Category: არქივი

  • დილის 9 და 10 საათზე კურიერი ეთერში არ გასულა

    რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს დილით  ეთერში არ გასულა. ცხრა და ათ საათზე კურიერის ნაცვლად ეთერში სერიალი გავიდა.

    კურიერის ბოლოს გუშინ,  საღამოს ცხრა საათზე რამდენიმე წუთით  გავიდა. პირდაპირ ეთერში წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი მაყურებელს დაემშვიდობნენ და არხი დატოვეს.

    შეგახსენებთ, დღეს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, ტელეკომპანიის სახეები და წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას განმარტებით, მათი გათავისუფლების მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გრიგოლ ფერაძის, ეგრისის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, რადიანის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის და ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ილია ვეკუას და ლიბანის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • „ტვ პირველის“ დამფუძნებელი „რუსთავი-2“ – დან თანამშრომლების წასვლას ეხმაურება

    ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებეული ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში “რუსთავი2-დან თანამშრომლების წასვლას გამოეხმაურა. მან ტელეკომპანია „რუსთავი-2“ – ის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა რომ პროფესიონალები არასდროს დაიკარგებიან.

    „პროფესიონალები მიდიან, მაგრამ არასდროს იკარგებიან. მახსენდება, ვისთან ერთად შევქმენით ჩვენი არხი – ვისაც გადაცემები დაუხურეს ან თავად ტოვებდნენ სამსახურებს. წარმატებები ჩვენს პროფესიონალ კოლეგებს !“ – დაწერა წერეთელმა

    შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ნოდარ მელაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მაიკო ლომიძემ, თენგო გოგოტიშვილმა და ეკა კვესიტაძემ დატოვეს.

  • “სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება”- აკაკი გოგიჩაიშვილი

    “”რუსთავი2”-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი,რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა“ – ამის შესახებ ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით ტელეკომპანია „რუსთავი-2“ – მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

    თავისუფალია მხოლოდ ის მედია, რომელსაც შეუძლია და მუშაობს მაღალპროფესიული, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით, რომელიც საუბრობს ფაქტებით, არაემოციურად; ნებისმიერ მედიას, რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს, აქვს არსებობის უფლება თუკი არ აქეზებს ძალადობას, დისკრიმინაციას, არ იყენებს უცენზურო ლექსიკას, თუმცა მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას. წლების წინ “რუსთავი 2”-მა დაიწყო მაღალი მედია-სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამიტომაც მე ვიყავი მისი გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არხზე ხელისუფლებას მიჰქონდა რაიმე სახის შეტევა, ხალხი ქუჩაში დგებოდა მის დასაცავად. სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება, სამწუხაროდ ბოლო წლებია “რუსთავი 2”-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

    22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილების გამო იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი თუ ვხედავდი ეკრანიდან. უსამართლოა ის რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა“ – წერს გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში

  • “ჩვენმა ხელისუფლებამ პუტინს აულოკა ის ადგილი,რომელზეც მე ვაგინე“–გიორგი გაბუნიას პირველი საჯარო გამოჩენა სკანდალური ეთერის შემდეგ

    რუსთავი2–ის ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელიც თვენახევარზე მეტია საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა დღეს პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში რუსთავი ორის თანამშრომლებთან და ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად მივიდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნია ნოდარ მელაძესთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად არხიდან გაუშვეს. პარლამენტის წინ საღამოს ყველა მათგანი მივიდა. გიორგი გაბუნიამ მის სკანდალურ გადაცემაზე ისაუბრა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე აგინა. ამ გადაცემას დიდი აურზაური მოჰყვა. რუსთავი2-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მხარდამჭერებმა აქციები გამართეს, თავად არხმა კი გაბუნია ორი თვით ეთერს ჩამოაშორა.

    გიორგი გაბუნია არ თვლის, რომ მისი სკანდალური გადაცემა შეცდომა იყო:

    რომ ჩამეთვალა რომ ეს შეცდომა იყო ბოდიშს მოვიხდიდი. მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო იმ ფორმითაც კი, რა ფორმითაც მე ეს გავაკეთე.

