Category: არქივი

  • დეპუტატმა ილია წულაიამ კორონავირუსის გამო კანონი დაარღვია

    ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია წულაიამ, რომელიც კომპანია არქის დამფუძნებელია, კანონი დაარღვია. არქის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც დეპუტატი კომპანიის ბანერთან დგას და პირადად აცნობს საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის 30 000 ლარის გამოყოფის შესახებ.

    პარლამენტის რეგლამენტი პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსებას ასე არეგულირებს:

    1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

    2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

    3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

    ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

    ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

    ილია წულაიას ფორმალურად არქის და მასთან დაკავშირებული კომპანიების წილი მართვის უფლებით აქვს გადაცემული, თუმცა ამ ვიდეოთი ცხადი ხდება, რომ ის კომპანიის საქმიანობაში და მართვაში მონაწილეობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის რეკლამირებას ეწევა.

    კომპანიამ ფეისბუქში დეპუტატის მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოს სარეკლამო კამპანიაც ჩაუშვა.

  • აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გამო  საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

    „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შეიზღუდა აშშ-ის საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეების მიღება, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში.

    შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

    შეზღუდვა არ ეხებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ამერიკაში ლეგალურად მუდმივად მცხოვრებ პირებს, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ოჯახის წევრებს (პირველი რიგის ნათესავებს), აშშ-ის მოქალაქისა თუ მუდმივად მცხოვრები პირის ნაშვილებ უცხოეთის მოქალაქეს და არასრულწლოვან და-ძმას. სრული ჩამონათვალი იხილეთ პრეზიდენტის განკარგულებაში

    აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შედის 13 მარტის ღამის 11:59 საათიდან (EST -აღმოსავლეთ სანაპიროს დროით).

    საელჩოს ინფორმაციით, ჯერჯერობით ევროპიდან ფრენები ორივე მიმართულებით კვლავ ხორციელდება, ისევე როგორც სტამბოლის, კიევისა და დოჰას მიმართულებიდან.

    რადგან აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრდან ინფორმაციის დაზუსტება ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად, საელჩო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს ვებგვერდსა და FB-გვერდს.

    საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

    კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

    აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

  • ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად- ბაქრაძე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” დამარცხება ოპოზიციას უკეთესი საქართველოს ასაშენებლად უნდა.

    ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ მემორანდუმის გაფორმება ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება.

    ,,დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. „ევროპული საქართველო” სიამოვნებით უერთდება ამ შეთანხმებას, ეს შეთანხმება არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს, ღირსეული და თავისუფალი ბიზნესისა და ღირსეული და თავისუფალი მოქალაქეების პირობების შესაქმნელად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    რამდენიმე წუთის წინ 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოს რეფორმის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმება 5 რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ განხორციელდება.

  • 5 რეფორმა, რომელსაც ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში სასამართლო სისტემაში განახორციელებს

    ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ისინი ამ წუთებში მემორანუმს აფორმებენ. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ისინი გამარჯვების შემდეგ აპირებენ, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლაა.

    პარტიებმა მემურანდუმს ხელი უზენაესი სასამართლოს წინ მოაწერეს. შეთანხმებაში 20-მდე ოპიზიციური პარტია მონაწილეობს.

    მემორანდუმი ხუთ რეფორმას ითვალისწინებს:

    1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;
    2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;
    3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.
    4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
    5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

    სასამართლოს რეფორმაზე დიალოგი პარტია ,,გირჩის” ოფისში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა- ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირდა, უკვე განიკურნა.

    მისი თქმით, კარანტინის გავლის შემდეგ ის საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

    ,,იტალიაში იყო ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც უკვე განკურნებულია, უკვე გამოეწერა, ჩვენ მასთან გვაქვს კავშირი, მას ჩვენი საელჩო დაეხმარა, რათა ჯანდაცვის შესაბამისი სერვისი მიეღო, იგი გაივლის გარკვეულ საკარანტინო პროცედურებს და ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს”,- ამბობს დავით ზალკალიანი.

    ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 1016-ია. საქართველოში ვირუსით 25 ადამიანია დაავადებული.

  • “ვირუსს პასპორტი არ აქვს”- ემანუელ მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელევიზიო მიმართვის დროს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებისთვის ფრენების აკრძალვას უკავშირდება.

    საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს.

    „დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო ნაბიჯები უნდა გავატაროთ. ვირუსს პასპორტი არ აქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ, უნდა ვითანამშრომლოთ“,-აღნიშნა მაკრონმა.

    შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ქვეყანაში შენგენის ზონის ქვენებიდან ფრენებს დროებით აკრძალავს.

  • ფონდი „ქართუ” მზადაა კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს თანხა გამოუყოს

    „ქართუ” ფონდი კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე განცახდებას ავრცელებს.

    „დღეს ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას.

    საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს.

    საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტურ მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.

    „ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

    ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით“- წერია განცხადებაში.

  • ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დიუთონს კორონავირუსი დაუდასუტრდა.

    „დღეს რომ გავიღვიძე ყელი მტკიოდა და ტემპერატურის მატება მქონდა. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და კორონავირუსზე ანალიზი ავიღე, მოგვიანებით მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ“,-წერს მინისტრი ,,ტვიტერზე”.

    ცნობისთვის, ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 160 შემთხვევა დაფიქსირდა, 3 გარდაიცვალა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება გამოსცა- ვის აეკრძალა თავდაცვის სამინისტროში სამსახურში გამოცხადება

    თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბრძანება გამოსცა.

    ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას:

    • თანამშრომლებს, რომლებიც თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
    • მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
    • პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი;
    • გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
    • ორსულ ქალს;
    • ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს. აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

    ღარიბაშვილის ბრძანების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. 

    ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

    მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.

  • თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხელეთა ნაწილი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

    „დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.

    საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.