Category: არქივი

  • ვასო ფხაკაძემ და თათია სულუაშვილმა “რუსთავი2” დატოვეს

    გადაცემა კომედი შოუს მსახიობებმა, თათია სულუაშვილმა და ვასო ფხაკაძემ რუსთავი 2 დატოვეს. სავარაუდოდ ისინი  ნიკა გვარამიას მთავარ არხზე გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაცია თათია სულუავილმა სოციალურ ქსელში  დაადასტურა. 

    “12 წლიანი მუშაობის მერე , მე ვტოვებ რუსთავი 2. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით #მთავარ არხზე.მადლობა ჩვენს მაყურებელს……..და წარმატებები ყველას……”- წერს თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში.
    კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი 2-ზე” რჩება. არხზე რჩებიან მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და 20-მდე სხვა მსახიობი.

  • ბახტაძე თანამშრომლების ნაწილს დაემშვიდობა. რამდენიმე დღეში გახარია პრემიერად დასახელდება

    დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ცვლილებების დრო როგორც ჩანს უკვე მოვიდა. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით რამდენიმე დღეში ახალი მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ დასახელდება, რაც პარლამენტი საშემოდგომო სესიას დაიწყებს, ანუ სექტემბრის პირველივე კვირას. შესაძლოა უფრო ადრეც. გადაწყვეტილია, რომ პრემიერის პოსტზე გახარიას წარადგენენ. შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაადასტურა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ მინისტრი, რომელიც მასწავლებლებს შეხვდა და ხელფასების გაზრდას დაპირდა, ღონისძიების დასრულების შემდეგ პირდაპირი ჩართვის ჯგუფს დაემშვიდობა. როგორც ჩანს პრემიერს პოსტის დატოვებამდე აღარ მოუწევს ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელსაც პირდაპირი ჩართვის უზრუნველყოფა დაჭირდება.

  • როგორ უსწორდება “Echowave”-ზე პოლიციელი ფესტივალის სტუმარს და რას ყვებიან მსმენელები (ვიდეო)

    ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ექოვეივსი“ (Echowaves) 22 აგვისტოს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა. წელს ანაკლიამ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა, თუმცა ფესტივალზე მისული მსმენელების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. მსმენელების უმეტესობა ფესტივალის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების არასათანადო ქცევაზე მიუთითებდნენ.  როგორც ფესტივალის სტუმრები ყვებიან, პოლიცია მათ უსაფრთხოებას არ იცავდა და ხალხზე “ნადირობდა”.

    ფესტივალზე 50-მდე ადამიანი კლუბური ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს და მათ 7000 ლარიანი გირაო და 5 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ, აქედან 16 ადამიანი კი ახლაც პატიმრობაში რჩება.  მსმენელები სხვადასხვა ინციდენტს ყვებიან, იმის შესახებ, რომ  ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები რომლებიც ჩხრეკას აწარმოებდნენ და რამდენჯერმე ისინი ფიზიკურად შეეხნენ დამსვენებლებს.სოციალურ ქსელში ვრცელდება ანაკლიაში გადაღებული ვიდეო.კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელი ფესტივალის სტუმარს.  ვიდეოს სოციალურ ქსელში სალი შონია ავრცელებს.

    პრობლემები შეიქმნა ასევე ფესტივალზე შესასვლელ სამაჯურებთან დაკავშირებითაც, რომელზეც თანხა ირიცხება და შემდეგ სამაჯურით ფესტივალის ტერიტორიაზე იხდი თანხას. როგორც ერთ-ერთი დამსვენებელი ყვება სამაჯურზე თანხა ჩარიცხა თუმცა გაფუჭებული იყო და მისი გამოყენება ვერ მოახერხა. 

    “ასეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ექო ვეივზე ბოლო საღამოს ჩავედი. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ამ ფესტივალზე. მითხრეს რომ ტერიტორიაზე რამის შესაძენას მხოლოდ სამაჯურზე დარიცხული თანხით შევძლებდი, ასეც მოვიქეცი. გადავიხადე 2ჯერ და ბალანსი დამრჩა 41 ლარი. შემდგომ კუნძულზე გადავინაცლე (აფთერ ფართიზე), სადაც ამ სამაჯურით სარგებლობა ვერ შევძელი, სავარაუდოდ დაზიანებული არისო და გადახდა არ მოხერხდა. გადამახდევინეს ტერმინალით. (რომ მცოდნოდა, ტერმინალით გადახდა შესაძლებელი იყო, აუცილებლად გამოვიტანდი თანხას უკან, ვინაიდან ფესტივალი უკვე დამთავრებული იყო). როდესაც აფთერ ფართიდან წამოვედი, სარეგისტრაციო პუნქტი დახურული დამხვდა. მივწერე ექოვეივის გვერდს, მათ კი უარით გამისტუმრეს. ძალიან დიდი მადლობა, ჯერ იმისთვის რომ ასეთი ხარისხიანი სამაჯურები გაქვთ და კიდევ იმისთვის რომ უკან დასაბრუნებელი გზისთვის განკუთვნილი თანხის გარეშე დამტოვეთ. ზოგადად ძალიან “მაღალ” დონეზე გქონდათ ყველაფერი ორგანიზებული. მადლობა, ნახვამდის!”- წერს ერთ-ერთი დამსვენებელი. 

