Category: არქივი

  • თიბისი ბანკი მომხმარებელს იპოთეკური სესხის გამარტივებულ პირობებს სთავაზობს

    მომხმარებლებს, რომლებიც ბინის შეძენას გეგმავენ, თიბისი ბანკი იპოთეკური სესხის ახალ, გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. განახლებული პირობებით სარგებლობა იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც დეველოპერული კომპანიისგან სახლის შეძენა ან გარემონტება სურთ, ან ვისაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვთ.

    იპოთეკური სესხის აღებისას, გამარტივდა მომხმარებლის შემოსავლის დადასტურების პროცესი. შესაბამისად, სესხის განხილვისა და დამტკიცების ეტაპები სწრაფი და მსესხებელზე მორგებული გახდა.

    ბინის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებლისგან საკმარისია სახლის ღირებულების 20%-იანი თანამონაწილეობა. ასეთი მომხმარებლების შემოსავლის შესწავლა გამარტივებული მიდგომით მოხდება.

    სესხი ლარის ვალუტაში, 180 თვის ვადით გაიცემა.

    გამარტივებულ იპოთეკურ სესხზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

  • მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)

    მაშველებმა დრონის დახმარებით აჭარაში მამაკაცი გადაარჩინეს

    მახინჯაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი მამაკაცი გადაარჩინეს. მოქალაქე ზღვაში, 3 ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.

    გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.

    ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

    მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

  • სომხურმა მხარემ ,,საბურთალო” – ,,არარატის” პირდაპირ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა

    “საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა.” –  ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური ,,საბურთალო” არმენიის არარატს უპირისპირდებოდა. ამ მატჩს ორივე გუნდის ქომაგებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ორივე გუნდს პირველად აქვთ ევროტურნირზე მონაწილეობის მიღების შანსი. თუმცა ადგილობრივმა ტელევიზიამ მატჩის ტრანსლაციაზე უარი განაცხადა.

    გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს” ოფიციალურ განცხადებას უცვლელად: ,,“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო, ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს.” – ნათქვამია ქართული კლუბის განმარტებაში.

    სხვა ვერსიით, რომელსაც ADJARASPORT.COM ავრცელებს, ტრანსლაციაზე უარის თქმის რეალური მიზეზი ქართული კლუბის აზერბაიჯანული სპონსორი სოკარია. იქედან გამომდინარე, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს კონფლიქტური სიტუაცია აქვთ, “არარატს” არ სურს Socar-ის სატელევიზიო გამოჩენა, რის გამოც უარი თქვეს საშინაო მატჩის ჩვენებაზე და არც საგარეო შეხვედრის გადაცემას აპირებენ.

  • “პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან”-ანდრია ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის ქადაგების მოწინაღმდეგეები აბორტის მომხრეები არიან. ამის შესახებ ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    მისი თქმით, აბორტის მომხრე ადამიანებისაგან პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია პირველი არ არის.

    „საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?

    წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. (იო.10.4)

    პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს.

    მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?

    რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

    პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.

    საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეხ სიტყვა დაადუმოს.

    სალომეამ ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას?

    და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, პატრიარქმა ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”. პატრიარქის ამ განცხადებას საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.  მათი უმეტესობა ყურადღებას ეკონომიურ მდგომარეობაზე და სამსახურის აუცილებლობაზე ამახვილებდა.

  • ბათუმში სანაპიროზე გველი იპოვეს (ვიდეო)

    ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე გველი იპოვეს. ქვეწარმავალი შეზლონგზე ადგილობრივებმა შენიშნეს. ვიდეო აჭარის მაუწყებელმა გუშინ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
    როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ განაცხადა, გველი დანაპირო ზოლზე აქამდე არ შუემჩნევიათ და შესაბამისად მიმდინარე წელს ზღვის სანაპიროზე ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩაუტარებიათ.

    ” ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე ქვეწარმავლის დაფისქირების ეს პირველი შემთხვევაა. სავარაუდოდ გველი სანაპიროზე ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მოხდა. რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიას აქ ქვეწარმავალი არ არის. სხვადასხვა სახის მწერების საწინააღმდეგო წამლობას წელიწადში ოთხჯერ ვახორციელებთ, თუმცა თუ ქვეწარმავლის ფაქტები გახშირდება უწყება შესაბამის ზომებს მიიღებს და მოხდება დაწამვლითი სამუშაოები”- განაცხადა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ.

  • გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

    37 წლის ვაჟა ბურჯანაძე, რომელიც მემინგენის იზოლატორში სასჯელს იხდიდა, თურქთან ერთად ციხიდან გაიქცა.

    ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია  bild ავრცელებს. ორივე მათგანი ციხის ეზოში სასეირნოდ იყო გამოსული.  სწორედ ამ დროს, მათ მოაჯირზე გადასვლა მოახერხეს და ადგილიდან მიიმალნენ.

    პოლიცია პატიმრებს თვითმფრინავით და ძაღლების დახმარებით ეძებდა, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.

    ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათ ფოტოებიც გამოაქვეყნეს და მოუწოდეს ყველას, რომ დანახვისთანავე პოლიციაში დარეკონ.

  • “არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან”- ნინო დანელია პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა

    გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ “ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”- განაცხადა ილია მეორემ

    პატრიარქის საკვირაო ქადაგების ამ ნაწილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიამკვლევარი ნინო დანელია გამოეხმაურა.

