Category: არქივი

  • ყინწვისის ეკლესიაში მეტლახი დააგეს

    ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ახალი იატაკი დააგეს. მომხდარ ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ახალი იატაკი თვითნებურად დააგეს.

    “სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

    უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.
    განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს.
    ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა.
    ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა. სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება. იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთბული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც.
    რუის-ურბნისის ეპარქიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა კვალიფიციური სპეციალიტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით უზრუნველყოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მეთოდოლოგიურად მართებული სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება და მისი განხორციელების ზედამხედველობა, რომელიც წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში იატაკის ფენილის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს”-აღნიშნულია განცხადებაში.

    ეკლესიაში დაგებული ახალი იატაკის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა 80 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდას მოითხოვს

    თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. 

    სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.

    ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

    შეგახსენებთ, რომ   გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

    საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • აზერბაიჯანული მხარე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

    აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის  ცენტრის ცნობით, დღეს დილას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. მათი ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა და ნგრევა არ მოჰყოლია.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

  • საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში რამდენიმე წუთის წინ 5,1 მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანი- საქართველოს საზღვრიდან – 30კმ-ში დაფიქსირდა.

  • გია ყანჩელს დაბადების დღე საავადმყოფოში მიულოცეს (ვიდეო)

    ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის გახდა. ამჟამად ის საავადმყოფოში მკურნალობს, დაბადების დღე კი მას კლინიკის ექიმებმა  და ახლობლებმა მიულოცეს.

    ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა.

  • ყალბი მართვის მოწმობის დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი მართვის მოწმობის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
    უწყების ცნობით,ბრალდებულმა, დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

    გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

  • “გადადგეს საქართველოს მთავრობა!” – ბათუმში ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო

    საპროტესტო აქცია ბათუმში – ორმა მოქალაქემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. უჩა ოქროპირიძისა და რობერტ ნადირაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენები ხელისუფლებისგან ხელოვნური პროვოკაცია იყო და მოქალაქეები უსაფუძვლოდ დააკავეს.

    ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საკუთარი შეხედულებები დააფიქსირონ. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს.

    „ხელისუფლებას დაკარგული აქვს ყოველგვარი კონტაქტი ა მოწყვეტილია რეალობას და ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სხვისი ბრალია,“ – განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, უჩა ოქროპირიძემ.

  • “ივანიშვილმა ვერ მოინელა, რომ ამდენი სირთულის შემდეგ ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე“ – ნიკა გვარამიას მეუღლე

    „ჩემი მეუღლე დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის,“ – ეს განცხადება ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფია ლილუაშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს პროკურატურაში ქმართან ერთად მივიდა. 

    ლილუაშვილი პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა.

    „ნიკა გვარამია, ჩემი მეუღლე, დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოერია სიტყვით, რომელიც ვერ შეაშინა და ამიტომ, მგონია, რომ დღეს, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა ის, რომ დღეს ამდენი სირთულის შემდეგ ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე, ისევ აქვს ბრძოლის უნარი და ისევ არ ნებდება. ედავებიან მხოლოდ იმაში, რომ მან საკუთარი შვილების ბინა გაყიდა და ეს თანხები მოახმარა კომპანიას, რომლის არსებობაც იმ მომენტისთვის იყო აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად,“ – ამბობს სოფია ლილუაშვილი.

  • გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის დადგენილება დახია

    „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია.

    გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. მისი განცხადებით, ბრალში არ დევს ის ეპიზოდი, რომელზეც დღეს პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

    „ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი ყველა მოხვდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას“, – განაცხადა გვარამიამ.

    გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ივანიშილი აღა მაჰმად ხანის გზაზეა დამდგარი“–ალეკო ელისაშვილი

    “ნიკა გვარამიას დაჭერას რომ გადაწყვეტ ხარ მდაბიო და ხურდის სულის კაცი”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას და ბრალის წაყენებას.

    “ნიკა გვარამიას დაჭერას რომ გადაწყვეტ ხარ მდაბიო და ხურდის სულის კაცი. ივანიშვილს შეეხება ეს. სახელმწიფო და პროკურატურა მის დუქნებად გადაიქცა რახანია და ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია ამის. ივანიშვილი არის მეტასტაზი ამ ქვეყნის და ეს მეტასტაზი მოსაშორებელია! ყველაზე მეტად უღირსი და ქვეშქვეშა ხალხი მძულს, ბრაზს რომ გულში იბრუნებს და საჭირო მომენტს ელოდება. აღა მაჰმად ხანი იყო ეგეთი – დაბოღმილი ქერიმ ხანის სასახლეში ხალიჩებს რომ ჭრიდა, როგორც კი შაჰი გახდა ქერიმ ხანის გვამი ამოათხრევინა და საკუთარი სასახლის ზღურბლზე დამარხა რომ ყოველ დღე ფეხით გაეთელა. მდაბიო იყო სულით და იმიტომ ქნა ასე. ბიძინა ივანიშილიც აღა მაჰმად ხანის გზაზეა დამდგარი დიდი ტემპებით. 2012 წელს ქვეყნის ხსნა და წინსვლა მივანდეთ და რვა წლის თავზე ნიკა გვარამიასთან “აბაროტის ამღები” მდაბიო მივიღეთ”- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.