Category: არქივი

  • “ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის”- წილოსანი დიღმელაშვილს უჩივის

    “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი “სირცხვილიას” ორგანიზატორს შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩივილს აპირებს. ამის შესახებ წილოსანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

    “გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.

    ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.

    ინფორმაციისთვის:
    შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები”-წერს წილოსანი.

  • სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

    სამეგრელოში, ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ხეს.

    გარდაცვლილია მძღოლის დისშვილი. დაშავებულთა შორის არის 2 წლის ბავშვიც.მგზავრები, მრავლობოთი მოტეხილობებით, ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

  • პროკურატურა ითხოვს ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინების გარეშე

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

    500 000 ლარიანი გირაოს გარდა, პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე, აეკრძალოს.

    „ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. გირაოს ოდენობად პროკურატურა 500 000 ლარს ითხოვს. ასევე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა შემაკავებელი ხასიათის უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის თიბისი ბანკის თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

  • ფესტივალ “Echowaves”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირია დაკავებული

    ანაკლიაში, ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო სამი – ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ნაქურდალი ნივთები.

    გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

    დაკავებული ახალგაზრდების მეგობრებმა სოციალურ ქსელში ჯგუფი “For Guga/For Giorgi/For Tako” შექმნეს. ისინი მეგობრების დასახმარებლად ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ უსამართლო და სამარცხვინო ნარკოპოლიტიკას საუკეთესო ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ეწირებიან. მათი ინფორმაციით, ფესტივალზე მინიმუმ 50 ადამიანი დააკავეს.

    “რამდენადაც ვიცი ფესტივალზე დააკავეს მინიმუმ 50 ადამიანი და ზუგდიდისა და ფოთის იზოლატორები არის გადავსებული. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, რომლებსაც თავისუფლების სანაცვლოდ თხოვენ 7000 ლარს და 5 წელს პირობით სასჯელს. თუ თქვენი მეგობრებიც არიან დაკავებულებს შორის, შეგვიძლია დავეხმაროთ მინიმუმ იმით, რომ ფოთში მივაწოდოთ საკვები, სასმელი და სიგარეტი. ასევე გვაქვს ადვოკატების კონტაქტი ფოთსა და ზუგდიდში,”- წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მაგდა ქაჯაია.

    როგორც “ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალური მონაცემებით ფესტივალზე მხოლოდ 16 ადამიანია დაკავებული.

  • საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

    საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (კვირას) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.

    განათლების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს ასევე სწავლის დაწყების გადავადების შესაძლებლობასაც, თუკი სკოლას სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელი ან სხვა კონკრეტული მიზეზი აქვს.

  • ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე-ხაზარაძე ხელისუფლებას

    “ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე”, –  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა.

    „ჩვენ, იცით, რომ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღედაღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ! ეს ქმედება {ანგარიშების დაყადაღება} მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, – მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას.

  • საქართველომ ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ფინანსების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა- ჯაფარიძე

    ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის, – ეს განცხადება “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

    ჯაფარიძის შეფასებით, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, მათი კანონიერი შემოსავლების დაყადაღებას. მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ უკვე მიიღო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება,ისე რომ არ გადაუმოწმებია იყო თუ არა ამის რაიმე საფუძველი ან მტკიცებულება.

    „ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია. ეს ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ჩამორთმევა მოხდეს დიდ ბრიტანეთში. სასამართლოს სამწუხაროდ, იმის მაგივრად გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს სახსრები არის უკანონო,  პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს ყადაღა იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

  • ქუთაისის “ტორპედო“ პრეზიდენტმა დატოვა და კლუბის ფული მიითვისა

    უთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.„ტორპედო“ ქუთაისის მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში კლუბისთვის ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება.  ქუთაისურ კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო  „ტორპედო“ ათამდე ფეხბურთელმა დატოვა.

    “”ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა.

    შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება.”- წერია განცხადებაში.

    როგორც “2020News”-ი აცხადებს “ტორპედოს” ბიუჯეტიდან თანხა კლუბის მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ მიითვისა.12 მილიონ დოლარის ნაწაილი ზაალ ჩაჩავამ ტოტალიზატორში წააგო ხოლო დარჩენილი თანხით მან კანადაში უძრავი ქონება შეიძინა.

  • “პროცესის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა” – ვატო წერეთელი

    “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ამის ავთანდილ წერეთელის პროკურატურაშ დაბარებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ვატო წერეთელი აცხადებს, რომ პროცესის მიზანია, მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა.

    “სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა. P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. არ გამოვა. “ტვ პირველი“ არ იყიდება. თავისუფლება არ იცვლება“, – წერს ვატო წერეთელი.

    შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე. სხდომის 15:00 საათზეა ჩანიშნული.

  • პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

    პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.  სასამართლო პროცესი დღეს, 27 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა.

    გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს  22 აგვისტოს ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

    TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.