Category: არქივი

  • “ეს არის მთლიანად პოლიტიკური საქმე” – ნიკა გვარამია სასამართლოში იმყოფება

    “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი,  სასამართლოში იმყოფება. ამჯერად ნიკა გვარამია, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს.

    გამოძიება პროკურატურამ, 3 მუხლით დაიწყო, საგამოძიებო უწყება “რუსთავი2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, კომპანიის საზიანო ქმედებას ედავება, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისება- გაფლანგვას.

    ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო პროცესი. მისი თქმით მან იცის რომ უდანაშაულოა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ის სამართლებრივ ასპექტებს არ ეყრდნობა.

    „როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ხომ ზღვარი არ არსებობს. როგორ უნდა ვიმკითხაო უკანონობა სადამდე მივა. ამისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მე ვიცი, რომ არაფერი არ ჩამიდენია. შეუძლებელია ჩემთვის რამის ინკრიმინირება. და კანონს რომ მიჰყვებოდეს პროკურატურა და სასამართლო, მე შემიძლია წინასწარმეტყველება მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ესე არ არის. უკანონობის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, ეს შეიძლება დამთავრდეს სხვა რამე გზით. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მე ვთქვი ის მაინც გაკეთდება. არ მადარდებს საერთოდ,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გამოძიება მის მიერ დაანონსებულ ტელევიზიის შექმნას უკავშირდება.

    „აბა რა არის მიზანი? შეთხზული ბრალი. წარმოუდგენელი რამე ხდება. თან ვინ მედავება, ქურდის ქურდი. წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ვითარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე სადამდე წავა უკანონობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ნებისმიერი განვითარება არის აბსოლუტურად გასაგები. მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. მთავარი უკვე გაკეთებულია. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან. ახლა მე სად ვიქნები ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“-განაცხადა  გვარამიამ.

  • თსუ-ს ლექტორმა სტუდენტს მასზე გაკეთებული “მიმის” გამო სასამართლოში უჩივლა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორმა გიორგი გორაშვილმა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ  ნაჭყებია წერს.მისი განცხადებით, ლექტორის უკმაყოფილება სტუდენტის მიერ მიერ დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებულმა სახუმარო ფოტომ გამოიწვია. „მიმი“, რომელიც ლექტორს ეხებოდა სასამართლოში სარჩელის მიზეზი გახდა.

    ბუბა ნაჭყებია ასევე აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

    “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი გორაშვილმა სოც. ქსელის, კონკრეტულად ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, აზრის გამოხატვის გამო ბრალი დამდო წვრილმან ხულიგნობაში. უნივერსიტეტის სუს-ის აგენტები, რომლებიც პროფესორ-აკადემიკოსებად გვევლინებიან, აფსურდულ დანაშაულში მდებენ ბრალს! სიტყვისა და აზრის თავისუფლებას მიზღუდავენ! ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელსაც სახელმწიფომ სისხლის სამრთლის დანაშაული აპატია, სასამრთლოს შენობაშივე მემუქრება რომ საფლავამდე ჩამყვება და უნივერსიტეტს დამატოვებინებს, ხოლო შსს-ის გამომძიებელი ანი ნინუა მიწოდებს უსინდისო და უნამუსო ადამინს სიმართლის თქმის გამო, რომელიც პროცესის პირველი ეტაპის შემდეგ, გადის მივლინებაში და შინაგან საქმეთა მინისტრისგან ხელფასის მომატებას ელოდება. სიტყივერ შეურაცხყოფას აყენებენ ჩემ დამცველსაც.
    საქმეს, რომლის პრეცენდენტი ქართულ სმართალს არ ახსოვს, რომელიც გამოძიებაში არც უნდა დაწყებულიყო ამ მიმართულებით, დღეს პროცესზე ხუთ საათიანი განხილვის შემდეგ 14 აგვისტოს ნიშნავენ! არის კითხვის ნიშნები – არ არის პასუხები!
    რექტორები იცვლებიან უნივერიტეტში “შიდა სამზარეულო” უცვლელი რჩება! დედაუნივერსიტეტის სახელით იქმნიან იმიჯებს და თავიანთი სახელებით ლახავენ უნივერიტეტის სახელს!
    ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმის რომ დიდი ხანია საქმის კურსიშია, მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ რაც ქეისმა გამოხმაურება ჰპოვა, კონფიდენცილური შეხვედრა მთხოვა და დამიქფიქსირა პოზიცია, რომ რაღაც ძალები მიბიძგებენ სიმართლე დავიცვა! გაიჟღერა ფრაზამ: “სტუდენტებმა ლექტორზე როგორ უნდა გავიელვოთ ცუდი აზრი” – კომუნიზმში გვაბრუნებენ! არ კმაყოფილდებიან თვალთვალით, პირადი სივრცის ხელყოფით და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მიზღუდავენ! ეს არ არის ჩემი და ლექტორის დავა – ეს დავა სტუდენტების დავაა უსამრთლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღქმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ! ჩაგვრის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლაა! სახლემწიფომ 14 აგვისტოს უარი უნდა უთხრას კომუნიზმის აზროვნებას. კოლეგა წმინდათა-წმინდა არაა, სტუდენტები არ ვართ პაიკები!
    გუშინ მე დამემქურნენ, ჩემზე მოახდინეს ფსიქოლოგიორი ზეწოლა – დღეს ჩემ კურსელზე! ვინ იქნება შემდეგი?!”-წერს ბუბა ნაჭყებია.

