Category: არქივი

  • პროკურატურა ბრიტანეთში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საკითხზე ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს.

    „საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, – კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის“, ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ – ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი. აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული. მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს. ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა „ანტიტერორისტული“ არცერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • პეკინზე დაჭრილ 4 წლის ბავშვს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

    პეკინზე დაჭრილი ოთხი წლის ბავშვის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. როგორც მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა და ჭრილობები გაიკერა, დამატებითი ქირურგიული ჩარევა საჭირო არ ყოფილა.

    შეგახსენებთ, გუშინ, 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე ქალი  მცირეწლოვან ბავშვს მიეჭრა და  ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობები მიაყენა. გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ბავშვის დაშავებაც სცადა.

    პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

  • პუტინმა ერდოღანს ჭიქის ნაყინი უყიდა (ვიდეო)

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ჭიქის ნაყინი უყიდა. პრეზიდენტები ნაყინებს კამერების წინ  არჩევდნენ, პუტინმა არჩევანი ჭიქის ნაყინზე შეაჩერა.

    “ჩემსასაც გადაიხდით?” – ჰკითხა  ერდოღანმა პუტინს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა “რა თქმა უნდა, თქვენ სტუმარი ხართ”.

    თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

  • შსს მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დაკავების ვიდეოს ავრცელებს

    პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. შსს  ქალის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულებს შორის არიან  ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალი.

    „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”,-აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

  • პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და უზურპატორი დემონსტრატიულად დაგვამცირებს-გვარამია

    “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შს მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელ გაპრემიერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნა საზოგადოებაში პროტესტის ხმის ჩასახშობად იქნება გამოყენებული.

    “კაცი, რომელმაც თვალები დათხარა ბავშვებს;

    კაცი, რომელმაც მხედრიონის შემდეგ, პირვლემა გამოიყენა ლეტალური ტყვიები სრულიად უვნებელი მიტინგის დარბევისას;

    კაცი, რომელმაც დამიზნებით ესროლა ჟურნალისტებს და ოპერატორებს;

    კაცი, რომელიც მისი მინისტრობის ყველა ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით, სულ ყველა სტატისტიკური შედეგით, იყო ყველაზე წარუმატებელი შსს მინისტრი;

    და მთავარი და სამუდამო, კაცი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველმა მოახერხა შესულიყო ურბანულ პოეზიაში და ბოროტების სიმბოლო გახდა ბავშვების ლექსებშიც და ყველაზე cool ახალგაზრდა ტიპების სიმღერებშიც;

    აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად ჩაიდენს უმძიმესი ძალადობის აქტს ყველა ჩვენთაგანზე, მიჯირყვნის ჩვენს აღშფოთებას და ღრმად ჩაგვიტუმბავს შინაგანი პროტესტის ხმას;

    აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად დაგვამცირებს და გვეტყვის, რომ არაა ეს ჩვენი საქმე და საერთოდ არაფერი არაა ჩვენი საქმე ამ ქვეყანაში. და საერთოდაც, აღარასდროს აღარაფერს აღარ გადავწყვეტთ და არ იქნება ჩვენი საქმე;

    აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი გვეტყვის, რომ უნდა შევეჩვიოთ რუსული “ვიკროიკის” და აქცენტის პრემიერებს. მეტყველების აქცენტს ვინ დაეძებს, მართვაში რუსულ აქცენტებს შეგვაგუებენ და დასავლეთის მიერ ოთხჯერ დაბლოკილი რუსული გავლენის აგენტი მაინც დაჯდება ქვეყნის პირველი პირის სავარძელში. და ამგვარად უზურპატორი ღიად დაიკიდებს დასავლეთს;

    აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი რუსთაველზე თვეების განმავლობაში მდგარ ახალგაზრდა, დასავლური განათლების პატრიოტებს და მათთან ერთად ჩვენს შვილებს ბოროტი ხარხარით ეტყვის, რომ მათი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, აქ ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ და უნდა წავიდნენ. და რომ ეს არ არის წარმატებული ხალხის ქვეყანა და უნდა დარჩნენ მხოლოდ ლუზერები და პენსიონერები;

    აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ან ძალა და თავმოყვარეობა გვეყოფა და უზურპატორისთვის ამ აქტს თვითმკვლელობად ვაქცევთ, ან გავიჟიმებით და უზურპატორი ამ აქტით ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრიობას გილიოტინაზე შეაგდებს.

    აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ვნახოთ, ამ ყველაფრის მერე რა, როდის და როგორ მოხდება.

    ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო”-წერს გვარამია.

  • ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, დაკავებულია

    პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავეს. 

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით“, – აცხადებენ შსს-ში.

    შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. ბავშვი  მშობლებთან ერთად მიდიოდა,უცნობი ქალი მასთან მიიჭრა და სახის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ დაჭრა ქალმა 3 წლის ბავშვი პეკინის გამზირზე

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ დაუსერა სახე პეკინის გამზირზე უცნობმა ქალმა 3 წლის ბავშვს. შემთხვევა სამშაბათს საღამოს მოხდა. 3 წლის ბავშვი, რომელიც მშობელბთან ერთად იმყოფებოდა უცნობმა ქალმა სახის არეში ბასრი საგნით დაჭრა. ქალი ბავშვს მოულოდნელად მიუახლოვდა და იმდენად სწრაფად მიყენა დაზიანება, რომ მშობლებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა საღამოს დაახლოებით ცხრა საათისთვის პეკინის გამზირის 11 ნომერთან მოხდა. ბავშვი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით მას ცხვირის და მარჯვენა ლოყის არეში ღრმა ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის  ადგილზე მივიდა პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების მასალების ამოღება. სოციალურ ქსელში მოგვიანებით შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.