Category: არქივი

  • ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს

    ავღანეთის დედაქალაქში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას ავღანეთში “TheWashingtonpost”-ი ავრცელებს
    მათივე ცნობით, ჯარისკაცები ქაბულში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპნენ. ერთი გარდაცვლილი აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო მეორე რუმინეთის. ორივე ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მსახურობდა.

    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის მიხედვით, დაღუპული ჯარისკაცის ვინაობას ოჯახისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათის შემდეგ გაასაჯაროებენ.

  • ” წავედი, უბრალოდ დავისვენე” – ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომაზე

    წავედი, უბრალოდ დავისვენე, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, თუ რა იყო მისი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის საფუძველი, „თუკი მას ამხელა შემართება ჰქონდა და აქვს“.

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მაშინ გუნდში ასეთი შეთანხმება მოხდა.

    „რატომ გადავდექი თავის დროზე? მე ჩემს გამოსვლაში ავხსენი ყველაფერი, რატომ გადავდექი. ამის იქით დამატებით მიზეზებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მე ასე ჩავთვალე იმ დროს საჭიროდ, ასეთი შეთანხმება მოხდა მაშინ კოალიციაში, გუნდის შიგქნით. წავედი, უბრალოდ დავისვენე,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ” რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა”-თურნავა

    რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, ამას ცხადყოფს სტატისტიკაც, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

    „2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა იყო. წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასსუხისმგებლო, პოლიტიკური ძალების მიერ რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, დაკარგა ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ახლა ვუმკლავდებით. მთავრობა აქტიური ძალისხმევით და ანტიკრიზისული ღონისძიებებით დროულად ჩაერთო ამ პროცესებში და მოვახერხეთ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან დაზარალდა როგორც ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც. რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, ამას ცხადყოფს სტატისტიკაც“, – განაცხადა თურნავამ.

  • “თუ დამნაშავეა ჩაჯდება ციხეში, უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?!”-გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

    “როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს იარაღი ამოვიღო” – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

    გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და შესაბამისად, კითხვა, თუ რატომ არ მთავრდება გამოძიება, მისი მისამართით უნდა დაისვას.

    „ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, ეს სხვა თემაა. ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ: უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა, ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ – ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად – არ შეიძლება ასე. გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ. რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა – არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა – უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!

    ასევე, ერთი რაღაც მინდა ყველამ რომ იცოდეთ, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი- იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, შევდივარ ოთახში ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და უნდა გამოვიყენო იარაღი. მე ვწყვეტ იქ, ვესროლო თუ არ ვესროლო. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რომ გავისვრი იქ, მე უნდა ვაგო პასუხი სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა.

    ახლა ყველა ვიღაცა რაღაცას დააშავებს და ყველა მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ პასუხი აიღოს – რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა – მას თავისი კანონი აქვს. კანონით სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას და რატომ უნდა აგოს? ეს ინდივიდუალური ადამიანია. მე მაქვს ჩემი უფლება გამოვიყენო ან ხელი მოვაწერო, დავნიშნო თუ არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რამე გააფუჭა, ყოველ ვთქვათ ტყვიის გასროლაზე, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არასწორია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    5 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9598 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9660 ლარი იყო.

    შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.62 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2724 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2668 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5200 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6521 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 სექტემბერიდან შევა ძალაში.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ავტომობილი ქვეითს ზებრაზე გადასვლისას დაეჯახა

    ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მახინჯაურის დასახლებაში მოხდა.  ავტობუსი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შეჯახების შედეგად კი მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე მოსიარულე ქვეითს. ქვეითი საავადმყოფოში გადაიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში.

    გამოძიება 276ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • სალომე ზურაბიშვილის აზრით, ოჯახურ ძალადობა მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასთან არის დაკავშირებული

    საქართველო პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში ოჯახურ ძალადობაზეც ისაუბრა. „ფიგაროს“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი და სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ქართული საზოგადოება დიდხანს რჩებოდა კონსერვატორად, ქალები შინ რჩებოდნენ, მამაკაცები გარეთ იყვნენ. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტერეოტიპული აზრია.

    „ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც „მეფეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ოჯახური ძალადობა, ზურაბიშვილი პასუხობს.

    “დიახ, ეს ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც: ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან”, – აცხადებს პრეზიდენტი.

  • “ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია”-გომელაური პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

    “ეს ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია”-ეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვაზე გააკეთა, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას ეხებოდა.

    “ნუ, ეს ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია. არამარტო ეგ. მე ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ჩადენილი ვისაც აქვს, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი მოსაზრებაა პირადი. რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მე ვგმობ ამას, ეს ჩემთვის მიუღებელია”, – თქვა გომელაურმა 

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა.

    დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  • თემქაზე გარდაცვლილი ქალის მეუღლესა და შვილს პოლიციაში კითხავენ

    გლდანი-ნაძალავედის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, თემქაზე, ზღვის უბნის მე-11 მირკო რაიონის 39-ე კორპუსში გარდაცვლილი, 62 წლის სიმა მირზოევას მეუღლესა და შვილს კითხავენ.

    ცოტა ხნის წინ დასრულდა ორი მეხანძე-მაშველის დაკითხვა, რომლებმაც პირველებმა ნახეს გარდაცვლილი ქალის ცხედარი. მათ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის ქალია. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. სახანძრო სამსახური მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინაში ხანძარი შენიშნეს.

    მეზობლების ინფორმაციით, ქალი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინეს.