Category: არქივი

  • საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება-ბახტაძე

    ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.

    ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, სწორედ ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

    აქედან კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო ჩვენს მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე-სალომე ზურაბიშვილი

    ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა.

    „მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალიდნელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • “რუსთავი 2” სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიხურება-გვარამია

    “რუსთავი2”, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიხურება-ეს განცხადება  ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში გადაცემა “ბარიერში” გააკეთა. გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია არაფერში ჭირდება,და მას სავარაუდოდ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს.

    “საქმე მიზნად ისახავს იმის თქმას რომ “რუსთავი2” ვიღაცამ გააკოტრა, იმიტომ რომ “რუსთავი 2” უნდა დახურონ. ამისთვის ჭირდებათ პრეტექსტი, რომ თქვან აი რა დღეში ჩააგდეს კომპანია. პაატა სალიას კი გონია, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ეს კომპანია დაიხურება,სავარაუდოდ წლის ბოლომდე. კომპანია წავა აუქციონზე და იყიდის ის ვინც იყიდის, ვიცით ყველა ვინც იყიდის და იყიდის მიწად. ვის რაში ჭირდება “რუსთავი2” მითუმეტეს მასში უნდა ჩაასხან ფული. ქიბარს სად აქვს ფული, საერთოდ სამრეცხაოები აქვს დარჩენილი ბიზნესად, რაც შეეხება ივანიშვილს ის არ ჩაასხამს ფულს ცხადია, სანამ ეს ჟურნალისტები არიან. ბიძინა ივანიშვილი დაბმულ მდგომარეობაშია, როცა უყურებს ეკრანზე ნოდარ მელაძეს და თამარ ბაღაშვილს.”აცხადებს გვარამია.

    არხის ყოფილი გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკით “რუსთავი2-ის” არსებობას არავითარი აზრი არ აქვს.

    “რუსთავი2-ის” სარედაქციო პოლიტიკის გამოცვლა ნიშნავს დაახლოებით მაყურებლის 80 %-ის დაკარგვას. იმიტომ რომ მისი მაყურებელი არის მწვავედ ოპოზიციური,ნათია ლაზაშვილს რომ დაინახავს დიანა ჯოჯუას მაგივრად, რომელი ოპოზიციის მომხრე დარჩება იქ?”-განაცხადა გვარამიამ.

  • რუსმა პროდიუსერმა აქციაზე, სიმღერა ჰერიო ბიჭებო ქართულად შეასრულა (ვიდეო)

    რუსმა პროდიუსერმა, ეგორ კუროპწევმა, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან იდევნება, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჯანსუღ კახიძის “ჰერიო ბიჭებო” იმღერა. ვიდეოს “ნეტგაზეთი” ავრცელებს.  როგორც იგორ კუროპტევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებმა ფაქტობრივად არ იციან, რომ “11 წლის წინ რუსეთის ჯარი შემოიჭრა მის “მეგობარ” ქვეყანაში და დაიწყო მისი დაპყრობა”.

    “ჩემი გამოსვლა გავრცელდება დასავლეთში ბევრი მედიასაშუელებით და ეს არის მნიშვნელოვანი. რუსეთში, რუსებმა ფაქტობრივად არაფერი იციან ოკუპაციაზე. 11 წლის წინ რუსეთის ჯარი შემოიჭრა მის “მეგობარ” ქვეყანაში და დაიწყო მისი დაპყრობა. უნდა გაიგონ რუსებმა, რომ დღემდე გრძელდება ეს პროცესი, ეს ომი და დღემდე კარგავს საქართველო ტერიტორიებს მცოცავი ოკუპაციიის სახით”, – აღნიშნა იგორ კუროპტევმა.

  • “11 წელი ომიდან” – საპროტესტო აქცია პარლამენტთან [live]

    რუსთაველის გამზირზე დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება. პარლამენტის წინ 49-ე დღეა, საპროტესტო აქცია იმართება.საპროტესტო აქციაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო.

    აქციის მონაწილეები 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

    {{PHOTOGALLERY}}

    აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროტესტის 49-ე დღეს, ომიდან 11 წლის თავზე, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები შეიკრიბებიან და აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს გაიხსენებენ. მათი თქმით, ოკუპაციას არასდროს შეეგუებიან.

  • სიღნაღის ტყეში მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

    სიღნაღის რაიონში, ტყეში მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც ოჯახი ბოლო რამდენიმე კვირის  განმავლობაში ეძებდა.

    მისი ცხედრის  ნაწილი და ტანსაცმელი ტყეში იპოვეს, ცხედრის სხვა  ფრაგმენტების მოძებნა კი  ვერ მოხერხდა.

    ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხუცი მამაკაცი  ტყეში მგლებმა დაგლიჯეს.

  • თბილისის მეტროში მატარებლის შუშა ჩაიმსხვრა. დაშავებულია 3 ადამიანი

    თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, მიწისზედა სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაადასტურეს.

    მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ რომ, ვაგონს სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო.

  • “ცოტა მეტი იმუშაონ ჩემს სტატუსებზე თქვენმა უსაქმურმა ტროლ-მუშაკებმა”-რა კომენტარი გავრცელდა კვესიტაძის სახელით

    ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სახელით აგვისტოს ომის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოჩნდა, რომელსაც სხვადასხვა გვერდები ავრცელებენ.ჟურნალისტი განმარტავს, რომ კომენტარი სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და დეზინფორმაცია ე.წ. ტროლებმა გაავრცელეს.

    “ცოტა მეტი იმუშაონ ჩემს სტატუსებზე თქვენმა უსაქმურმა ტროლ-მუშაკებმა”-რა კომენტარი გავრცელდა კვესიტაძის სახელით”-წერს კვესიტაძე.

  • უცხოეთში ვიზიტებისთვის ბახტაძემ 2 მილიონ 320 ათასი ლარი დახარჯა

    პრემიერმა მამუკა  ბახტაძემ და მისმა გუნდმა წელს იანვრიდან ივნისამდე, 6 თვეში  2 მილიონ 320 ათასი ლარი უცხოეთში ვიზიტებისთვის დახარჯეს.

    მაშინ, როცა შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ორი მილიონი ლარით არის გაზდილი მივლინებებში ყველა საბიუჯეტო უწყებაში.

    ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ, რაც კიდევ უფრო აუფასურებს ეროვნულ ვალუტას.

    მმართველ გუნდში და პრემიერის ადმინისტრაციაში გაზრდილ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებები ჯერჯერობით  არ გაკეთებულა.

  • “რუსეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“–ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.

    კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით.

    საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. ეს მემკვიდრეობა თაობებზე ზემოქმედებას დღესაც ახდენს. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს.

    1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

    ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“– ნათქვამია განცხადებაში. 

    ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ განცხადება ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.