Category: არქივი

  • გერმანული მედიის ინფორმაციით ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება

    გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა სავარაუდოდ შეკვეთილი იყო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

    გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა კარლსრუეში დღეს განაცხადა, რომ გამოძიება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს.

    გამოძიების ინფორმაციით არ არის გამორიცხული მკვლელობის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იდგეს. გერმანული მედიის ინფორმცაიით ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს და ის შეკვეთილია. მკვლელობიდან მალევე გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელი – რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც გერმანიაში მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გამოძიების ინფორმაციით ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც. ეს არის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი. მკვლელი დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ბერლინერ კურიერის ინფორმაციით ხანგოშვილის მკვლელი წარმოშობით ჩეჩენია.

    გერმანული მედია ხანგოშვილის მკვლელობასა და 2012 წელს საქართველოში ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის კავშირზეც წერს.

    ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში დაბანაკებული ისლამისტებისა და საქართველოს შს სამინისტროს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოში მასზე თავდასხმა მოხდა და ის დაიჭრა. თავდაპირველად ის ბრანდენბურგში ცხოვრობდა, 2017 წელს კი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.
  • ” რუსეთს „დიდი რვიანის“ აღდგენის ინიცირება არავისთვის უთხოვია”- ლავროვი

    რუსეთს „დიდი რვიანის“ აღდგენის ინიცირება არავისთვის უთხოვია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „ამ საკითხის დაყენება არავისთვის გვითხოვია. მე უკვე განვაცხადე, რომ ამ საკითხის შესახებ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის განცხადებებიდან შევიტყვეთ. ჩვენ ამ საკითხზე არავისთვის მიგვიმართავს და არც ვაპირებთ,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

    შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა-არმიწვევის საკითხმა ყველაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიწვევის მომხრეა, ხოლო დანარჩენი ლიდერები მას არ ეთანხმებიან.

    „არიან ადამიანები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ რუსეთი დაბრუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში ბევრი რამისთვის სასარგებლო იქნება. არიან ისინი, ვინც მე მეთანხმება. ჩვენ ამას განვიხილავთ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ჩვენ განვიხილეთ რუსეთის საკითხი – გვინდა მისი მოწვევა თუ არა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  • “ძალიან ცუდი საუბარი გვქონდა” – კალაძე ავტობუსების შემოყვანაზე პასუხისმგებელ კომპანია MAN-ზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, MAN-ის ტიპის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს იქნება.

    როგორც კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამის გამო მას კომპანია MAN-ის წარმომადგენლებთან „ძალიან ცუდი საუბარიც“ ჰქონდა.

    „კომპანიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ძალიან ცუდი საუბარიც მქონდა. ეს არ არის უბრალო კომპანია, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც ჩვენს ტენდერში გაიმარჯვა და აიღო ვალდებულება, რომ 90 ავტობუსი მოეწოდებინა ჩვენთვის ჯერ მაისის და მერე ივნისის თვეში, მაგრამ პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვპირდებიან, რომ სექტემბრის ბოლოსთვის აუცილებლად იქნება მოწოდებული ის 50 ერთეული. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უნდა შემოვიდეს. წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება მოწოდება“, – განაცხადა კალაძემ.

  • ლეონარდო დიკაპრიომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა

    ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ და მის მიერ დაფუძნებულმა „დედამიწის ალიანსმა“ ამაზონის ტყის  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას  “CNN”-ი წერს. დიკაპრიომ სხვა ვარსკვლავებსა და ცნობილ ადამიანებს  სოლიდარობისკენ მოუწოდა. 

    ლეონარდო დიკაპრიომ რამდენიმე დღის წინ  „ინსტაგრამზეც“  ამაზონის ტყის ხანძრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „დედამიწის ფილტვები ცეცხლშია“.

    წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის 74 000-ზე მეტი კერა დაფიქსირდა. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრაზილიის ამაზონის ტყეებში ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით არის გაზრდილი.

  • ია ფარულავას გადაცემა, “ფარული კონვერტი“ “რუსთავი 2“ – ზე რჩება

    „ფარული კონვერტი” „რუსთავი 2“ – ზე რჩება. ამის შესახებ გადაცემის წამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

    „გადაცემა „ფარული კონვერტი” დარჩა „რუსთავი 2“ – ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ. განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის (რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა“-  წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, „რუსთავი 2“ გასულ კვირას ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა. არხზე უკვე მეორე კვირაა, საინფორმაციო გამოშვება არ გადის.

  • მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

    26-29 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    26 და 28-29 აგვისტოს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აგვისტოს დღისით გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

  • გირჩის ტელევიზია გადასახადების გადახდას არ აპირებს და სხვა ტელეკომპანიებსაც იგივესკენ მოუწოდებს

    პოლიტიკური გაერთიანება გირჩი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელევიზია  გახსნა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანიებისთვის მილიონობით დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის გადაუხდელი გადასახადების სახით 19 მილიონი ამერიკული დოლარი დაუგროვდა, მაესტროს 8 მილიონი, რუსთავი2–ს კი 28 მილიონი. სახელმწიფო ჯერჯერობით ამ გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით ზომებს არ მიმართავს. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით თავად ტელეკომპანიების შეთავაზებას ელოდებიან. სახელმწიფოს განსხვავებულ მიდგომას ტელეკომპანიების გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით აპროტესტებენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც გადასახადების რეგულარულად იხდიან. გირჩი, რომლის ტელევიზია ახლა იწყებს ფუნქციონირებას, ამბობს რომ გადასახადების გადახდას არ აპირებს:


