Category: არქივი

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9121 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9090 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევროც,  რომლის კურსი 3.2572 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა.

  • “ბელადებზე როდესაც არის საუბარი, კონკრეტულად დაუშვათ ლენინი იყო”-მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი დოლიძის შეკითხვაზე

    დღეს დილიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი ხმაურით დაიწყო. თეა ძიმისტარაშვილთან გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე კამათის ფონზე წარიმართა. განსაკუთრებული განხილვის თემა გახდა კანდიდატის პასუხი ანა დოლიძის შეკითხვაზე  “თქვენთვის ვინ იყო, ვის ჩათვლით როგორც მოქალაქე, რომ ეს პიროვნება არის ლიდერი?”

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა ლიდერად ლენინი დაასახელა.

    “ისტორიულად ბელადებზე როდესაც არის საუბარი, კონკრეტულად დაუშვათ ლენინი იყო იმ… იმის ლიდერი… წყობილებაც შემდეგ უკვე დანერგა და იმ იდეების შემდეგ უკვე განმახორციელებელი. ეს იყო ლიდერი აი ამ კუთხით”-განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა. 

    თეა ძიმისტარაშვილი 2012-2017 წლებში  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა.

     

     

  • სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ  სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

    „თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება.

    სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი“, – აცხადებენ სააპელაციო სასამართლოში.

  • ხანძარი სოფელ ვალეში – ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს უკიდია

    ხანძარი სოფელ ვალეში – ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე  ხანძრის ლიკვიდირებას 6 სახანძრო ჯგუფი და 30-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

    დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

  • “ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა არის ისტორიული ინფრასტრუქტურა აქ, კობა წაქაძის სამშობლოში “- ეკონომიკის მინისტრი

    „ჩვენ გადავწყვიტეთ, ბაკურიანს დავუბრუნოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა და სპორტის ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ აქ, კობა წაქაძის სამშობლოში”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაკურიანში, ახალი საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მისი თქმით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, გეგმაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

    „მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში ბაკურიანსა და ბაკურიანელებს ეს უდიდესი აღიარება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. უახლოეს 5-6 წელიწადში ბაკურიანი უმასპინძლებს სულ მცირე ორ, უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას – ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ეს იქნება ძალიან კარგი წინაპირობა და განაცხადი, რომ ჩვენ გვქონდეს ამბიცია და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ეს არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს და კერძოდ ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს ვგეგმავთ უამრავი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელებას ბაკურიანში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურის პროექტი. ბაკურიანს ადრე გააჩნდა ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია. ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ და დავუბრუნოთ ბაკურიანს ეს ისტორიული ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა კვლავ აღდგება აქ, კობა წაქაძის სამშობლოში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

    ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი” განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” გააფორმა.

    2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

    საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის” საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში – 15,000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია.

    კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის” ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

  • ავტოსაგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 6 თვეში 18 მილიონზე მეტი შევიდა

    თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

    ანგარიშის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 6 თვის განმავლობაში 27 მილიონ 851.3 ათასი ლარი შევიდა და არსებული გეგმა 139.3 %-ით შესრულდა.

    ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 მილიონ 359.1 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც ძირითადად გამოწვეულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ამოღებული ჯარიმების ზრდით.

    უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში 8 მლნ 749.1 ათასი ლარი შევიდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან, წელს კი 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი,

    ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებიდან თბილისის ბიუჯეტმა 2 მილიონ 574.7 ათასი ლარი მიიღო, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო – 3 მილიონ 090.5 ათასი ლარი, დასუფთავების წესების დარღვევის გამო – 302.5 ათასი ლარი, სხვა ჯარიმებიდან -კი 2 მილიონ 973.0 ათასი ლარი.

  • ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები – პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე

    ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი უკვე გამოეხმაურა. პაატა სალია მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს. 

    სალიას განცხადებით “რუსთავი 2-ის” დავალიანების ოდენობიდან გამომდინარე, მისი სწრაფად დაფარვა ვერ მოხდება.

    „ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პაატა სალიამ.

    ფინანსთა მინისტრმა დღეს ტელეკომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები ერიცხებათ, მოუწოდა ვალები დროულად დაფარონ. მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიებსა ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. შესაბამისად, მინისტრის თქმით ყველა ტელევიზიას მოუწევს დავალიანების დაფარვა. მთავარი წინაპირობა კი ვალის გადანაწილების, მინისტრის განმარტებით, მიმდინარე თვის გადასახადის გადახდა იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების მხრიდან აღარ უნდა მოხდეს ახალი ვალების დაგროვება.

    ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის “რუსთავი 2-ის” დავალიანება 28 მილიონს აღწევს, 19 მილიონია “ტელე იმედის” ვალი, ხოლო იმედის ჰოლდინგში შემავალ “მაესტროს” სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მილიონი ლარი მართებს. 

    მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისეთ პატარა ტელევიზებს როგორებიც არიან “კავკასია” და “ტვ პირველი”, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ აქვთ.

  • “ჯობია, სანამ რაღაც განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს”- ლევან იზორია ხაბეიშვილს

    სარესტორნო ხარჯები და ბიუჯეტიდან გახარჯული კოლოსალური თანხები – თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს.

    ლევან იზორია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ კონკურსი ჩატარდა კანონის სრული დაცვით და გამოვლინდა კომპანია, რომლიც სხვადსხვა მომსახურებას ეწევიან მაღალი რანგის სტუმრების დროს.

    „მატყუარა როა, ფაქტია. ჯობია, სანამ რაღაც განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს. შეგვიძლია ინფორმაცია მივაწოდოთ ობიექტური. ობიექტური ინფორმაცია კი მდგომარეობს იმაში, რომ გამოცხადდა კონკურსი, არავითარ გადაუდებელ შესყიდვას ადგილი არ ჰქონია. ერთი თვის განმავლობაში, საჯარო იყო ეს კონკურსი და გამოვლინდა ობიექტური შეფასების შედეგად. კერძოდ კი, იმ პრინციპის თანახმად, რასაც ჰქვია ყველაზე ნაკლები ფასი. გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც ეწევიან არა ე.წ. როგორც ამბობენ, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებას, არამედ ეს მომსახურება დაკავშირებულია მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტრომ სარესტორნო ხარჯისთვის 300 ათასი ლარი გამოყო. ოპოზიცია იზორიას უწყების მიერ აგვისტოში გაფორმებულ 3 ხელშეკრულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თანხა სამინისტრომ 3 მომსახურების შეძენისთვის, ტენდერის გარეშე უნდა გადაიხადოს

  • “საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი”-ვინ წერს პოსტებს ოქრუაშვილის მაგივრად

    ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მისი ფეისბუქპოსტების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მის ნაცვლად ტექსტებს მისი მეგობარი დებს.

    “რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა- არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით , რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ.
    საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ , ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი”- წერს ოქრუაშვილი.

  • ირაკლი ოქრუაშვილი ელენე ხოშტარიამ მოინახულა

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.

    „ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება, რომ მან რაღაც დააორგანიზა უბრალოდ არც იცნობს ამ ადამიანებს. ძალიან სუსტი საქმეა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

    დღესვე ელენე ხოშტარია გლდანში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე დაკავებულს მოინახულებს.

    „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინო ზოგადად როგორ არის მათი მდგომარეობა. ცნობილია, რომ ყველას შეზღუდული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, ამიტომ ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ადამიანურად რთულია რომ ვერ ეკონტაქტები, ამიტომ პირველ რიგში ეს არის ჩემი ამოცანა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ გზით და გავიგო როგორ არიან“, – განაცხადა ელენა ხოშტარიამ.