Category: არქივი

  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება განაახლეს

    საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა – ინფორმაციას სოფელ გეგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

    როგორც უწყებაში განმარტავენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

    „ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება.

    საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას. საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

  • რუსთავი2–ის ახალ მფლობელს ეთერიდან 20 ივნისის პრომოს ამოღებას და ძველი თანამშრომლების გაშვებას თხოვენ

    რუსავი2–ის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და ახალ დირექტორს, პაატა სალიას არხის ეთერიდან იმ ვიდეოს ამოღებას თხოვენ, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს ასახავს და არხის ეთერში დღეში რამდენჯერმე გადის. ამ მოთხოვნით “საერთო გაზეთი გამოდის.“ მის შესახებ ის არის ცნობილი, რომ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაა და ასავალ–დასავალის სტამბაში იბეჭდება. გაზეთი მიმართვას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:

    “ბატონ ქიბარ ხალვაშს

    ბატონ პაატა სალიას
    ბატონებო,
    კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხსენით საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები, რომლებიც უკვე 47-ე დღეა „კურიერის“ დაწყებამდე დღეში ხუთჯერ ტრიალებს ეთერში.
    ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება _ შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, სისხლიანი ანგარიშსწორება.
    აბა, დავფიქრდეთ_ ამ კადრების ნახვის შემდეგ რომელი ინვესტორი დათანხმდება აქ ფულის ჩადებაზე, ან რომელი ტურისტი გარისკავს ჩამოსვლას? ან როგორ მოხდება ლარის დასტაბილურება და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები? ასე რომ, დაბეჯითებით გთხოვთ, მოხსენით ეს კადრები ეთერიდან.“

    „საერთო გაზეთის“ რედაქცია

    წერილის კომენტატორები ქიბარ ხალვაშს არხზე პოლიტიკის სასწრაფოდ შეცვლისა და ძველი კადრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

    ამ მიმართვას და კომენტარებს ტელეკომპანია რუსთავი2-ის საინფორმაცი სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    “ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას კურიერის 20 ივნისის პრომოს ეთერიდან მოსხსნას, არხის გაწმენდასსსს და ჟურნალისტების გაშვებას სთხოვენ. დაიწყო კოლექტიური წერილები ტროლებით და ბოტებით ომი.”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

    ეს არის ვიდეო, რომლის რუსთავი2–ის ეთერიდან მოხსნას ითხოვენ.

  • განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ  განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
    . ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    “სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისში, ონაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, რ.უ.-ს და ა.ს.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად რ.უ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.ს.-მ გაქცევით უშველა თავს. გადაუდებელი ოპერაციების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

    სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • “თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურები“ – ლევან ბერძენიშვილს მაღაზიაში მომსახურებაზე უარი უთხრეს(ვიდეო)

    ლევან ბერძენიშვილს მაღაზიაში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

    “ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!:-წერს ბერძენიშვილი. 

  • თსუ-ს ლექტორმა ის პოსტი გაასაჯაროვა, რის გამოც სტუდენტს სასამართლოში უჩივლა

    უპრეცედენტო საქმეზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართლის  ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელმაც სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გავრცელებული მიმის და კომენტარებში  გინების შემდეგ უჩივლა, განცხადებას ავრცელებს და მომხდარის მიზეზებს განმარტავს.

    გორაშვილი ამბობს, ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა – გინებასა და ბულინგის მსხვერპლი, რამაც  მასობრივი ხასიათი მიიღო. რაც შეეხება კონკრეტულ სტუდენტს, ლექტორის თქმით, მან შეურაცხმყოფელი კომენტარი იმ ჯგუფში დაწერა, სადაც  ყველა სტუდენტი, კურსამთავრებული, მეგობარი და კოლეგა – იურისტები არიან გაწევრიანებულნი.

    “ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ ჯგუფ – TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა – იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ, 2019 წლის 30 ივნისს, საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც), როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ ჯგუფში სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი.

    როგორც ლექტორს, სტუდენტ ბუბა ნაჭყებიასთან სასემინარო კურსის ფარგლებში შეხება არ მქონია. იგი ჩემთან მოვიდა დაცვის სამსახურში მიღების თხოვნით, რაზეც მაშინვე დავთანხმდი, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის 20 – 35 პროცენტი სტუდენტებისაგან შედგება. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ იქ, სადაც სწავლობენ. ბუბა ნაჭყებიამ ორი თვის განმავლობაში იმუშავა და ვინაიდან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაცვის სამსახურის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევების გამო (რაც აისახა მისივე ახსნა – განმარტებებში და რისთვისაც არაერთხელ მიიღო გაფრთხილება) ნებაყოფლობით დატოვა დაკავებული პოსტი.

    სამწუხაროა, მაგრამ ბუბა ნაჭყებიამ იმისთვის, რომ წარმოჩინდეს საზოგადოებაში, აირჩია პოპულარობის მიღწევის ამორალურ გზა. ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ ვფიქრობ გაცნობიერებული არ აქვს რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემს მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი.

    ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა – გინებასა და ბულინგის მსხვერპლი, რამაც მიიღო მასობრივი ხასიათი. ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია, როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!

    სამწუხაროდ, ამავე მიუღებელი და ამორალური თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ ის სტუდენტებიც, ვისთვისაც მიუღებელია პროფესორის საჯარო ლანძღვა – გინება და ზოგადად უნივერსიტეტში ურთიერთობის მსგავსი ფორმა, ასევე ის სტუდენტებიც, რომლებმაც მოწმის სახით ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს. ისინი მოწმის სტატუსის შეძენისთანავე გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი, რამაც განაპირობა მათდამი დამამცირებელი და მტრული გარემოს შექმნა”-წერს ლექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და იმ კომენტარს ასაჯაროებს, რის გამოც მან სტუდენტს უჩივლა.

  • “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლოში დღეს გამოიკითხება

    “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი  სასამართლოში დღეს 15:00 საათზე გამოიკითხება. ამის შესახებ ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა და ის შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მან სასამართლოდან მიიღო.

    პროკურატურაში “ტვ პირველის” მფლობელი გამოკითხვაზე 2 დღის წინ დაიბარეს, თუმცა ვატო წერეთელმა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში მოითხოვა.

  • გავრილოვი-ბოკერიას ხელით რუსების და ქართველების გამთბარი ურთიერთობა დაამსხვრიეს-კვიციანი

    “გავრილოვი-ბოკერიას ხელით რუსების და ქართველების გამთბარი ურთიერთობა დაამსხვრიეს”-ეს განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის წევრმა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა გააკეთა.

    8 აგვისტოს კვიციანი ავანტურის დღეს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ქართველები და რუსები ერთმანეთს სააკაშვილმა გადაამტერა.

    “08.08.08.
    თარიღი ავანტიურისა, რომელიც რუსეთმა სააკაშვილის ხელით წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ!რითაც ქართველები და რუსები გადაამტერეს ერთმანეთს დიდი ხნით!
    20.06.19.
    თარიღი როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა გავრილოვისა და ისევ ნაციონალების(ბოკერია) მეშვეობით უკვე გამთბარი ურთიერთობა რუსებსა და ქართველებს შორის დაამსხვრიეს და ისევ შეძლეს ჩვენი ქვეყნის საზიანო ქმედების წარმატებით დაგვირგვინება!
    არც პირველ ავანტურაზე არავინ აგო პასუხი და არც ბოლო გავრილოვის თემაზე!ანუ ვინც დღეს მართავს საქართველოს ისიც თავიდან ბოლომდე ჩარეულია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში!ვინაა ეს?
    ა მ ე რ ი კ ა !!!წერტილი!
    პ.ს.
    რამდენი წელია ვკითხულობ ანწუხელიძეს ვინ უღალატა?!პასუხს არ იძლევიან!
    დიდება გმირებს!!!
    მოღალატეს გაწყვეტა!!!”-წერს კვიციანი.

  • ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს ომი -თალაკვაძე

    ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს ომი -თალაკვაძე ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

    „პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს, ასევე, ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასდროს განმეორდეს ომი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება, ეს იყო ის იდეალი, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და მათი ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს, თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში,“ – განაცახადა თალაკვაძემ.

  • სახალხო დამცველი აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    სახალხო დამცველის აპარატი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ასევე, ადამიანურ ურთიერთობებს. იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხული იქბა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება.

    მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. უკანონო დაკავებები, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე სამხედრო წვრთნები, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო სამეურნეო მიწები და ამით გამოწვეული სიღარიბე, ეს პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ადგილობრივებს.

    განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან.

    წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად განათლების ხარისხი მკვეთრად გააუარესა.

    ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, კლინიკები აფხაზეთსა და ცხინვალში კადრებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდიან. მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები ვერ სარგებლობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებით, დე ფაქტო სტრუქტურების მიერ შეთავაზებული სერვისები კი, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია.

    აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილი აქვს იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე, რაც ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღის საფრთხეს ქმნის. ეთნიკურ ქართველებს სთხოვენ აიღონ ბინადრობის მოწმობა, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობას.

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია უხეშად ირღვევა საკუთრების უფლება. 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ მიზანმიმართულად განადგურდა ეთნიკური ქართველების ასობით სახლი ან მოხდა მათი უკანონოდ გასხვისება. 2019 წლის აპრილში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მოხდა ე.წ. „კანონპროექტის“ ინიცირება, რომელიც 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მებრძოლი პირების ოჯახის წევრებისთვისაც კი კრძალავს ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებას.

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ იქ შესვლის საშუალება.

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

    1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაზარალდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 282 485-ზე მეტია. აქედან, 26 888-ზე მეტი პირი (დაახლოებით 9 081 ოჯახი) 2008 წლის მოვლენების შედეგად ცხინვალის რეგიონიდან გახდა ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი.“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ – დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსულ ოკუპაციაზე

    რუსეთ-საქართველოს რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ტვიტერზე გამოეხმაურა და დიდი ბრიტანეთის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.
    “ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობა ორად დაყო. თუმცა როდესაც ისინი მომავალზე საუბრობენ, მავთულხლართები ქრება.

    რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქ. ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას”-წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.