    “მადლობა ექოვეივს ყველაფრისთვის მადლობა რომ 2 აბი ექსტაზისთვის და 1 მარკისთვის 7000 ჯარიმა დამაკისრეთ მადლობა რომ 5 წელი პირობითი მაჩუქეთ მადლობა რო აყოლებული კარცერში 48 საათი დამსვით მადლობა რომ ეცადეთ ჩემი ფსიოლოგიის გაბზარვასმადლობა რომ არსეობობთ მადლობა რომ ესეთი კარგები ხართ მადლობა რომ ესეთი კარგი ორგანიზატორები გყავთ მადლბოა ყველაფრისთვის <3 <3 <3 მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და მადლობა რომ გადაცმული რეივერი პოლიციელები გყავთ თქვე არარაობებო წაშალეთ ეს პოსტი ! თუ მართლები ხართ და არა პირობითზე არამედ ციხეში გამიშვით მეტი რა შეგრჩენიათ ? “- წერს გიორგი გამეზარდაშვილი ექოვეივის ოფიციალურ გვერდზე. 

    “რატომ უნდა შერჩეთ ექოვეივსის ორგანიზატორებს ხალხის ასეთი გაწირვა ?პირველად ხო არ მოხდა მსგავსი რამ, ყოველ წელს იგივე ხდება და სხვა ფესტივალები და ივენთები ნათელი მაგალითია იმისა, რომ წინასწარი შეთანხმებით ორგანიზატორს შეუძლია არ შემოუშვას პოლიცია & შსს ღონისძიების ტერიტორიაზე. სად არის თეთრი ხმაურის მოძრაობა ?
    სად არიან ‘მებრძოლი იდეოლოგისტი ლიდერები’ ? სად არიან უფლებებისთვის მებრძოლი დიჯეები, რომელთა სეტების დროს ხალხს კაპეზეზე მიათრევდნენ. გადაყავდათ და ვერ დაინახეს ?ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით იმედია, რომ პოლიცია არ უნდა იყოს იმ ფესტივალზე რომელსაც კერძო დაცვა იცავს და ა.შ.ლაშა წურწუმიასნაირებს რატომ უნდა შერჩეთ ამხელა უპასუხისმგებლობა და დანაშაული მისივე ფესტივალის სტუმრების მიმართ ?”

    “თუკი რამე იყო ამ ივენთში ღირებული, ლამაზი და დაუვიწყარი, ყველაფერი სტუმრების დამსახურებაა და არა თქვენი. (ორგანიზატორების)წარმოიდგინეთ, ყველა კომფორტი და პირობა მოაკელით, რაც უნდა ჰქონოდათ და ამის მიუხედავად, საკუთარი შინაგანი რესურსები დახარჯეს და ეს ყლეობა ბოლომდე მიგაყვანინეს. თქვენი წყალობით კი არ შედგა, მათ ჩადეს დადებითი ენერგიები და თქვენც არ შერცხვით. თორემყველაზე სამართლიანი იქნებოდა მანდ ერთი ახალგაზრდაც არ მოსულიყო და გეცეკვათ თქვენს დაკრულზე მარტოებს 🙂 არაუშავს, ჭკუას ვისწავლით და ნდობის ნატამალსაც არ გაღირსებთ რო. შემდეგში, გასართობად წამოსულები ციხეში არ ჩაგვაყუდოთ.
    გამოენძრიეთ და რამე კომენტარი მაინც გააკეთეთ დაკავებულებზე, ასე მარტივად ვერ მოიხსნით პასუხისმგებლობას თქვე სალომე ზურაბიშვილებო.”

  • 20-21 ივნისის მოვლენებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა

    საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი.  ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

    პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

    20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან. მოცემულ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “იმედისგან ბიბისი რომ გააკეთა, ზურაბიშვილთან გადასულა”-ჩერგოლეიშვილი ნათია აბრამიაზე

    “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ და უკვე დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი იმნაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი  ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს.

