Category: არქივი

  • ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავენ.

    საქმე 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება.

    როგორც ბიძინა გეგიძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მან არ იცის რა საქმეზე უნდა დაიკითხოს და მისი საქმიანობის რომელი ეტაპითაა დაინტერესებული სუს-ი.

  • ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ვერტმფრენის დასაფრენი მოედნისთვის აბასთუმანში კლდე მოჭრა

    ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა. უნიკალური ქართული კურორტის მთაზე ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედანი შენდება.ივანიშვილის მინი აეროდრომი უკვე ექსპლუატაციაშია და იქ ოლიგარქის ვერტმფრენიც დგას. დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ აეროდრომამდე გზა გაჰყავთ. აეროდრომი კი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწყო.

    “აგერ გზა. ზემოთ კეთდება ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ბიძინა ივანიშვილისთვის,”-ამბობს ადგილობრივი.

    ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. დირექტორი კი ამბობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ აბასთუმნის ჰაერის მნიშვნელობა მხოლოდ მითია.

    “აქ იქნება ფართო სპექტრი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებით დაავადებულ პირთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენითი მკურნალობა, სარეაბილიტაციო პაციენტები ჩამოვლენ.

    ეს ძველი სტერეოტიპებია(რომ ჰავა ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ მნიშვნელოვანია), სამწუხაროდ სტერეოტიპების ნგრევა საკმაოდ ძნელია. თქვენ ამბობთ, რომ სტერეოტიპების ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილს მოეწონა ეს ადგილი,”-ამბობს აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, რევაზ ჟღენტი.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი აბასთუმანი იყიდა.

  • “მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან. საქართველოში უნდა გათენდეს!“ — სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ჩაუშვა

    საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სარეკლამო რგოლი გაავრელა, სახელწოდებით “საქართველოში უნდა გათენდეს!“

    რგოლი ვარშავაში გადაღებული კადრებით იწყება, რომელიც სააკაშვილის აზრით იმის ნიმუშია, როგორ უნდა იქცეს ქვეყანა წარმატებულად:

    “ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ.“– ამბობს სააკაშვილი.

    ვიდეოში საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ პროექტებზე და რეფორმებზე ყვება, რომლებიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მათ შორის არის ყველა გადასახადის გაუქმება, გარდა დღგ–ს გადასახადისა, მთავრობის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ლაზიკას აშენება, ხელისუფლებაში ახალი თაობის მოყვანა.

    “მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში”, — ამბობს სააკაშვილი.

  • ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება – ბერძენიშვილი

    გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტს რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი.

    ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეფასებები ისედაც ცნობილია და ახალი განცხადებაც შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყოს.

    „შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, თურმე მაინც ფიქრობს განცხადების გაკეთებას. იმიტომ, რომ არ გააკეთოს სჯობია, იმიტომ, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით ისეთები აქვს ნათქვამი, ეს ქვეყნისთვის სახიფათოა“ , – ამბობს ბერძენიშვილი.

    სალომე ზურაბიშვილის გარდა დავით ბერძენიშვილის კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიმსახურეს. ბერძენიშვილი მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეცვალონ.

    „რაც შეეხება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ რაც უფრო მაამებლური იქნებიან რუსეთის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება წნეხი რუსეთის მხრიდან. ყოველი მცდელობა, დაუმტკიცონ ვეზირობა, იქნება სუზერენის მხრიდან უფრო მკაცრად ნაპასუხები და დასჯილი, პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება, პირიქით, გაღრმავდება რუსეთთან მაამებლობით. ის მორჩება მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნატო-ში და ნატო უნდა იყოს საქართველოში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

    გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს.

    სალომე ზურაბიშვილი დღეს “კურიერმა” ჩაწერა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. ზურაბიშვილი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენებზე ამბობს – “იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული”-ამბობს პრეზიდენტი.

  • “ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი”- თალაკვაძე ოპოზიციას

    „ოპოზიციის ეს ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის დროს ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

    თალაკვაძისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკა სრულიად მიუღებელია, რომლებიც ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ხოლო მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტს და პრემიერს გუგუტიანკარში ჩასვლას ურჩევენ.

    თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არასახელმწიფოებრივად იქცევა და ხელისუფლებასთან ერთად არ იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ.

    “იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად, ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციის, იქცევა სამარცხვინოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    თალაკვაძე სწორედ ოპოზიციას აკრიტიკებს იმაში, რომ ქვეყანაში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

    „ისინი არიან დაკავებული თავის სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

  • “გორი რომ შეღობონ, მაინც არ შეიმჩნევთ?” – ქაცარავა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე

    ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას ფოტო-ვიდეო მასალით ეხმაურება.

