Category: არქივი

  • კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

    კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს სოფი გრეგუარს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მეუღლე თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

    რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მას ვირუსზე ტესტი არ ჩატარებია, ვინაიდან COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩება.

  • ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    ქალაქის მერის განცხადებით, ასაგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ვირუსთან ბრძოლას უფრო მარტივად შეძლებენ.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის 95 შემთხვევა ფიქსირდება.

    საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

    იტალიაში გასულ დღე-ღამეში კიდევ 2249 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და ამჟამად დაავადებულთა რიცხვი 12 839-ს აღწევს, ხოლო ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 15113-ს მიაღწია.

    ახალი მონაცემები პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ წარადგინა.

    „ჩვენ ყველამ მსხვერპლი უნდა გავიღოთ. მთავარია დისტანციის დაცვა, სახლშიც, ოჯახშიც კი, ეს თითოეულის ინტერესშია“, – განაცხადა ბორელიმ. მისი თქმით, ყოველდღიურად მილიონ-მილიონ-ნახევარ სამედიცინო ნიღაბს არიგებენ.

    იტალიაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1200-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი 10 მარტს გამოცხადდა.

  • “სააკაშვილი დამპირდა რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალით არ გადაჭრიდა, და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“–ვლადიმერ პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  არ შეასრულა პირობა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    პუტინი ამბობს, რომ სააკაშვილს არაერთხელ ესაუბრა ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო და სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.

    „არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“- თქვა პუტინმა პუტინმა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ  საქართველოს ხელისუფლება  მოსკოვისგან გვერდზე გადგა. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, – თქვა პუტინმა პუტინმა.

    ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის, პუტინი პასუხობს: „როგორ არ არის. დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“.

  • საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

    “საქართველოს ბანკი” კორონავირუსის გამო ახალი ინიციატივით გამოდის და მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

    ,,საქართველოს ბანკის” განცხადებით, ინიციატივის მიზანია თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება.

    ,,საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

    დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

    თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444″, – წერია ბანკის განცხადებაში.

  • გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისგან- მანანა არჩვაძე-გამსახურდია

    ,,გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან”,- ცოტნე გამსახურდიას დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.

    მისი თქმით, აუცილებელია ცოტნეს სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგან ის საავადმყოფო, სადაც ახლა მკურნალობს, უძლურია მსგავსი პაციენტისთვის.

    ,,ფეისბუქზე” მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სრულად გთავაზობთ:

    ,,მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!

    გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან. შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.

    ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც , ფაქტობრივად, სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.

    “ჩემთვის უცნობი” პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.

    მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიღუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.

    მოგიწოდებთ ყველას, მე – დედა მანანა არჩვაძე- გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასკნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R – 30-35 ‘ ; პულსი P – 180 ‘). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!!!

    აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ “ექსპერიმენტს” ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.

    დერეფანი სავსე იყო საავადმყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მივხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი, ამივარდა ტირილი , რის გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინისტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა “საბაბი”, რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.

    ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

    მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

    P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.

    ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია .
    პროფესიონალი  დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. “მკურნალობაში” გამოსავალს ვერ ხედავდა.

    დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ…

    აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკავშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…

    პატივისცემით მანანა არჩვაძე- გამსახურდია”,- წერს ცოტნე გამსახურდიას დედა.

  • რომელ ქვეყნებში დაიხურა კორონავირუსის გამო სკოლები და უნივერსიტეტები

    იუნესკოს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით 46 ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა.

    აქედან, 26-მა ქვეყანამ სკოლები ქვეყნის მასშტაბით დახურა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 376.9 მილიონ ბავშვსა და ახალგაზრდას მოიცავს. 20 ქვეყანაში ხელისუფლებამ სკოლების ლოკალიზებულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც COVID-19 ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

    მაგალითად, სკოლები დახურულია:

    დანიაში– ორი კვირის განმავლობაში ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დახურული იქნება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირების 514 შემთხვევა დადასტურდა.

    ყაზახეთი– აქ ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ორშაბათიდან სკოლები მაინც დაიხურება.

    იტალია– წინა კვირაში იტალიამ სასწავლო დაწესებულებები 1 თვით დახურა. მაშინ ქვეყანაში ინფიცირებული 2500 ადამიანი იყო, ახლა კი 15 ათასზე მეტია.

    იაპონია– ყველა სკოლა მარტის ბოლომდე დახურულია.

    ირლანდია– დღეს 18:00 საათიდან 29 მარტამდე ქვეყანაში ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.

    დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში სკოლები გარკვეულ რეგიონებშია დახურული. ესპანეთში სკოლები მხოლოდ მადრიდში დაიხურა, ხოლო საფრანგეთში- ბრიტანიში და ოისიში.

    საქართველოში სკოლის არდადეგებები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, უნივერსიტეტების ნაწილი კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის. 

    უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 133 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 5000-მდე ადამიანია.

  • კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის რაგბის შეხვედრა გადაიდო

    რაგბის კავშირის ინფორმაციით, 14 მარტს დაგეგმილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა გადაიდო.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის გამო ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია ,,რაგბი ევროპამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

    ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მატჩი.

  • ბრაზილიელ მაღალჩინოსანს, რომელმაც ტრამპთან ფოტო გადაიღო, კორონავირუსი დაუდგინეს

    დღეს ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ბოლსონაროს მდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსით დაავადება დაუდგინეს და ის ამჟამად კარანტინში იმყოფება. ის ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა და დონალდ ტრამპთან ფოტო გადაიღო.

    ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ აშინებს.

    „მოდით, ასე ვიტყვი: მე ეს არ მაშინებს“, განუხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ირლანიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარაკართან შეხვედრისას.

    ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბოლსონაროც მეთვალყურეობის ქვეშაა.

    ტრამპთან ბოლსონაროსა და ვაინგარტენის შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა

  • იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1016-ს მიაღწია

    იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია. ინიფიცირების შემთხვევები 2651-ით გაიზარდა და 15 ათასს გადააჭარბა,

    ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 132,993 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 68,891 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა – 4,946.

    რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.