    “იმედისგან ბიბისი რომ გააკეთა, მერე გამოჩენილი ჟურნალისტი, ნათია აბრამია, სალომე ზურაბიშვილთან გადასულა – მართვის ეფექტურობის სპეციალისტია!

    რა თავბრუდამხვევი კარიერაა”-წერს ჩერგოლეიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

  • “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი 2“-ზე რჩება

    “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი 2-ზე” რჩება. ამის შესახებ “კომედი ჯგუფის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    “რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, “კომედი ჯგუფის” ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო “მთავარ არხზე”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.

    გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ, “რუსთავი 2“-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით. ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი “კომედი არხი” “, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ავთანდილ წერეთელს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

    აღნიშნული  გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

    შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

  • “ვულოცავ სახელმწიფოს, გირაოს სახით შესაძლოა ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს”- ვატო წერეთელი

    იმ შემთხვევაში თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ავთანდილ წერეთელს აღკვეთის სახით გირაოს შეუფარდებს, მის ოჯახს ტვ “პირველის” შენობის დაგირავება მოუწევს.

    როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ ისინი იძულებულები იქნებიან ნახევარი მილიონი ლარის გადასახდელად შენობა იპოტეკით დატვირთონ:

    “სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის და რატომ არ არის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაზე ცუდი, რაც ხდება არის ის, რომ გირაოს სახით შესაძლოა ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს. მოგეხსენათ, ბიზნესში აღარ ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს ტელეკომპანიის შენობა იქნება. ამ ფაქტს პროკურატურასა და ამ სახელმწიფოს ვულოცავ,” – განაცხადა ვატო წერეთელმა.

  • “რუსთავი2″ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მეუღლე პრეზიდენტის კონსულტანტად მუშაობს

    ირაკლი იმნაშვილის მეუღლე ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. 

    “ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოწვეული სპეციალისტის რანგში”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

    ჟურნალისტი ნათია აბრამია 2007 წელს დიდ ბრიტანეთში ქმართან, ირაკლი იმნაიშვილთან ერთად საცხოვრებლად წავიდა და მასთან ერთად BBC-ში მუშაობდა. 

    შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2–ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად არხის დირექტორმა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა. მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც  სალიამ განაცხადა, რომ მართალია არხი ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა პროტესტის ნიშნად, თუმცა “რუსთავი 2” კარი ღიაა ყველასვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

  • “ბორჯღალოსნები” -“საუზერნ კინგსის“ წინააღმდეგ (შემადგენლობა)

    ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ-მატჩს სამხრეთ აფრიკულ გუნდ „საუზერნ კინგსთან“ გამართავს. მატჩი 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

    რადგან მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეები შეთანხმდნენ და გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ. შედეგად, მწვრთნელებს საქმეში მეტი მორაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

    “ჯერ ამ თამაშებში და შემდეგ მსოფლიო თასზე უნდა გამოჩნდეს ის სამუშაო, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გავწიეთ. ‘საუზერნ კინგსთან’ და შოტლანდიის ნაკრებთან იმ ტაქტიკურ სიახლეებს გამოვცდით, რომელთა გამოყენებასაც მსოფლიო თასზე ვაპირებთ. საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს და მომავალი შეხვედრისთვის ყველა მაქსიმალურად მობილიზებული ემზადება.”- განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. 

    ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული პირველი ხაზი დააყენა: კვაჭი 19 წლის ვანო კარკაძეა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ხოლო ბურჯები 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 23 წლის გიორგი მელიქიძე იქნებიან.

    მეორე ხაზში, ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში ითამაშა.

    მესამე ხაზში ახალგაზრდა მორაგბეები დადგებიან – ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე, რომელთაგან ბოლო ორს, ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ხოლო საღინაძე შედარებით ახალი სახეა.

    მგეზავად ბრუნდება ლაშა ხმალაძე, რომელიც გიორგი ბეგაძეს შეუწყვილდება.

    ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, ფულბეკი სოსო მათიაშვილია, ხოლო ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური დადგებიან.

    ხაზი | ბექები

    15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

    შერკინება | ფორვარდები

    1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

    მარქაფა

    16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა “ბორჯღალოსნების” სათამაშო ფორმები 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის.

    ნაკრების ძირითადი მაისური  ღვინისფერი იქნება, ხოლო ალტერნატიული – თეთრი. ასევე კავშირმა წარადგინა “ბორჯღალოსნების” ჰიმნზე მოსასხამი, წარწერით “საქართველო”.