.  საუბარია კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზებზე განხორციელებული სამუშაოებზე. მიღებული  შედეგით კალაძე უკმაყოფილოა და პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელმაც სამუშაოები განახორციელა.

    ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ კალაძის განცხადება არალოგიკურია, რადგან სწორედ დედაქალაქის მერია პასუხისმგებელი  სამუშაოების განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და ჩაბარებაზე.

    “დღეს დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ  მთავრობის სხდომაზე ფაქტობრივად მუჭები იქნია, რომ 15 მილიონი დავხარჯეთ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზაზეო და არაფრად არ ვარგაო. თუ ცუდად შეასრულა სამუსაოები კომპანიამ 43 მილიონი დამატებით რატომ მიეცი? მოგიწევთ პასუხის გაცემა ვინ იყო ზედამხედველი, ვინ აწარმოებდა ზედამხედველობას ამ სამუშაოებზე, ვინ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარებას ხელი, ვინ გადაურიცხა 15 მილიონი?  ჩვენ  კომპანია კი არ აგვირჩევია ჩვენ, თბილისელებმა აგირჩიეს მერად, ხალხმა აგირჩია შენ და არ აურჩევია ჯეო გრუპი”-მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.

  • 1 აგვისტოდან შესაძლოა რუსთავი2–ის, ტვ პირველის და ერთსულოვნების მაუწყებლობა შეწყდეს

    1 აგვისტოდან შესაძლოა სამ მაუწყებელს – რუსთავი2–ს, ტვ პირველს და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას მაუწყებლობა შეუწყდეს. ამის შესახებ განცხადებას მულტიპლექს ოპერატორი, “სტერეო+“ ავრცელებს, რომელიც საქართველოს მაშტაბით ქართული ტელეარხების მაუწყებლობას ახორციელებს. მიზეზად დიდი დავალიანება სახელდება.

    „1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი თანხას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარია ასეულ ათასობით დავალიანებაზე. მისი თქმით პოლიტიკა არაფერ შუაშია და გადაწყვეტილება მათი კომპანიის ვალდებულებებს უკავშირდება, რომელთა დაფარვას ტელეკომპანიების მიერ თანხების გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებენ.

  • მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა

    მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა.

    პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.

    რამდენიმე დღის წინ ფოტო ხაფანგმა  ორი შველიც დააფიქსირა.

  • ბათუმში 3 უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი არასრულწლოვანია

    ბათუმის ახალ ბულვარში 3 ტურისტის დაჭრაში მხილებული პირი არასრულწლოვანია.

    შსს-ს ცნობით, 2001 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე ცივი იარაღით
    ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა.

    დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

  • 15 მილიონი დაიხარჯა და კატასტროფული შედეგი მივიღეთ – კალაძე

    “15 მილიონი დაიხარჯა და კატასტროფული შედეგი მივიღეთ”- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე გააკეთა. დედაქალაქის მერი  კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე განხორციელებული სამუშაოებით უკმაყოფილოა.

    კახა კალაძის თქმით, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დედაქალაქის მერია თანხას აღარ გაიღებს და ხარჯების დაფარვა თავად კომპანიას მოუწევს.

    „კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დღეს ეს სათადარიგოები მაქსიმალურად დატვირთულია, იმიტომ რომ ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და მიმდინარეობს სამუშაოები. ცუდი მდგომარეობაა მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე. შარშან 15 მილიონი დაიხარჯა ორივე პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ ახლა იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან. ახლა, რა თქმა უნდა, სამუშაოებს ვერ დავიწყებთ იმიტომ, რომ ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ხდება და სრული ქაოსი იქნება, სათადარიგოებზე სამუშაოები რომ ვაწარმოოთ. როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება, ეს გზა ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ საერთოდ პრობლემა არ იყოს ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება, ამდენი ფული იხარჯება და როდესაც ავტომობილებმა იარეს, თავი იჩინა ამ პრობლემებმა. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია. იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაღება და თავიანთი სახსრებით ამ პრობლემის მოგვარება. დედაქალაქის მერია 1 თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციასა და მოწესრიგებაზე“, – აცხადებს თბილისის მერი.

  • როენა ხუცურაული სექტემბერში სასტუმრო “მამიდაში” თავშესაფარს ხსნის

    პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული, როენა ხუცურაული სასტუმრო მამიდაში თავშესაფარს სექტემბერში ხსნის. ამის შესახებ ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა “პრაიმტაიმთან’ განაცხადა. 

    ადვოკატის  ინფორმაციით, სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს.

    “ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს”, — ამბობს ადვოკატი.

    როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით  8 მაისს დააკავეს. ხუცურაული 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.