    მე მესმის, ეს ძალიან მტკივნეულია. ყველა ამაზე მეუბნებოდა, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, როდესაც მშობლები და მშობლების საფლავი ვახსენე. მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მე მახსენდება ის საფლავები, რომლებიც შეგნებულად რუსმა ჯარისკაცებმა შეურაცხყვეს.

    რომლებზეც შეგნებულად მიჰყავდათ ჯარისკაცები, მაგალითად ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, საფლავზე დააკლეს.
    რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა – ის რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის ის რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით.

    მე არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე, თუნდაც და სწორედ იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოყვა. რაც დავინახე მე ამის შემდეგ. მე მეკითხებიან რატომ გააკეთე ეს.

    მე არ მაქვს ამის რაციონალური ახსნა–განმარტება .ჟურნალისტურ სტანდარტებზე იქ საერთოდ ლაპარაკი არ იყო. ეს საერთოდ ჟურნალისტიკა არ იყო არანაირად. მე ვთვლი, რომ მე ვთქვი მთელი საქართველოს სათქმელი.

    ამის თქმა, რაც მე ვთქვი ყველას უნდა კიარა, ყველა ამბობს ამას და რატომღაც ითვლება, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე ქუჩაში ვთქვათ, მაგრამ ტელევიზიით ამის თქმა არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? იმიტომ რომ მთელი ერი არის დაშინებული. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩუმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი არის …. აღარ გავიმეორებ, კიბატონო, საფლავებსაც შეგვიძლია სინამდვილეში შევეხოთ, ყველაფერს, ოღონდ პუტინმა არ გაიგოს.

    არა, როდესაც ჩვენ ვინმეს ვაგინებთ ვაგინებთ იმისთვის, რომ მან ეს გაიგოს, იცოდეს რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ მის მიმართ. მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინებისთვის, არც იმისთვის, რომ ეს გავაკეთე ძალიან მძიმე და ცუდი ფორმით.

    დიახ, მე ეს გავაკეთე ძალიან მძიმე და ცუდი ფორმით, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს დარჩენილიყო აქ, ჩვენს სტუდიაში, არამედ მისულიყო ადრესატამდე.

    ყველამ კარგად დაინახა, რომ ადრესატმდე მივიდა. გინახავთ ოდესმე, რომ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შესახებ დუმა სხდომებს ატარებეს და პუტინი გაკვეთილებს გვიტარებდეს ჩვენ როგორ ვართ ოკუპანტები.იმათ რაც არ უნდა გააკეთონ მე ეს არ მიკვირს, მაგრამ მე დავინახე ამის შემდეგ სრულიად შეშინებული ერი.და ხელისუფლებამ გამოიყენა ეს და გააკეთა განცხადებები, რომ ერი კიდევ უფრო დაეშინებინა და სამწუხაროდ .

    რითი ვყავართ დაჭერილი რუსეთს? –შიშით ჩვენ ვართ მონები. ჩვეულებრივად გამოჩნდა ეს, რომ ერი აღიქვამს თავს პუტინის მონად და სწორედ იმის თქმა მინდა, რომ დაიწყეს ლაპარაკი, გაბუნიამ აგინდა და ომი დაიწყებაო. არ დაიწყება ომი, ისედაც მისი ვართ.

    ისედაც ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა და პუტინს აულოკა ის ადგილი, რომელზეც მე ვაგინე. აულოკა და უთხრა, რომ პუტინო, ჩვენ ისედაც შენი ვართ.არ გვჭირდება ომი, რა დაპყრობა გვჭირდება, დაპყრობილი ვართ.“– თქვა გიორგი გაბუნიამ.

  • რუსთავი2–ს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს

    რუსთავივ ორის საინფორმაციო სამსახურს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს საღამოს აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

    “ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი2 აღარ არის, ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ ვთქვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე, რომ რა კარგია. ეს პირდაპირ დანაშაულია… ამას ვერ ვიზამ, კი მე წავალ ამ არხიდან -განაცხადა  პაატა იაკობაშვილმა.

    ის ამჟამად შვებულებაშია და სავარაუდოდ არხს შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებს.   “ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, მას და მის გუნდს სურს ხავერდოვნად შეცვალონ რაღაცეები, ასეთ სახე მისცენ, მაგრამ კურიერის გუნდი მას ამის საშუალებას არ მისცემს. იყო ამ დღის მოლოდინი გუნდზე.

    სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა ამ ერთი თვის განმავლობაში, თუმცა პირველივე დღეებში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის 100%, დავიწყეთ ბრძოლა სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის. ჩამოვწერეთ პუნქტები თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს, მათ შორის იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დატოვება.

    შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თუ ნოდარი არ იქნება მერე რაა… სხვები ხომ რჩებიან და რა შეუშლით ხელს? თუმცა, მნიშვნელოვანია მწვავე სიუჟეტების დაგეგმვა, რომელსაც ნოდარი გეგმავდა. ეს ადვილად შეიცვლება თუ ნოდარი არ იქნება, რადგან მოიტანენ ნაკლებად მწვავე თემებს ან ბიძინა ივანიშვილისთვის და მართველი პარტიის სასიამოვნო თემები და საბოლოო ჯამში მე იძულებული ვიქნები წამოვიდე, ეს არის მათი გეგმა” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა აჭარის მაუწყებელთან.

  • ვულოცავ სრულიად საქართველოს სატანის ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას-სასულიერო პირი რუსთავი 2-ის შესახებ


    “ვულოცავ სრულიად საქართველოს სატანის ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას”- ეს განცხადება სოციალურ ქსელში დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა “რუსთავი 2-ის” შესახებ გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მოვლენები ტვ პირველშიც განვითარდება.

    “ვულოცავ სრულიად საქართველოს ,,…სატანის…” ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას…!!!

    იმედია შემდეგი იქნება ,,TV პირველი”..!
    და ამის შემდეგ, იმედია –
    TV ,,იმედი” გამოფხიზლდება..!”-წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც 3 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

    შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-დან” არხის მთავარი წამყვანები და სახეები გაათავისუფლეს. ტელეკომპანია  კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. 9 საათიანი კურიერი სულ 4 წუთს გაგრძელდა.

  • მამუკა ხაზარაძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

    თბილისი ჯგუფის ხელმძღვანელს, მამუკა ხაზარაძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქ გვერდზე თვითონ დაწერა:

    “დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

    ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

    ვერ შეგვაშინებთ!!
    ბრძოლას ვაგრძელებთ!!“– დაწერა ხაზარაძემ.

  • კურიერის წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. 9 საათიანი კურიერი სულ 4 წუთს გაგრძელდა

    ტელეკომპანია რუსთავი2–ის საინფორმაციო გადაცემა კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. 9 საათიანი კურიერი სულ 4 წუთს გაგრძელდა. წამყვანებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმის შემდეგ სტუდია დატოვეს. “თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ“ –ეს იყო წამყვანების ბოლო ფრაზები.

    „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი – ეთერშია კურიერი 9 საათზე. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე, მახსოვს მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო, კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. რუსთავი ორი და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება და ყველა რუსთავი 2-ელების უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის რუსთავი 2-ის ისტორია. მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. რუსთავი ორი არ არის ლოგო ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ მათ შორის მათ ვისაც ჯერ კიდევ ჯერა რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა რუსთავი 2-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას რომ ეთერშია კურიერი. და ბოლოს მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ ჩემ მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა რომ ირჩევდით რუსთავი ორს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ პირდაპირ ეთერში. 

    წამყვანების გამოსამშვიდობებელი სიტყვების შემდეგ ცხრასაათიანი კურიერი დასრულდა.

    შეგახსენებთ, დღეს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, ტელეკომპანიის სახეები და წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას განმარტებით, მათი გათავისუფლების მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია.

  • ბათუმის ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი გარდაიცვალა

    ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ , გუშინ გამთენიისას, საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე ახალგაზრდიდან ერთი გარდაიცვალა.  

    კლინიკა მედცენტრში გადაყვანილი 4 პაციენტიდან,2 ახალგაზრდა კაცი და 2 გოგო  იყო. ისინი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი 22 წლის ბიჭი კი გარდაიცვალა.

    ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

    უგონო მდგომარეობაში იყო ორი გოგონა, თუმცა  მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი ბინაზე გაწერეს.

    “TV 25”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,  გვიან ღამით, კი შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამ კლუბში პირველი არ არის.

    ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.