Category: არქივი

  • გარანტიები, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა დარჩა განცხადებებად – სამოქალაქო საზოგადოება რუსთავი2–დან თანამშრომლების გაშვებაზე

    “მიზანია სწორედ ის, რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე,”-ასე ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების გათავისუფლებას.

    ეკა გიგაურის განცხადებით, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს და ის აღარ იყოს კრიტიკული.

    “ყველას გვახსოვს, რომ არხის ახალი მფლობელი საუბრობდა იმაზე, რომ შეეხებოდა მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორს და სხვას არავის. იგი ასევე საზოგადოებას გარანტიებს აძლევდა, რომ არ შეიცვლებოდა არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

    “ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა. ვხედავთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფ ჟურნალისტებს, მაშინვე როგორც კი მოუნდა შეეხო, ეს ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არხზე არის. მიზანი ხომ არა ვინმეს სამართლიანობისა და უფლების აღდგენა იყო, მიზანი იყო სწორე დის რომ ამ არხს არ ჰქონოდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

    “რა თქმა უნდა, ის ეჭვები გამართლდა რაც თავიდანვე გვქონდა და ცხადია, რომ არამხოლოდ ნოდართან, სხვებთანაც იქნება მსგავსი კომუნიკაცია და მიზანი იქნება სწორედ ის რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე. არ ისაუბროთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე, არ ისაუბროთ გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე და ა.შ.“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

    ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, არავის სჯეროდა არხის ახალი ხელმძღვანელობის დაპირება, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა.

    „ეს ასევე არის გზავნილი სხვა ჟურნალისტისთვის და სხვა თანამშრომლისთვის, რომ აი, ყველაზე ცნობილი სახეებიც კი არ არიან დაცული და შესაბამისად ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ უნდა დამორჩილდეს ჟურნალისტი ახალ მფლობელს, ახალ მენეჯმენტს და ეს შესაბამისად აისახოს სარედაქციო პოლიტიკაზე. რაზეც საუბრობდა ყველა, იმ სცენართან გვაქვს საქმე, რომ ახალი სეზონის წინ მცდელობა იმისა,რომ რიგი პირები ჩამოშორდნენ არხს და გარკვეულწილად ეს აისახოს გადაცემებზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც, “-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

    “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ნიშანი და დადასტურება არის ის, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანები არხიდან გაუშვეს.

    „რუსთავი 2“ ინარჩუნებდა კრიტიკულ ტონს, ვფიქრობ ეს მაჩვენებელი შემცირდება სექტემბრიდან. სექტემბერში ალბათ გვექნება პირველი ნიშნები, რა შეიცვალა ნოდარ მელაძის წასვლისა და იმ სახეების წასვლის შემდეგ ვისი გაშვებაც დღეს დაანონსდა,“-ამბობს ძველიშვილი.

  • რუსი ოკუპანტების მიერ, უკანონოდ დაკავებული 8 ახალგაზრდა თავისუფალია

    ამ წუთებში ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბერძენიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს და ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა წარუდგინეს.

  • „კვირის შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი „რუსთავი 2“-ს ტოვებს

    „რუსთავი 2“-ის ყოველკვირეული გადაცემა „კვირის შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი სალომე დადუნაშვილი არხიდან ეკა კვესიტაძის გაშვებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.  არხის დატოვებას სალომე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ადასტურებს. 

    „ეკა, დიდი მადლობა კვირის შუადღის ყველა გამოშვებისთვის. ყველა კარგად მოყოლილი ამბისთვის, ყველა ყავისთვის, რომელიც დაგვილევია ბუფეტში, ყველა ხუმრობისთვის რეკლამის დროს და ყველა ანონსისთვის, რომლის დროსაც ფეხზე არ ვიდექით შენი წყალობით,)) ხო და კიდევ ცოცხალი ინტერესისთვის და სწავლის დაუსრულებელი სურვილისთვის, რომელიც ძალიან გადამდებია. შენი და „ლაფერას“ გარეშე კვირის შუადღე აღარ იქნება ჩემთვის. P.S. ვდარდობ, რომ ბრექსიტის საგა ვერ დავასრულეთ. სხვა დროს იყოს. სადმე“ – წერს სალომე ფეისბუქზე.

    კითხვაზე დარჩება თუ არა სალომე “რუსთავი2”-ზე თუ გადაცემა გაგრძელდება მან ასე უპასუხა:

    “არა. ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად ამას არ გავაკეთებ. “- ამბობს სალომე “პრაიმტაიმთან”საუბრისას.

  • “სალომე ზურაბიშვილი სხვა პრეზიდენტების მსგავსად დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

    „სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას,“ -აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ინფორმაციას ამის შესახებ კი “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.  

    როგორც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.

    „პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია,“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

    სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს.ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარია

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა.