    “პარასკევს სამსახურში ვიყავი. ორშაბათს ალექსანდრე გაჩნდა. ყველაზე ტკბილად დეკრეტის ის ოთხი თვე მახსოვს, როცა დამსახურებულად ვიყავი სახლში, შვილს ვუვლიდი და ხელფასს მაინც მაძლევდნენ. ყველაზე მძიმე დღე ოთხი თვის მერე სამსახურში წასვლა იყო, საშინელი მონატრებით და სინდისის ქენჯნით, რომ პატარა ალექსანდრე სახლში დავტოვე. ყოველ ოთხ საათში მოყავდა ხან მამას, ხან ბებიას, რომ სადმე ბაღში მოფარებული ადგილი მეპოვა და მეჭმია. მერე იყო ზაფხულები, როცა მე თბილისში ვრჩებოდი, ვმუშაობდი და ალექსანდრეს ბებიასთან და ძიძასთან ერთად დასასვენებლად ვუშვებდი. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა პარასკევი საღამო, რომ გავვარდნილიყავი და შაბათ-კვირა ჩემს პატარა შვილთან გამეტარებინა. აუტანელი იყო კვირა საღამო, როცა ალექსანდრე მანქანას მოსდევდა ტირილით, არ წახვიდე, ჩემთან დარჩიო. ეს კადრი უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება.

    ბოლო წუთამდე ვმუშაობდი ირინას გაჩენამდეც. მასთან უფრო ცოტა ხანს ვიყავი. ვადამდელი არჩევნები დაემთხვა და მედია ცენტრი უნდა აგვეწყო. ერთი თვის მერე გავედი სამსახურში. ყინავდა იმ წელს ზამთარში, ამიტომ, ირინა ასე ვეღარ დაყავდათ და ჩემს რძეს მაცივარში ვუგროვებდი ბოთლებში. რომ თავდებოდა, მირეკავდნენ, სასწრაფოდ მოდი, ბავშვს საჭმელი აღარ აქვსო და მეც გამოვრბოდი სახლში, გიჟივით. ჩემს დირექტორთან რომ მივდიოდი საღამოს, უკვე იცოდა რისთვის, “ბაღანა ჯღავა, ხო? ” – მეკითხებოდა და მიშვებდა. “ბაღანა ჯღავა” მერე სახუმარო ფრაზადაც გვექცა. წარმოიდგინეთ, გზაში როგორ მივქროდი იმ განცდით, რომ ბავშვს შია და ტირის.
    ირინას გაჩენის შემდეგ, ბავშვები მთელი ზაფხულით უჩემოდ აღარსად გამიშვია. ვეღარ ავიტანდი მანქანის ტირილით გამოკიდებას, ვეღარ ვაპატიებდი ამას ჩემს თავს და ვერც ბავშვებს ავუხსნიდი, რომ თუ არ ვიმუშავებდი, არაფერი გვექნებოდა.

    გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ, არავინ იცის, დედის და შვილის გარდა, რა რთულია, წარმოუდგენლად რთული, როცა დედა მუშაობს და თან ბავშვს ზრდის, რაც უნდა დამხმარე ყავდეს. ასეთი ორმაგი დანაშაულის გრძნობა არასოდეს მქონია. ერთი იმიტომ, რომ სამსახურის გამო შვილს დროს ვაკლებ და მეორე იმიტომ, რომ სამსახურს ვაკლებ დროს შვილის გამო.

    ნეტა იყოს ამ ქვეყანაში შესაბამისი სერვისები დედისთვის, რომ არ ეწამოს ყველა და არანორმალურ დაბრკოლებად არ უღირდეს შვილის გაზრდა და მუშაობა ერთად.

    არავინ გაბედოთ და გვითხრათ, რა და როგორ გავაკეთოთ! მით უმეტეს, 25 მილიონის ბიუჯეტიდან მქაფავო ოგანიზაციავ! ეგ ფული რომ სერვისების განვითარებას, კეთილმოწყობილ ბაგებს, საბავშვო ბაღებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ქალაქის ინფრასტრუქტურას და კიდევ ბევრ რამეს მოხმარებოდა, ჩვენ და ჩვენს შვილებს ცხოვრება გაგვიადვილდებოდა!
    არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან!”- წერს ნინო დანელია

  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს

    პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმეზე “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

    “საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. ზვიად რატიანი უთითებს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამ ეპიზოდზე, კერძოდ: დაკავების დროს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე – პოლიციის მანქანაში. შედეგად, ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის თერთმეტი დაზიანება, მათ შორის, თავისა და სახის არეში.

    საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს, რომ ზვიად რატიანმა დაზიანებები სწორედ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო. ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები, რომლებიც ზვიად რატიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე უთითებენ. თუმცა, ზვიად რატიანისთვის მიყენებული დაზიანებების, და პოლიციელთა რაოდენობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება, ძალის გამოყენების პროპორციულობასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით.

    სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს. მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს. ამასთან, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს.

    გარდა უკვე წარდგენილი საჩივრისა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC ზვიად რატიანის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება”-აღნიშნულია განცხადებაში.

    ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება დაუსჯელობის პრაქტიკის წინააღმდეგ საქართველოში.

    შეგახსენებთ,2017 წლის 23 დეკემბერს პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანის განცხადებით, ის სამართალდამცავებმა ჯერ გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და სცემეს.