Category: არქივი

  • ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

    საქსტატის ცნობით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა. უწყებამ  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

    “2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

  • „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

    კატალონიური „ბარსელონას“ და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ მან “Twitter”-ზე დაწერა.

    „ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებისთვის. მადლობას ვუხდით საავადმყოფოების პერსონალს მათ მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. მადლობა ექიმებს, მედდებსა და ყველა მოხალისეს. ქსანა, მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები და იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ შევხვდებით“, – დაწერა ლუის ენრიკემ.

    ლუის ენრიკემ შვილის ავადმყოფობის შესახებ 25 მარტს გაიგო. მაშინ ის  ესპანეთის ნაკრებთან ერთად მალტას წინააღმდეგ გასვლითი მატჩისთვის ემზადებოდა. შვილის დიაგნოზის გაგების შემდეგ ენრიკემ ნაკრების სამი მატჩი გამოტოვა, ივნისში კი პოსტი დატოვა. ესპანურმა მედიამ მწვრთნელის გადადგომის მიზეზები იცოდა, თუმცა არც ერთ მედიასაშუალებას ოჯახის ნებართვის გარეშე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

  • ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

    სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

    “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

  • მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს

    მამუკა გორგოძე “ბორჯღალოსნებთან”ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას, „რაგბი15“ ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.ამ მომენტისათვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, „ტულონის“ ხელმძღვანელობას შორის.

    შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

  • რა მისწერა „ოცნების“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიას

    “გიყვარდეთ საქართველოს”- ეს წარწერა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა დაწერა და “სირცხვილიას” აქტივისტებს სთხოვა “ევროპული საქართველოს’ ერთ-ერთი ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის გადაეცათ.

    სამოქალაქო აქტივისტები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „სირცხვილიას“ მაისურებით და თვალზე აფარებული წითელი ლენტებით მივიდნენ. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს “გავრილოვის ღამესთან“ და აქციის დროს დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მოსთხოვეს, რის შემდეგაც დეპუტატებს “სირცხვილიას” ფურცლები დაურიგეს და სხდომა დატოვეს.

  • “მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა,მაგრამ მკურნალობდა”-მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის დედა

    3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

    სასამართლოს დასრულების შემდეგ თამარ საძაგლიშვილის დედამ  პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ მის შვილს ფსიქიური პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულში მკურნალობდა.

    “ჩემს შვილს  ფსიქიკური პრობლემები აქვს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ეს  რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. ის იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა.. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა”,- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

    გადაწყვეტილება  მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

    მისი განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ისევ  ჩაიდინოს.

  • ხმაური პარლამენტში- სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე „სირცხვილიას” წარწერით მივიდნენ (ვიდეო)

    ხმაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე-  სამოქალაქო აქტივისტები  “სირცხვილიას“ წარწერებით მივიდნენ და   კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს “გავრილოვის ღამესთან“  დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მკაფიოდ  მოსთხოვეს.

    “72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, – მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა  თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.

    სოფო კილაძემ კი უპასუხა, რომ ის არის არა სამოქალაქო აქტივისტი, არამედ ელენე ხოშტარიას თანაშემწე. სამოქალაქო აქტივისტებსა და უმრავლესობის წევრებს შორის მცირე კამათი მოხდა, რის შემდეგაც  მოძრაობის წევრებმა დეპუტატებს ფურცლები დაურიგეს წარწერით “სირცხვილია” და კომიტეტის სხდომა დატოვეს.

    {{VIDEO}}

  • 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

    3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული  გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ალექსი გაბუნიას  თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

    შეგახსენებთ, რომ  27 აგვისტოს  პეკინის გამზირზე ქალმა მცირეწლოვანი დაჭრა. 3 წლის ბავშვს ჭრილობა სახის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა.

    გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

    საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, სიმაღლიდან გადმოვარდნილი ბავშვი ეზოში გამვლელმა აღმოაჩინა. მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

    გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

    2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია.

    აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

    აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა, როგორც პირადი გვერდის, ასევე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ.

    ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge შეეძლება.

    რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333.