Category: არქივი

  • ნიკა გვარამია სასამართლოში დღეს გამოიკითხება

    „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება. გვარამიამ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და  ის სასამართლოში დღეს, 11:00 საათზეა დაბარებული.

    როკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

    საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

  • ლაგოდეხში გერმანელი ტურისტი მდინარე ნინოსხევში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

    ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა.

    არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

    შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც 26 მაისს, სკოლის ექსკურსიის დროს, 17 წლის სოფი ნიკოლეიშვილი დაიღუპა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად, ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად ჩავიდა და სასტუმროში ცხოვრობდა.

  • მაშველებმა ლენტეხში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ლენტეხში დაკარგული ტურისტები იპოვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ მთებში შვეიცარიის ორი მოქალაქე იყო დაკარგული შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია.

    ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი. მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვიტეს.

    დაკარგული ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

    მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის და კოორდინატების შესახებ. მაშველებმა დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები.

    რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 15-მა მაშველმა. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

  • ელიზაბეთ რუდი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმი.

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ გამოკითხავენ. “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

    გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული – დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

  • გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ გამოკითხავენ

    ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ 11 საათზე მივა. “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

    მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი იქნება.

  • “რუსთავი 2” ერთ-ერთმა პროდიუსერმა დატოვა

    რუსთავი 2 პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა  დატოვა. ლაფერაშვილი სავარაუდოდ, “ფორმულა კრეატივის” ახალ ტელევიზიაში იმუშავებს.

    ფორმულა კრეატივში ადასტურებენ, რომ  მოლაპარაკებები გიორგი ლაფერაშვილთან მიმდინარეობს.

    ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.

    ამის შესახებ კეზერაშვილმა დღეს განცხადება გააკეთა და ტელევიზიის შექმნა დააანონსა.

  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით საშიში პრეცენდენტია – NGO-ები კუპრავას საქმეზე

    არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევენ.

    “მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებს სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობას.

    ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც ერთი მხრივ იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი აკისრებს თმენის ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ.

    ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს”, – წერია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მედიის განვითარების ფონდი (MDF).

    ზვიად კუპრავას დღეს სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

  • პროკურატურამ „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაცია ამოიღო

    გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.

    “ინტერმედია” “რუსთავი 2-ის” გაყიდვებს და სარეკლამო განთავსებებს უზრუნველყოფს.

    ,,სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ბახტრიონზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია

    ბახტრიონზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

  • მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა-გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს

    მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი – ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. “რუსთავი 2-ის” სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის თქმით, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

    გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა, პირველი არის ის, რომ მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა. გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიას აუცილებლად შექმნის თუ დააპატიმრებენ, ეს უბრალოდ დროში გადაიწევს.

    მეორე მიზეზი, რომელსაც გვარამია მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს, „რუსთავი2-ია”. სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ გამოძიება ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

    გვარამია ამბობს, რომ ამ საქმით კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან გაათავისუფლონ.

    „ეს ორ საკითხს უკავშირდება, რაც ხდება პირველი – პირადად ჩემს საკითხს, მე გაცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ რუსთავი 2-ზე ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ კრიტიკულ პლატფორმას, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე საკითხია, რომ უბრალოდ რუსთავი2 ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ და ეს მათ სურთ, სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ რუსთავი2-ის და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები და განცვიფრებას და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, ამ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის გამო, რასაც კურიერი, პ,ს და საინფორმაციო სამსახური გადის დღეს მტრულ გარემოცვაში. რუსთავი2-ს რეალურად აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი ჩემში, რომ მე სადღაც ფული წავიღე და ამიტომ კოტრდება რუსთავი2.

    აბსურდია, მე ფული არ მაქვს, წასაღები კი არა მისატანი იყო რუსთავი2-სი ფული, რომ კომპანიას ეარსება. კომპანია ყველა ვხედავდით,რომ არსებობდა. ეს არის ფეიკი საქმე, მოგონილი საქმე, ვინმე ნიჟარაძის მიერ, რომელიც ორი დღით ადრე შევიდა პროკურატურაში. ეს ნიჟარაძის საქმე გამოგორდა რამდენიმე თვით ადრე და იყო სპეციფიკურად შექმნილი და უკვე როგორც ვხედავ, სპეციფიურად შექმნილი იყო, „რუისთავი2“-ის წართმევის შემდეგ ამ ტიპის გაგრძელებისთვის.

    რას მინდა დააკვირდეთ, ნიჟარაძის საქმე რომ გამოგორდა და მთავრობის მიერ შეიქმნა, მთავრობამ უკვე იცოდა, როგორ მთავრდებოდა “რუსთავი2”-ის საქმე. ეს შეკითხვები არის არამხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით. რატომ და საიდან იცოდა სასამართლოსგან ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ და უტყუარად იცოდა, იმიტომ რომ ნიჟარაძის ფეიკ პლატფორმა, რაც გაგრძელება დასჭირდებოდათ და როგორ უნდა ექნათ იცოდნენ. ეს კითხვები კი ნამდვილად გაჩნდა დღეს. შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, ფინანსები და კეთილსინდისიერება არის სი საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია, ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“-ამბობს ნიკა გვარამია.