Category: არქივი

  • “რუსთავი2” – დან ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს

    “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

    „ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან , დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი,“-განაცხადა სალიამ.

    „ეს ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი შეფასებით და ვამზადებთ სამოქალაქო სარჩელს, ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, ის მოგება,რომელიც უნდა მიეღო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს ეს მოგება მოხდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იქნა დარიგებული კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში.

    არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან,რ ომ ბრძოლის რეჯიმში არიან ჩვენთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები,რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული და ჩვენი ამოცანაა, ეს გუნდი იყოს ერთიანი კრიტიკული,“-ამბობს სალია.

  • კაჭრეთში ტყე და საძოვარი იწვის

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
  • “ხელით შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ ახლა საავადმყოფოში მივდივარ”- დავით ქაცარავა (ვიდეო)

    ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას საზღვრისპირა სოფელში ხელით შეეხნენ. როგორც ქაცარავა ამბობს ის ბობნევში მიდიოდა და ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შსს-მ იცოდა. ბობნევში დავით ქაცარავას  4-5 კაციანი ჯგუფი დახვდა და ქაცარავას აგრესიულად მიმართეს.  ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს ხოლო შემდეგ ვიდეომიმართვასაც ავრცელებს. 

    “მეგობრებო!ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას.ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.
    დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?”- წერს ქაცარავა

    {{VIDEO}}

  • რატომ დანიშნა პრეზიდენტმა სამხედრო მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი

    რუსთავი2–ის ინფორმაციით სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.

    ლეჟავამ საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ქვეყნის მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს განმარტებებს – რატომ გააკეთა არჩევანი, საბჭოთა უშიშროების კადრზე.

    ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს „კურიერმა“ დღეს დილით დაუსვა, თუმცა პრეზიდენტი გაიქცა და კითხვა უპასუხოდ დატოვა.

    ექსპერტებმა დაზუსტებით იციან, რომ ლეჟავა საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა. ეს ინფორმაცია საარქივო მასალებითაც დასტურდება. 1994–96 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში. 1996–98 1998 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

    როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს.

    კომენტარს ჯერჯერობით არც პრეზიდენტის პრესსამსახური აკეთებს. ლეჟავას დანიშვნა ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა 16 აგვისტოს ის მონაწილეობდა თავდაცვის აკადემიაში 93 ლეიტენანტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალში, სადაც  პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა. 

    КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს – პრეზიდენტის მრჩევლად საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცრის დანიშვნას, უკვე მოჰყვა სამხედრო ექსპერტების პროტესტი. მათ ზურაბიშვილის ამ ნაბიჯის ახსნა უჭირთ. ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა გიგაური ამბობს,რომ ქვეყანაში საჭირო კადრების დეფიციტი არ არის. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროს ბევრი ექსპერტი არსებობს, რომელთაც განათლება და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთში აქვთ მიღებული.

    „ლეჟავა მსახურობდა საბჭოთა КГБ-ში ეგ ისეთი სტრუქტურაა მანდ ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს, ერთხელ რომ შეხვალ იქ რჩებიო სიცოცხლის ბოლომდე. 2019 წელს, როდესაც ამდენი დროა გასული და არ განვიცდით ამ სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებსაც ძალიან სერიოზული განათლება და პრაქტიკული განათლება აქვთ მიღებული და არ არის დეფიციტი ამ სფეროს ექსპერტებში. ამ ფონზე რატომ გახდა საჭირო საბჭოთა კადრის დანიშვნა პრეზიდენტის მრჩევლად, მაშინ როცა ის სამხედრო პირი არცაა და არც ყოფილა, ის წოდება როგორ აქვს მიღებული ეგეც კიდევ ცალკე საკითხია, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და არანაირი კავშირი ლოგიკასთან არ აქვს,“-ამბობს ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა გიგაური.
  • ზურა ჯაფარიძემ “იმედს” საეთერო დროის 10 წუთი სთხოვა

    პოლიტიკური პარტია “გირჩი”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ტელეკომპანია “იმედს” პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად საეთერო დროის გამოყოფას სთხოვს.

    ჯაფარიძეს სასამართლო გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” “ქართული ოცნების” სატელიტებად მოხსენიება, ცილისწამებად ჩაეთვალა და მისი უარყოფა იმავე გზით დაევალა რა გზითაც გაავრცელა. ჯაფარიძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანიის ეთერში, 2019 წლის 23 იანვარს გააკეთა.

