Category: არქივი

  • ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკაში ნაციონალური მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ–ს პრეზიდენტი ამბობოს, რომ კერძო სექტორი ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის 5 მილიონ ტესტს ჩაატარებს. მისი თქმით კერძო ლაბორატორიები და ვაქცინების შემქმნელები ამას შეძლებენ.

    ტრამპი ამბობს, რომ შეიქმნება შეიქმნება სპეციალური ტესტირების ადგილები, რათა კორონავირუსული ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და უფრო სწრაფად განხორციელდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

    შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ტრამპმა შენგენის 26 ქვეყნის მოლაქეებს ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა.

  • ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა

    ბოლო 24 საათში იტალიაში 250 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 2547-ით მოიმატა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    მთლიანობაში კორონავირუსით იტალიაში 17 660 ადამიანია, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის 1266.

    იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

  • ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

    ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს კორონავირუსით ინფიცირებას და აცხადებს, რომ ანალიზების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    „სამხედრო ჰოსპიტალმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლონარუს „COVID-19“-ის ანალიზზე უარყოფითი შედეგი აჩვენა” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

    ამ განცხადებამდე ბრაზილიის ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლოსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარს კეტავს

    საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარს კეტავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს– სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.
    შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

  • ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

    ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა.

    მან ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც კორონავირუსი მის პრესპიკერს დაუდასტურდა. პრეზიდენტი მასთან ერთად ტრამპთან შეხვედრაზე 7 მარტს იმყოფებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.

    ბრაზილიაში ამ დროისთვის კორონავირუსით 151 ადამიანია ინფიცირებული.

  • ,,საბას” ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა 1 თვის განმავლობაში უფასო იქნება

    ელექტრონული წიგნების პლატფორმა “საბა” 16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში სრულ ბიბლიოთეკაზე წვდომას უფასოს ხდის.

    ,,16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში, გამომცემლების უპრეცედენტო მხარდაჭერით, უფასო წვდომა ყველა მომხმარებელს საბას მთელ ბიბლიოთეკაზე”, – წერია ,,საბას” განცხადებაში.

    ბიბლიოთეკაში 60 000-ზე მეტი ელექტრონული წიგნია.

  • უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    უკრაინაში კორონა ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ 19 ინფექციით 71 წლის უკრაინელი ქალი ქალაქ რადომისლში გარდაიცვალა. ქალი ერთ-ერთი იყო იმ 3 პაციენტიდან, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

    ქალი, რომელიც დაიღუპა უკრაინაში პოლონეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. ის კარანტინში არ იმყოფებოდა,დაავადებული ქალი იმყოფებოდა ეკლესიაში, სახლში კი სტუმრები მიიღო.

    უკრაინაში ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცამებით კორონა ვირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს.

    ამავე გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრაზილიელ პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. სწორედ ამიტომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

    რაც შეეხება დაინფიცირების შესაძლო რისკს, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

    მისმა ადვოკატმა ლევან იოსელიანმა აღკვეთის ღონისძიების 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ბრალდების მხარე მას არ დაეთანხმა.

    ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

    მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა წესრიგის დარღვევის გამო თამლიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად თამლიანის ოჯახის წევრებმაც დატოვეს.

    20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 9 ადამიანი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

    თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 9 ადამიანი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.

    ,,ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს” – აცხადებს შსს.

    უწყების განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აგრძელებს.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58 .