Category: არქივი

  • აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შენობების პირველი სართულები დაიტბორა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება, რომელის უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

    “ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

    უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

    მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

  • გონიოში შტორმის დროს ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო

    გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა.

    მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ზღვაზე დამსვენებლები გააფრთხილა, რომ ზღვაზე აღმართულია წითელი ალმები და ზღვასი შესვლა შტორმის გამო აკრძალულია. უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • მუშაობისას ხე დაეცა – თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

    თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა.

    თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.

    გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა და მას ხე დაეცა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

  • სამაშველო ჯგუფმა ესტონელი ტურისტი სტეფანწმინდიდან საავადმყოფოში გადაიყვანა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ესტონელი ტურისტის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე იმყოფებოდა ესტონელ ტურისტთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

    54 წლის მამაკაცს, დაბალი წნევის გამო, ადგილზე მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სპეციალური მოწყობილობით მიეწოდებოდა ჟანგბადი და მისი ქვეითად გადაადგილება და ჩამოყვანა შეუძლებელი იყო.
    “სპეციალური მოწყობილობით ხდებოდა პაციენტის ჟანგბადით უზრუნველყოფა”

    უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით, შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა, შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

    მაშველებმა შეუძლოდმყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი.

  • “მცირე პარტიები მიიღებენ მეტ დაფინანსებას”-მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა

    “მცირე პარტიები მიიღებენ მეტ დაფინანსებას”- ეს ცვლილება ერთ-ერთია საარჩევნო კანონმდებლობის პროექტში, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა.
    გარდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს შორისაა:

    პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილება, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

    “1 თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი.

    დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:

    1. კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, არჩევნები ჩატარდება პროპროციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

    2. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

    3. პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% -იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს.

    4. უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

    5. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

    6. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

    7. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.

    8. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

    9.დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

    როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც. სწორედ ამ მიზნით დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა უზრუნველყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • ივლისში რუსეთიდან ვიზიტორთა შემცირების მიუხედავად, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,8 პროცენტით გაიზარდა

    ივლისში რუსეთიდან  ვიზიტორთა შემცირების მიუხედავად, საერთაშორისო  ვიზიტორთა რაოდენობა 5,8 პროცენტით გაიზარდა.

    სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

    მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო  მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.(ზრდა +1%).

    ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან       (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%)  შედგა.  

    მონაცემების მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%,ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა.

  • ივლისში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4 პროცენტით შემცირდა

    ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4 პროცენტით შემცირდა. 2018 წლის ივლისში რუსეთიდან 169 857 ვიზიტი შედგა, ხოლო წელს, 2019 წლის ივლისში  159 063 ვიზიტი დაფიქსირდა.

    სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

    ქვრივიშვილის ინფორმაციით, ივლისში საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 48.8 პროცენტით შემცირდა, სახმელეთო გზით კი, 7 პროცენტით გაიზარდა.

    სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-ივლისში რუსეთიდან 850 650 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის შვიდი თვის მაჩვენებელს 22.1 პროცენტით აღემატება.

  • შტორმის გამო, შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, არ შევიდნენ ზღვაში.

    სანაპირო ზოლზე ოთხბალიანიშტორმი ფიქსირდება.

    „აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს. სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

    ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

    უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • მოხდება თუ არა რკინიგზის პარალიზება.10 აგვისტოდან 5 ათასი თანამშრომელი გაფიცვისთვის ემზადება

    10 აგვისტოდან რკინიგზის 5 ათასამდე თანამშრომელი გაფიცვისთის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ის გაზრდას მოითხოვენ.  კომპანიაში ამტკიცებენ, რომ პროტესტს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოთქვამს.

    რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი შეფასებით, საქართველოს რკინიგზა არსებული დამოკიდებულებით დასაქმებულთა უფლებებს არღვევს.

    იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება – ეს შიდა და გარე მიმოსვლის პარალიზებას გამოიწვევს.

    საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში თანამშრომლებს პასუხობენ, რომ მათი მოთხოვნები არარეალურია და 2020 წლის პირველი მარტიდან ხელფასი ემატება 10%-ით.

    “ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპირო” – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

  • მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

    ქულის გასაგებად აბიტურიენტი ვებ გვერდზე სისტემაში უნდა შევიდეს. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები. შედეგებთან ერთად განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

    შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

    სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.