Category: არქივი

  • ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს – ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, მოუწოდებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყონ და დროულად დაფარონ დავალიანება. მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

    „მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან და მე მგონი არ არის სამართლიანი. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ თავიანთი ვალების რესტრუქტურიზაციას. პირველ რიგში რაც არის მთავარი ის არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

    ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვს “რუსთავი 2-ს,” “ტელე იმედს” და “მაესტროს”, ხოლო ტვ პირველი და ტელეკომპანია “კავკასია” გადასახადს დროულად  იხდიან.

  • საქართველოს საგარეო უწყება გუგუტიანთკართან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

    სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    „საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

    ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • Global Finance-მა თიბისი ბანკის მობაილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

    ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო – საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის.

    გამარჯვებული ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინა: ციფრული ბანკის მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის ეფექტური პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, ციფრული სერვისების მომხმარებლების ბაზის გაფართოება, შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნება, მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი

    „ციფრული საბანკო მომსახურება სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ციფრული ბანკებისთვის დაწესებული ჯილდოები ამ სფეროში ინოვაციის და წარმატების აღიარების დასტურია“, – განაცხადა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.

    Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

  • “უვიცი და თავხედი ხარ შენ” – მეთოფიშვილი ანა დოლიძეს

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი ხმაურით დაიწყო. მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება, დაპირისპირების გამო, დროებით შეწყვეტილი იყო.

    სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთი მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას კითხვას მოჰყვა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რამდენად მიზანშეწონილად თვლიდა მოსამართლეობის კანდიდატი, თეა ძიმისტარაშვილი, რომ დეკლარაციაში მითითებული ყოფილიყო კონკრეტული პირების მისამართები და ასახული ყოფილიყო, კონკრეტულად სად ცხოვრობენ ისინი.

    სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დაპირისპირება საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის. ანა დოლიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პირებს, მათი ქონების მდებარეობა დეკლარაციაში მითითებული უნდა ჰქონდეთ. ირაკლი შენგელიამ კი განაცხადა, რომ კონკრეტულ პირს, მისი პირადი საცხოვრებლის მისამართი მითითებული არ უნდა ჰქონდეს.

    „ბევრი ბინები აქვს ვანო ზარდიაშვილს ზუსტად ვიცი, ამიტომ მთლად მისი მიგნება ადვილი არ იქნება…. ბევრი ბინა აქვს ოთარ ფარცხალაძეს, ზუსტად მახსოვს… არ უნდა იყოს ქონების მდებარეობა მითითებული?“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

    ანა დოლიძემ  საბჭოს არამოსამართლე წევრი „შარიკოვიზმში“ დაადანაშაულა, რის შემდეგაც  სერგო მეთოფიშვილმა   დოლიძეს „უზრდელი და თავხედი“ უწოდა.

    „თავხედი ხარ, უვიცი და თავხედი ხარ შენ… თავხედობ,“ – მიმართა მეთოფიშვილმა არამოსამართლე წევრს.

    ამ კამათის გამო დროებით, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

  • გუგუტიანთკარში 9 ოჯახის ნაკვეთები მავთულხლართებს მიღმა მოექცა

    ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ადასტურებს, რომელიც ამცხადებს, რომ დღეს დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

    ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედებაა.

    “ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული,”-აცხადებენ სუს-ში.

    შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პირველად მოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 ადამიანი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის  4 პირი  დააკავა, მათ  შორის 2 ნარკორეალიზატორი, – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ჰყიდდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ შეისყიდეს და ისინი ფარულად, ვიდეო და აუდიო სისტემით ჩაიწერეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.

    “პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა”-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი ნარკორეალიზატორი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადა ჭელიძემ.

    გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

  • სკანდალური ფილმი “იმედზე” – ოპოზიცია ავტორის დასახელებას ითხოვს

    ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა-ასე ეხმაურება ოპოზიცია აგვისტოს ომის თემაზე ტელეკომპანია “იმედის ეთერში გასულ ფილმს.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა, რომ ეს ფილმი რუსული პროპაგანდის ნაწილია.

    „ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ფილმი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა ORT თუ “Russia today” ან რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე. ჩვენ მივმართავთ ტელეკომპანია “იმედს.” სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ტელეკომპანია “იმედს” და საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია ყველასთვის რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს სამარცხვინო ფილმი. მათ გვინდა შევახსენოთ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველო არის მსხვერპლი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • “99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია”- რა ხდება გუგუტიანთკარში

    “რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს მცოცავი ოკუპაცია”- ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას გუგუტიანთკარის მიმართულებით პოლიცია  აღარ უშვებს და 99%-ით დადასტურდა, რომ რუსული მცოცავი ოკუპაცია განახლდა.

    დავით ქაცარავამ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში  განაცხადა,  რომ გუგუტიანთკარისკენ მიემართებოდა, იმისთვის რომ  მიიღოს ინფორმაცია, რა ვითარებაა ადგილზე. ქაცარავა მთავრობისგან რეაგირებას მოითხოვს, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებს ყურადღებით იყოს დ აინფორმაციის ბოლომდე დადასტურების შემთხვევაში საჭირო იქნება ხალხის შეკრება.

    “როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემს პირდაპირ ჩართვაში შეგატყობინეთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სოფლის მცოცავი ოკუპაცია.
    ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფლის მისადგომებთან, კერძოდ კი მერეთის პოლიციის შენობასთან.
    პოლიცია აღარ გვიშვებს გუგუტიანთკარის მიმართულებით.
    ეს 99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია.
    ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია.
    მთავრობის წევრებო!
    იმედი მაქვს, ვიხილავთ თქვენს გუგუტიანთკარში შემავალ მანქანებს!
    გუგუტიანთკარელებო!
    პოლიცია არ გვიშვებს თქვენს გვერდით დასადგომად!”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • „რუსთავი 2-ს” „რიჟა“ ყიდულობს – ელისო კილაძე

    „რუსთავი 2“-ს „რიჟა“ ყიდულობს“-ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს. მისი ინფორმაციით, უკვე ცნობილია ვინ იქნებიან არხის მენეჯმენტში.

    “დილის ნიუსი: „რუსთავი 2“-ს ყიდულობს „რიჟა“-გიორგი კაპანაძე (ბავშვობის მეგობარი რომ ჩაწერა და დააჭერინა,ის), მენეჯმენტში მოყავს ნინო შუბლაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და თაკო ფხაკაძე! და ესენი მე მეძახიან ნაცს,“ – წერს კილაძე

  • იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ცოტა ხნის წინ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . ,,დიანიუსის” ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცავალა, ორი კი დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.