    “არ ჩერდებიან ოკუპანტები და ჩვენი ხელისუფლება ვერ აჩერებს მათ.
    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ ატოცში და ჩორჩანაში ბორდერიზაციის შეჩერება.
    იგივეს გაკეთება შეგვიძლია გუგუტიანთკარშიც.
    ამ ფოტოებზე კი კიდევ ერთხელ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას-ოკუპანტები გარდა იმისა რომ მშვიდად, კომფორტულად მუშაობენ ჩვენი მიწა-წყლის წართმევაზე, ისინი ამავე დროს შეუფერხებლად გადაადგილდებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
    ასევე, მიმდინარეობს არამარტო ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ოკუპაცია, არამედ დამატებითი ტერიტორიების მიტაცება.
    ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ, ბატონებო? თუ გგონიათ, ამაზე საუბრით ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს უღიარებთ?
    ამ ლოგიკით, გორი რომ შეღობონ, მაინც არ შეიმჩნევთ დამატებითი მიწების მიტაცების ფაქტს?”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. დღეს ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.

  • დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაწყებულ გამოძიებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უწოდებს

    უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ რომელიც დღეს სუსში გამოკითხვაზე იყო დაბარებული გამოკითხვაზე მისვლის ნაცვლად პრესკონფერენცია გამართა და პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა.

    ბიძინა გეგიძე დევნაში, მისვე გუნდის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

    მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. გეგიძემ ახსენა გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო.

    გეგიძე ამბობს, რომ გამოძიება არ არის სამართლებრივი და ის პოლიტიკურია.

    “ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას, სანამ გავხდებოდი პარლამენტის წევრის. ეს არის საქართველოს ფოსტა – იქ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვახორციელებდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას. ამის შემდეგ მე ვარ პოლიტიკოსი. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პოლიტსაბჭოს წევრი პარტია “ქართული ოცნების“ და ამ რანგში ვიყავი ჩემს პოლიტიკურ პროცესში და არასოდეს ჩემი პრინციპებისთვის… გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდან გამომდინარე.

    პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო,“-ამბობს ბიძინა გეგიძე.

  • “ჯერ ზეცაში უნდა გადაწყდეს” – მეუფე მიქაელი სინოდის სხდომაზე

    სინოდის სხდომა ჩვენც გვაინტერესებს, როცა გადაწყდება ზეცაში, მაშინ ჩატარდება“,- ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, სინოდის სხდომის ჩატარებამდე, შესაძლოა, წელიწადზე მეტიც კი გავიდეს.  

    „სინოდის სხდომა ჩვენც გვაინტერესებს, როცა გადაწყდება ზეცაში, მაშინ ჩატარდება. შეიძლება წელიწადნახევარიც გავიდეს. რაც შეეხება გიორგი მამალაძის შეწყალებას. დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია, როცა ეს ყველაფერი აღსრულდება. როგორც ვიცი, ზოგჯერ შეუძლოდ არის. ღმერთმა უშველოს და დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს,“- განაცხადა მეუფე მიქაელმა.

  • ხანძარი ლაგოდეხში – ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

    ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს მოედო.

    ხანძარი დასახლებასთან ახლოს არ არის, ამიტომ, საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ დგას.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს.

  • ვინ არის ჟურნალისტი რომელიც გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებს საკუთარ სახლს უთმობს

    რადიოჟურნალისტმა ბარბარე ბენაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მზად არის, გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს – ოჯახს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა, საკუთარი ორსართულიანი სახლი დაუთმოს.
    „მე შემიძლია გუგუტიანთკარის მოსახლეს მივცე ჩემი ორსართულიანი სახლი, ავეჯის ნაწილით.რაც გადაურჩა 2010 წელს ქურდებს.წამოვიღებ მხოლოდ წიგნებს.რაც გადაურჩა ქურდებს.ერთს ვითხოვ მხოლოდ, წელიწადში რამდენჯერმე ჩავალ სტუმრად! მე ამით შემიძლია დავეხმარო ჩემთვის ძალიან საყვარელი რეგიონის შესანიშნავ ადამიანებს!“- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

    ბარბარე ბენაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში მუშაობს სადაც „ეკომეტრი“, „ფერმერის საათი“, „ეკოპიკი“ და „აგროკი“ წამყვანია.

    XXXXX