    სტუდენტი განმარტავს, რომ მას ლექტორი წვრილმან ხულიგნობაში ედავება, თუმცა მისი პოსტი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდებოდა.

    “ჯგუფში რომელიც სტუდენტებისთვის იყო შექმნილი, მიმის სახით დავდე ლექტორზე პოსტი რასაც კომენტარებშივე მოყვა უცენზურო სიტყვები”-აცხადებს ბუბა ნაჭყებია. 

  • ცუცხვათის მღვიმოვანში 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო აღმოაჩინეს

    ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობას განაგრძობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია.  მათ 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. 

    ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით.

    1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 – 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს და განამარხებულ ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს.

    მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

    ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი – 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები.„ბრინჯაოს მღვიმეში“ კი გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.

    ცნობისთვის,ცუცხვათის მღვიმე დაცული ტერიტორიაა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.

  • რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა- ღარიბაშვილი

    რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

    „იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

    ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“ – წერს ღარიბაშვილი.

  • რომელი საგნების ჩაბარება იქნება სავალდებულო აბიტურიენტებისთვის 2020 წლიდან

    2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
    სავალდებულო გამოცდების რაოდენობა ოთხიდან, სამამდე მცირდება. ამის შესახებ მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ხოლო მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე.

    “მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

    უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება“, – განმარტავენ სამინისტროში.

    „2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:

    1. ქართული ენა და ლიტერატურა;

    2. უცხოური ენა.

    აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

    სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

    სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად“, – განმარტავენ სამინისტროში.

  • “ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ”-სააკაშვილი(ვიდეო)

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 2008 წლის ომზე საუბრობს.

    „დღეს სრულდება 11 წელი მას შემდგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმასშტაბიანად საქართველოს, მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.

    ჩემთვის, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია, მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავის ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა.

    2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაინც გადარჩა ჩვენი გმირების წარმოდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით

    ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ხალხის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის. ჩვენთვის საბოლოო გამარჯვება იქნება საქართველოს გამთლიანება მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

    ჩვენთვის საბოლოო გამარჯვება რა თქმა უნდა იქნება, საქართველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა.

    საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის ჯერ საჭიროა ამ შიდა, მეხუთე კოლონის ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან და ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები.

    მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, დაკარგა მხედველობა, დაკარგა ჯანმრთელობა, ვინც დაკარგა თავისუფლება და ახლა იმყოფება ციხეებში, მაგრამ არ დაიხია უკან

    შინდისის გმირების სისხლი, ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა. ჩვენ ვიქნებით ისევ, ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ევრაზიაში. დიდება საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“- ამბობს სააკაშვილი.

  • “კლინიკური იდიოტიზმი” – გრიგოლ ვაშაძე გია ვოლსკის განცხადებაზე

    კლინიკური იდიოტიზმი – ასე აფასებს გრიგოლ ვაშაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას.

    „ვცდილობ ამ პიროვნებას სოკოსავით რომ არის ამოსული შევარდნაძის რეჟიმის მოსახსენიებლად, პასუხი გავცე ისე, რომ პირადული შეურაცხყოფა არ მივაყენო და თან მივანიშნო, რომ იდიოტიზმი რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის ყოველდღე ტელევიზორში დემონსტრირება საჭირო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომე ს არის კლინიკური იდიოტიზმი, რასაც ეს ადამიანი და მასთან ერთად “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებული ხალხი ლაპარაკობს. ზუსტად ასევე ყველას შეუძლია მას უთხრას, ის რომ სახელმწიფოს რომელიღაც სამინისტროში რომ მუშაობდა, მაშინ ის აგრესიები ვისი მოწყობილი იყო, საქართველოს ხელისუფლების?

    კოშმარია, რომ ვიღაცა ამ ტიპებს საერთოდ უშვებს ინტერნეტთან, რომ თავის ბოდვა გამოთქვან და რუსეთს კიდევ მიაწოდონ ამუნიცია.ასეთი ხელისუფლება გვყავს რაც გვყავს, აუცილებლად გავყრით ამათ არჩევნების გზით იმიტომ რომ აუტანელია უკვე ამათი მარაზმი“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

    საუბარია, ვოლსკის განცხადებაზე,სადაც ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

  • საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

    რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას  ავრცელებს.

    „11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას.

    რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად, კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • “განზრახ გასწირა მშვიდობიანი მოსახლეობა”-ვოლსკის 9 პუნქტიანი დასკვნა აგვისტოს ომზე

    “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აგვისტოს ომის 11 წლისთავს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  ვოლსკის 9 პუნქტიან დასკვნაში ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. 

    “ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და “ანტისაოკუპაციო” ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:

    1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;

    2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
    3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
    4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
    5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
    6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს “ოპერაცია” და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
    7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
    8. “მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის” აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
    9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა,”- წერს ვოლსკი.