Category: არქივი

  • ”მოულოდნელი” სცენარი გაათამაშა ოლიგარქმა – ეკა კვესიტაძე

    რა ”მოულოდნელი” სცენარი გაათამაშა ოლიგარქმა, პირდაპირ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება, – ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს გაყიდვის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება.

    “რა ”მოულოდნელი” სცენარი გაათამაშა ოლიგარქმა, პირდაპირ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება. სალიამ ვითომ ახალი სატელევიზიო ბადე (სადაც ყველა ძველი გადაცემაა) ახლა სახლში წაიღოს და მისაღებში ჩამოიკიდოს“, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა, მიზეზად კი მან არხის ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. ხალვაში ტელეკომპანიის გასხვისებას ერთი კვირის ვადაში აპირებს.

  • “მივმართავ პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ ტელეკომპანიის შეძენისგან”-ია კიწმარიშვილი

    ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა “რუსთავი2“-ის 30% წილის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

    “ყველასათვის ცნობილია, რომ “რუსთავის 2“-ის მფლობელებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, მე, როგორც ეროსის სამართალმემკვირდრეს, ყველანაირირი სამართლებრივი და მორალური უფლება მაქვს, ეს წილი მოვითხოვო. ეს დავა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, მე ვთვლი,რომ ყველანაირი უფლება მაქვს მოვითხოვო მისი წილი განსაკუთრებით ახლა“, – განაცხადა კიწმარიშვილმა

    კიწმარიშვილმა მოუწოდა პოტენციურ მყიდველებს, რომ თავი შეიკავონ ტელეკომპანიის შეძენისგან, რადგან ის სადავო ქონებაა და ის აპირებს მისთვის სამართლებრივად  ბოლომდე იბრძოლოს.

    “დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან.დღეს მე აქ ვარ სწორედ იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩემთვსი გახდა ცნობილი და მე როდესაც გავაჟღერე საინფორმაციო საშუალებებში მხოლოდ შემდეგ დაადასტურა ბატონმა ქიბარმა. დიახ ის გეგმავს გაასხვისოს და მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს პირადად მე ვაპირებ, რომ მივყვე ბოლომდე , იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სტრასბურგი”-განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

  • იმაზე იაფად მაინც ნუ გაყიდი, რაც ეგ სასამართლო დავა დაგიჯდა – შოთა უტიაშვილი ქიბარ ხალვაშს

    ქიბარ, იმაზე იაფად მაინც ნუ გაყიდი, რაც ეგ სასამართლო დავა დაგიჯდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ეს საქმე კარგი გამოსაძიებელი იქნებოდა.

    „ქიბარ, იმაზე იაფად მაინც ნუ გაყიდი, რაც ეგ სასამართლო დავა დაგიჯდა. რა კაი გამოსაძიებელი საქმე იქნება შეთქმულება რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების მიზნით, მთელი მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა შეგიძლია დაა…ნა“ – განაცხადა უტიაშვილმა

    შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის, ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით, წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. განცხადებას რუსთავი 2 უცვლელად გთავაზობთ.

  • “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

    “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი 15:00 საათზე  საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი ტელეკომპანიაში გაიმართება. სალია ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავი 2-ის” გაყიდვის შესახებ ისაუბრებს.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2-ის” მფლობელმა პაატა სალიამ განცხადება გააკეთა, მისი თქმით ის ტელეკომპანიას ყიდის.

  • ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის

    ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის, ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით, წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. განცხადებას რუსთავი 2 უცვლელად გთავაზობთ.

    “თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“.

    რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

    არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.

    დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, – ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

    დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. რუსთავი 2-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილმა ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.

    ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ.

    მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას.

    სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის რუსთავი 2-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.

    ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

    გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

    იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.

    კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს – ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.

    ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

    იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები”-აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

  • მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს

    მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ მიიღეს ინფორმაცია, რომ მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

    რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

    მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
    ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

  • გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, გლდანულას მეოთხე შესახვევის # 11-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

    კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ჯანჯღავას მე-3-ე შესახვევსა და გლდანულის (გლდანის ხევის) მე-4-ე შესახვევს.

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

  • ჭიათურაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

    ჭიათურაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს აბაზანაში დენმა დაარტყა. ახლობლების ცნობით, სააბაზანოში დენი წყლის გაამცხელებლიდან გადავიდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

  • პატრიარქის ლოცვა-კურთხევით “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს” ხატი შეიქმნება

    საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესთან დაკავშირებით “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს” ხატი შეიქმნება. ამის შესახებ საკვირაო ქადაგების დროს სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, ილია ნასიძემ ისაუბრა. ქადაგებიდან ფრაგმენტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    “წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოსთვის ღვითისმშობლის წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს დღესასწაულად, იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერებისა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი და სიმბოლო ურყევი სასოებისა და იმედისა.

    ღვთის ნებით მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართველი ემიგრაცია მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლისთავზე ახლადშექმნილი ხატი ღვთისმშობლისა იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა, ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნეობაში გამთლიანებისა. ყველა ადამიანი, თუნდაც ერთი ლარითაც თუ შეეწევა, ისიც იქნება თანამონაწილე ამისა. არავის ევალება დიდი თანხების შეწევნა, თანამონაწილეობა არის დიდი რამ”,- განაცხადა მამა ილიამ.

  • უშბაზე დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია ტარდება

    უშბაზე უცხოელი ტურისტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციისთვის ვერტმფრენი სვანეთის მიმართულებით ადგილზე უკვე გაფრინდა.

    უშბაზე სულ ორი ტურისტი იმყოფებოდა მათგან ერთ-ერთი დაშავდა. მისი გადმოყვანა თბილისში მოხდება.