    “გირჩი TV-ს საგანგებო განცხადება

    2010 წლიდან დღემდე, შემდეგ სამაუწყებლო კომპანიებს სახელმწიფომ ჩამოაწერა საგადასახადო დავალიანებები (სულ ორჯერ მოხდა ჩამოწერა):
    თრიალეთი – 48,000 ლარი
    მზე – 593,000 ლარი
    25-ე არხი – 644,000 ლარი
    პიკი – 1,497,000 ლარი
    საზოგადოებრივი მაუწყებელი – 12,312,000 ლარი
    იმედი – 15,119,000 ლარი
    რუსთავი 2 – 24,984,000 ლარი

    ამჟამად საუბარია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა შემდეგი სამაუწყებლო კომპანიებისთვის:

    მაესტრო – 8,000,000 ლარი
    იმედი – 19,000,000 ლარი
    რუსთავი 2 – 28,000,000 ლარი

    სატელევიზიო ბიზნესი საქართველოში მეტწილად არის პოლიტიკური ბიზნესი. სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, სარგებლობენ ორი აპრობირებული სტრატეგიით, რომელსაც როგორც წესი მივყავართ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერამდე:

    ა) უნდა ასრულებდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რათა ხელისუფლებას უღირდეს გადასახადების გადაუხდელობაზე თვალის დახუჭვა

    ბ) უნდა ასრულებდე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რომტ ხელისუფლების მხრიდან გადასახადების გადაუხდელობაზე რაიმე რეაქცია, საზოგადოების თვალში ოსტატურად შეფუთო პოლიტიკურ ზეწოლად და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად

    გადასახადების გადაუხდელობა ეპატიათ მათ, ვინც ეს შეძლო

    სხვა მაუწყებლები, რომლებმაც უარი თქვეს ამ ორი ფუნქციიდან რომელიმეს შესრულებაზე, უბრალოდ დაიჩაგრნენ და დღემდე არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში

    მიუხედავად იმისა რომ ჩვენი აზრით ნებისმიერი გადასახადი ძარცვაა, მედიაბაზარზე შექმნილი ეს რეალობა წარმოუდგენელი უსამართლობაა

    სწორედ ამ უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:

    1. გირჩი ტვ არ გადაიხდის არც ერთ გადასახადს, მანამ სანამ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ მიაღწევს 24,984,000 ლარს (ერთი სამაუწყებლო კომპანიისთვის დღემდე ჯამში ჩამოწერილი ყველაზე დიდი საგადასახადო დავალიანება)

    2. გირჩი ტვ მოუწოდებს ყველა სამაუწყებლო კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში იხდიდა გადასახადებს, ან რომელიც ახლა დაფუძნდება, რომ გააკეთონ იგივე.

    3. მსხვილი სამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების კვლავ ჩამოწერის შემთხვევაში, გადასახადების გადახდის დაწყების ზედა ზღვარს გავზრდით შესაბამისი ოდენობით (მაგალითად: თუ რუსთავი 2-ს ჩამოეწერა დამატებით 28,000,000 ლარი, გადასახადების გადახდას დავიწყებთ როდესაც გირჩი ტვ-ს საგადასახადო დავალიანება მიაღწევს 24,984,000 + 28,000,000 = 52,984,000 ლარს)

    4. აქ მზე არავინ არ არის“ – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

  • ქართული ავიაკომპანია უკრაინაში ყველაზე პუნქტუალურად აღიარეს

    ქართული ავიაკომპანია უკრაინაში ყველაზე პუნქტუალურად კიდევ ერთხელ აღიარეს.

    უკრაინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა აეროპორტმა, კერძოდ – ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა, ივლისის თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები დაასახელა. ამ მონაცემების მიხედვით, ლიდერ პოზიციაზე არიან: Qatar Airways და Georgian Airways. მათ ავიარეისები დროულად, 100%-იანი სიზუსტით განახორციელეს.

    შეგახსენებთ, Georgian Airways-ი უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად ლიდერობს. ქართული ავიაკომპანია ამ ეტაპზე უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

  • “ჩემი სურვილია, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება” – ზურაბიშვილი

    ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

    “დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.

    საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.

    დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება – გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება.

    ასევე მძიმეა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დღესაც, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას მათი ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები.

    აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი საერთო ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ უფრო მეტია სიყვარული, მეგობრობა, ნათესაობა და ურთიერთპატივისცემა.

    მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.

    ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეს!”- წერს სალომე ზურაბიშვილი

  • ამაზონის ტყის ხანძრის კერები იმ ფართობისაა, რაც საფრანგეთის სახელმწიფო

    ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა. მასშტაბური კერები დაახლოებით იმ ფართობისაა, რაც საფრანგეთის სახელმწიფო. შესაბამისი ფოტო-შედარება Google-ში ვრცელდება. ამაზონის ტროპიკული ტყის ფოტო სატელიტითაა გადაღებული.

    ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა.

    მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტიქიის ზონისგან შორს მდებარე პუნქტებში დაკვამლიანება დაიწყო.

    მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.