  • „მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს” – ჟორჟოლიანი

    „მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი,“ – ეს განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც პირდაპირი ეთერით გაიგო, რომ პაატა სალიამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა. 

    ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, „რუსთავი 2-ის” დირექტორის, პაატა სალიას განცხადების საპასუხოდ საუბრობს, სადაც სალიამ ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა.

    „მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალია პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ…. მე კონტრაქტი არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით. იყო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ არხზე და დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ამ გადაცემას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე ისევე როგორც ნოდარს, ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის მე სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ,“ – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანმა.

    ჟურნალისტი პრემიებთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს იცოდეს მაყურებელმა, რომ არც ერთხელ ამ კომპანიიდან, არც ერთი ლარი პრემია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აუღია, არც ერთი ლარი,“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • ნიკა გვარამია “რუსთავი2”-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საკუთარ არხზე ეპატიჟება

    “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი2”-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საკუთარ არხზე ეპატიჟება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    “გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს.გელოდებით “მთავარ არხზე”.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

    რამდენიმე წუთის წინ “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტრომა პაატა სალიამ განაცხადა, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პოლიტიკური და გასართობი თოქშოუს წამყვანები – გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    ამავე თემაზე:

    “რუსთავი2” – დან ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს

    “არ გვჭირდება შიდა ომები კომპანიაში“–შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რუსთავი2–დან კიდევ სამ წამყვანს გაუშვებენ

    რას სთავაზობდა ივანიშვილის წარმომადგენელი ნოდარ მელაძეს. სკანდალური განცხადება “რუსთავი2”-იდან გათავისფულების შემდეგ

    “რუსთავი2”- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

  • “რუსთავი2”- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

    „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, პაატა სალია ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, ნინო შუბლაძე დაინიშნოს. ჟურნალისტის კითხვაზე, შუბლაძის მის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყება თუ არა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, სალია ამბობს, რომ მოლაპარაკებები შუბლძესთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

    სალიას თქმით, მოლაპარაკებები ეხებათ სხვა კანდიდატებსაც ის ასევე აცხადებს, რომ რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, ნინო შუბლაძის დანიშვნის საკითხი.

    „ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან მიდიოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბევრ ვინმეს განვიხილავ და ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ – განაცხადა სალიამ.

  • რას სთავაზობდა ივანიშვილის წარმომადგენელი ნოდარ მელაძეს. სკანდალური განცხადება “რუსთავი2”-იდან გათავისფულების შემდეგ

    ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    მელაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ პაატა სალიამ მას ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.

    „დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა,” – განაცხადა მელაძემ.

    მელაძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა შეთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა.

    “ორი კვირის წინ ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ “კურიერის” ნიუსრუმში ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე, მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ “რუსთავი 2-ისგან” “იმედის” გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა “კურიერში” დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გააგრძელებდი მუშაობას “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებაზე და ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი ექნებოდათ მათ, თუ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას, დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ქურდებს ბიუჯეტის, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

    ნოდარ მელაძის თქმით, ის “რუსთავი 2-ში” თავდაუზოგავად მუშაობდა, რაზეც არსებული რეიტინგები მეტყველებს.

    „ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ, პირადად მე მოვახერხე, რომ შემენარჩუნებინა კურიერი ისევ ისეთი, როგორიც იყო. ორი წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი რუსთავი 2-ში და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში. მაშინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი კურიერს, ბოლო ორი წლის და რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ჩემი ენერგია, დრო, ჩავდე იმაში, რომ კურიერი ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კურიერის ისტორიის პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას იმსახურებდა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

  • “არ გვჭირდება შიდა ომები კომპანიაში“–შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რუსთავი2–დან კიდევ სამ წამყვანს გაუშვებენ

    “არ გვჭირდება შიდა ომები კომპანიაში. კომპანია გვინდა იყოს შეკრული ერთ გუნდად.“– ეს განცხადება რუსთავი2–ის დირექტორმა, პაატა სალიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან დაადასტურა საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია და ისიც დაადასტურა, რომ არხიდან კიდევ სამ წამყვანს – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს და გიორგი გაბუნიას გაუშვებენ. გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა მას ოფიციალურად ამ თანამშრომლების შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გააფორმებენ. სალიას თქმით მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია, რადგან ეს ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალ არხს ქმნიან. 

    “ინტერესთა კონფლიქტია, ვერ იმუშავებს ორ ტელევიზიაში. მისი (კვესიტაძის) განცხადება იყო. თავად თქვა, მე და ნიკა ახალ ტელევიზიას ვაკეთებთო, ლაივში ვუსმინე.

    ნანუკას შემთხვევაში ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, პირდაპირ აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ სიტუაციაში თანამოაზრეობა, ერთად მუშაობა და საერთო საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ?

    ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე. ვინც შვებულების პერიოდში აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, რაც აკრძალულია ჩვენი ხელშეკრულებით“– აცხადებს სალია.