    „როგორც თქვენთვის და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა) 2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ჩემს მიერ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების” სატელიტი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” მისამართით, 2015 წლის დასაწყისში, თქვენი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება შეფასდა ცილისწამებად და სასამართლოს მიერ დამევალა გავრცელებული ცნობების თქვენსავე ეთერში უარყოფა.შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი საეთერო ბადის იმ ნაწილიდან, რომელშიც ადექვატური იქნება პოლიტიკური განცახდების გაკეთება, გამომიყოთ 10 წუთი. წინასწარ გიხდით მადლობას” , – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

  • უკრაინის პოლიცია ქართველების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის ვიდეოს ავრცელებს

    უკრაინის პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც ქართველების მიერ ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტს ასახავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს გუშინ გავრცელდა. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

    უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

    დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.

    უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, დაკავებულების მანქანაში ფულითა და ძირფასეულობით სავსე ჩანთის გარდა იარაღიც აღმოაჩინეს, რომლებიც დამატებით ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

  • ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან

    “რუსთავი2”-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი. ყარამანიშვილები თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.

    „ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი2“-ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

    ადვოკატი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მისი თქმით, რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშისთვის წილები არ უნდა გადაეფორმებინა. იურისტის განცხადებით, გასაჩივრების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, რის შემდეგაც დავა ქართულ სასამართლოში თავიდან უნდა დაიწყოს.

    „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ არ მოხდებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება და დიდი პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში „რუსტავი2“ შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება,“-განაცხადა იურისტმა

    საძაგლიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ახალმა მფლობელმა სამაუწყებლო კომპანია გააკოტროს.

    “არც გაიყიდება „რუსთავი2“ , სხვა გეგმები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით. ალბათ შეეცდებიან კომპანიის ან გაკოტრებას, პირდაპირი მნიშვნელობით ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, რაც ნიშნავს გადაცემების დახურვას, შტატების შემცირებას, ხელფასების შემცირებას და ა.შ. ანუ რეალურად „რუსთავი2“ აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა,“-ამბობს საძაგლიშვილი.

  • “რუსთავი 2-ის” სამ წამყვანს ხელფასები არ მისცეს

    „გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ“, – ამის შესახებ „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „აიპრესთან“ საუბრისას  აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ის არხის დატოვებას არ აპირებს. ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სამი წამყვანი ჟურნალისტი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასები არ ჩაერიცხათ.

    „გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ, მაგრამ, 800 კაცს ურიგებენ, 3 კაცი აგვარჩიეს და ჩვენ არ გვირიგებენ. მიუხედავად ამისა, რომც არ ჩამირიცხონ ივნისის და აგვისტოს ხელფასი, მაინც არ წავალ“, – ამბობ ნანუკა ჟორჟოლიანი.

    „აიპრესის“ კითხვაზე მის გარდა კიდევ, ვის არ მისცეს ხელფასი, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ესენი არიან ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია.

  • ბიძინა გეგიძემ გამოძიების ოქმს ხელი არ მოაწერა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მოაწერა.

    „კითხვები შეეხო „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობას, კერძოდ, ეს ეხება „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში ქონების აუქციონის წესით ყიდვა. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო და ფოსტაში ხდებოდა აუქციონზე შესატანი ობიექტების სიის მომზადება. კითხვები იყო ამ პროცესის ირგვლივ – როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება, რასაც აუდიტი ახდენდა, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება. ასევე, როგორ ხდებოდა ფასების ცვლილებები და ა.შ. თანხის გაფლანგვაზე კითხვები, ასეთი რამ არ ყოფილა, არც ბრალდების მაგვარი. ეს იყო გამოკითხვა, ვიყავი მოწმის სტატუსით, დოკუმენტი უნდა შეიქმნას, ანუ გამოკითხვის ოქმი. რომ წავიკითხე, ჩემი უფლება იყო, შესწორებების შეტანა, დამატებები, შეიძლება დამჭირდეს, რომ იყოს გამართული ბოლომდე ჩემი აზრი, რაც გადავეცი. უნდა მოვიფიქრო, თუ რა შესწორებებს შევიტან. ამ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ვთვლი, რომ შინაარსი აისახა ამ ოქმში, მაგრამ ჩემი აზრი არ არის ასახული ისე, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება, ანუ გასასწორებელია. რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა, უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, არ დარჩეს ლავირების საშუალება“, – განაცხადა გეგიძემ.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავდნენ, საქმე კი 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება. ბიძინა გეგიძე სუს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

  • დიდ დიღომში, წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

    დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად 2 პირი დაშავდა.

    დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

    უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.