Category: არქივი

  • “სამხედრო დაპირისპირება არ იქნება“–ბიბილოვი უარყოფს რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ოჯახი გახიზნა

    სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ. ბიბილოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება.

    “სოფელ წნელისში შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება! სოფელ წნელისის მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და მათ სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა,რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა, ჩემი ოჯახი ადგილზეა,“- წერს ბიბილოვი ფეისბუქში.

  • “მოვითხოვთ პრეზიდენტი გამობრძანეს და საზოგადოებას მოახსენოს ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს“–უდუმაშვილი


    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტმა დაასახელოს, ვისი დავალებით შეიწყალა ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძე, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რეალურად კი საპატიმრო სამ წელიწადში დატოვა. ის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი დღის წინ შეწყალებულ 34 პატიმარს შორის მოხვდა, რასაც მწვავე რეაქცია და პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა.

    ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტს კრიმინალების მფარველს უწოდებს:

    “სალომე ზურაბიშვისლ დაავალეს ამ აქტზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია, ვინ დაავალა მას ამ აქტზე ხელის მოწერა, თუმცა კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდნენ ის პიროვნება ან პიროვნებები, ვინც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას.

    დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დატყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ჩვენ ვაჟკაც ბჭებს 7 წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს, 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ საპატიმრო დაწესებულებიდან.

    ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ თარაშ მუკბანიანის ხსოვნის, არამედ ყველა იმ პოლიციელის, ვინც დღეს ემსახურება ჩვენს ქვეყანას.

    მოვითხოვთ რომ პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებისთანავე, ორშაბათსვე გამობრძანეს და საზოგადოებას მოახსენოს ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს.ველოდებით კითხვებზე პასუხს. საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ საქართველოს ყავდეს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი.“– განაცხადა უდუმაშვილმა.

  • “წავა გახარია აბა რას იზამს, ოღონდ არა ციხეში არამედ პრემიერად”- ირინა სარიშვილი

    პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში გახარიას მოსალოდნელ გაპრემიერებას ეხმაურება. 

    „თვით დიდი რუსეთის მონაწილეობით იდგმება უკვე სპექტაკლები გახარიას გასაპრემიერებლად. ნუ ეგრე წავა გახარია აბა რას იზამს, ოღონდ არა ციხეში არამედ პრემიერად. ეგრე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნოს სანამ ოპოზიცია გონზე მოსულა და ერთმანეთს ჭამს და დარჩენილი 1 წლის ნაცვლად ამ ვირთხების ხროვამ დამატებითი 4 წელი მიიღოს.
    რამდენ ხანს ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას?!, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

  • „თქვენ იცავთ ჩვენს მშვიდობას“ – სალომე ზურაბიშვილი ქართველ სამხედროებს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა. 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.
    „თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. დღეს მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი.

    დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

  • შემდგომი 3 დღე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. საქართველოს ცალკეულ რაიონებში 1-ელ სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება, ზღვისპირეთში 26-28 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-27 გრადუსია მოსალოდნელი.

    პირველ სექტემბერს, თბილისში უნალექო ამინდია იქნება.

    2-3 სექტემბერს კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა-ელჭექით არის ნავარაუდევი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

  • “ეს ჩვენი მიწაა“–წნელისთან ოსური დროშა აღმართეს

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანებმა ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალების შესრულება დაიწყეს და გუშინ საღამოს სოფელ წნელისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დროშა აღმართეს. რუსული მედიის ცნობით სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ოპერაცია სოფელ წნელისთან “ჰუმანიტარული ოპერაციის“ განხორციელებისთვის. ოსური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ქმედებებს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ექნება და საზღვარზე ოსი მესაზღვრეები განლაგდებიან.

    სიტუაცია საოკუპაციო საზღვართან ორი დღის წინ დაიძაბა. ოსურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და პოლიციის ბლოკპოსტის აღება მოსთხოვა. თუმცა ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნა არ შეასრულა.

    30 აგვისტოს  სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტი ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება. ოსურმა მხარემ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ წნელისის პერიმეტრს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები გააკონტროლებენ.
  • დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად 6 ქურდობა ედება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში ჩადენილ ქურდობის 6 ფაქტზე არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
    ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ 5 ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აშშ რუსეთს მოუწოდებს საოკუპაციო საზღვართან ესკალაცია თავიდან აირიდოს

    ამერიკის შეერთებული შტატები საოკუპაციო საზღვართან გამწვავებული ვითარების შესახებ განცხადებას აკეთებს:

    “ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.“–ნათქვამია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
  • მოსკოვი თბილისს დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე და განაცადა, რომ “დაძაბულობის ესკალაცია სამხრეთოსური სოფლის, წნელისის სიახლოვეს ქართული პოლიციის პოსტის მშენებლობამ გამოიწვია“.

    რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ თბილისმა მრავალგზის თქვა უარი ცხინვალის შეთავაზებაზე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ.

    “ამ პირობებში სამხრეთოსური მხარე იძულებულია განახორციელოს ყველა საინჟინრო სამუშაოები ცალმხრივად. ისინი მიმართულია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად და ინციდენტების აღსაკვეთად. ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა, ისევე ,როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი“– ნათქვამია განცხადებაში.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით თბილისმა დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია პროვოკაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებით დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, რამაც რეგიონში ატმოსფერო დაძაბა.

    მოსკოვი “მოუწოდებს მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და განაგრძონ სადაო საკითხების განხილვა ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმის, ასევე ჟენევის დისკუსიის ფარგლებში.“
  • ბორჯომში წყალს ჭიაყელა გადმოყვა (ვიდეო)

    სოციალური ქსელის მომხმარებელი ბორჯომის სოფელ ახალდაბადან ვიდეოკადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასმელ წყალს მატლი გადმოყვა.

    “ეს რაღაცა უბედურება მოყვება სასმელ წყალს და მშობლებმა მიაქციეთ პატარებს ყურადღება,შეიძლება არც დააკვირდნენ ისე დალიონ. გაავრცელეთ მაქსიმალურად !!!აკონტროლეთ წყლის ფილტრაცია და ხარისხი, როგორ ჰაერსაც ვსუნთქავთ ისიც გვეყოფა თქვენი მოწამლვა აღარ გვჭირდება. !!!  ბორჯომის რაიონ დაბა ახალდაბაში ვიპოვე ამ დილით.”- წერს Alexander Goodfella სოციალურ ქსელში.