Category: არქივი

  • ქობულეთში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, ერთი ადგილზე დაიღუპა

    ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

    დაშავებული მუშა კლინიკაში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

  • „მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“-გვარამიას პირველი კომენტარი ბრალის დამძიმების შემდეგ

    “მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში, ტყუილად წვალობთ,- წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი  და “მთავარი არის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

    „დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ. რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში.

    p.s მთავარი არხი • Mtavari Arkhi მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“,- წერს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ გვარამიას მიმართ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ  ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა. გვარამიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და  ყალბ გარიგებაში.

    პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს ზურაბ იაშვილს.

  • “ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ”- გახარია 20 ივნისზე

    “ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ“, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, შს ყოფილმა მინისტრმა გიოგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

    მან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში ოპოზიცია დაადანაშაულა.

    მისი თქმით, როდესაც ადამიანები პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდნენ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ორგანიზებულად წაიყვანა ისინი შტურმით სახელმწიფო ინსტიტუტზე.

    “უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი პოლიციელი. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. რა თქმა უნდა, სიმართლეა იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლეა ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს გაუსწოროს თვალები, სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით, და არა იმ სპექტაკლებით, რომელსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს.

    ჩვენი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგაოდებასთან ურთიერთობის ჩვენი ენა იყოს სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე ნიშვნელოვანი, ჩვენ ამას ბოლომდე გავაკეთებთ, ამის არ შეგვეშინდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს

    რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვრამიას ახალი ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადეს.

    გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და “ინტერმედია პლუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც. 

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

    გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

    მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის – კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

    ასევე, გამოტანილია დადგენილება ინტერმედია პლიუსის დირექტორის – ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    დასახელებულ პირთა მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

    2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – გენერალურ დირექტორად.

    ტელეკომპანიის წესდების თანახმად, საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და საწარმოს ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს საზოგადოების და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.

    მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია არღვევდა დაკისრებულ სამსახურებრივ ვალდებულებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

    2015 წლის მარტში, ,,ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსების გაკონტროლების მიზნით, ნიკა გვარამიამ ახლო მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა კომპანიის 30%-იანი წილი.

    2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ნ. გვარამია შესაბამის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.

    მას შემდეგ, რაც 2015 წლის 5 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა როგორც ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაყადაღება, დირექტორისთვის კი საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა – უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა. ნიკა გვარამიამ, სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ასევე, საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა – კახაბერ დამენიამ, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, განიზრახეს 2015 წლის 16 იანვარს, ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, კახაბერ ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კერძოდ, ნიკა გვარამია შეუთანხმდა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისთვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.

    საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.

    „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით – 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის – ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისგან მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩა №14-ში, მე-7 სართულზე მდებარე ორი ბინა: ბინა №14ა – ფართით 119.37 კვ.მ. და ბინა №13 – ფართით 119.37 კვ.მ.

    2016 წლის ივნისში, „ინტერ მედია პლიუსიდან“ მისაღები სარგებლის შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ ქ.თბილისში, მუხაძის ქუჩა №14-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა, უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიასთან, შეუთანხმდა ფასსა და პირობებზე და 2016 წლის 3 აგვისტოს „ინტერ მედია პლიუსის“ სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა გადავიდა „ინტერ მედია პლიუსი“-ს საკუთრებაში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოთხოვნის უფლების მიღების მიზნით, 2016 წლის 5 და 25 ივლისის თარიღებით ნიკა გვარამიამ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა „ინტერ მედია პლიუსთან“, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ზურაბ იაშვილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

    2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსის“ – დირექტორმა ზურაბ იაშვილმა, ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ქ.თბილისი, მუხაძის ქ.#14-ში მდებარე ზემოაღნიშნული 2 ერთეული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის გამცემისთვის დასაბრუნებელი თანხის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულებები სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ აისახა 2017 წლის 22 მარტს, რის შედეგადაც, ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.

    მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და საკუთრების შენიღბვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვეში, 2017 წლის 7 ივლისსა და 2017 წლის 26 სექტემბერს, ორივე საცხოვრებელი ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 602 521.8 ლარის შემოსავალი.

    გაცნობებთ, რომ ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

    კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “მე თქვენ დაგასრულებთ” – გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობას

    “მე თქვენ დაგასრულებთ”– ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნაციონალურ მოძრაობას.

    “რაც შეეხება ყველაფერ იმას რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი ენმ-ს სახე: ტყუილი, სიცრუე როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება, ამას თქვენ აკეთებდით არამხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ,მე თქვენ დაგასრულებთ,თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით..”, – განაცხადა გახარიამ.

    გახარიას ამ განცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომის შეწყვეტის ინიციატივა დააყენა.სამადაშვილმა ენმ-ს წევრები ითხოვდნენ, პარლამენტში შეეშვათ ის აქტივისტები, რომელთა სახელზე დაშვებულია საშვი და რომლებიც 20 ივნისის აქციაზე დაარბიეს, თუმცა  აქტივისტები არ შეუშვეს.

  • “ჩვენ არ მოვუსმენთ სისხლის სამართლის დამნაშავეს“–ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომა შეწყვიტა და ტრიბუნაზე ასული გახარია მარტო დატოვა (ვიდეო)


    შესვენების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, ტრიბუნასთან გიორგი გახარია ავიდა.
    მან საუბარი 20 ივნისის ღამის გახსენებით და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ საპასუხო ბრალდებებით დაიწყო, თუმცა სალომე სამადაშვილმა გახარიას სიტყვა შეაწყვეტინა და მოსთხოვა გაეცა პასუხი, რატომ არ უშვებდნენ პარლამენტში მოქალაქეებს, რომლებზეც საშვი იყო დაშვებული, მათ შორის მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა.

    გახარიამ სიტყვა გააგრძელა:

    “ის, რაც აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სხე – ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, და ამას აკეთებთ დღესაც. არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020–ში თქვენ დარჩებით ქუჩაში.გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.“–განაცხადა გახარიამ, თუმცა მას სიტყვა სალომე სამადაშვილმა კვლავ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ არ მიაჩნია სწორად მისმა ფრაქციამ მოუსმინოს სისხლის სამართლის დამნაშავეს და უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის გარეთ მოქალაქეებს შეერთებოდნენ. სამადაშვილმა მოუწოდა რომან გოცირიძეს სხდომა შეეწყვიტა.

    “საქართველოს პარლამენტი კვლავ არღვევს რეგლამენტს.ფაქტობრივად პარლამენტი არის იზოლირებული და არ უშვებენ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც აქვს საშვი.
    ამ ხელისუფლების მხრიდან კანონის ფეხქვეშ გათელვა ჩვენთვის არ არის უცხო, მაგრამ ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა ფაქტიურად მტკიცდება გავრილოვის მთავრობა, პარლამენტის ადმინისტრაცია ბედავს, რომ საქართველოს პარლამენტში იმ ადამიანებს არ უშვებს პარლამენტში, ვისაც აქვს უფლება აქ იყოს . არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ რეჟიმში გავაგრძელოთ სხდომა და ვწყვეტთ სხდომას. “– განაცხადა რომან გოცირიძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

  • როგორ ბედავთ, მოდიხართ პარლამენტში და თავს წარადგენთ პრემიერად? – სამადაშვილი გახარიას

    როგორ ბედავთ, მოდიხართ პარლამენტში და თავს წარადგენთ პრემიერად?- სალომე სამადაშვილმა  გახარიას მიმართა.

    „როგორ ბედავთ, რომ მოდიხართ საქართველოს პარლამენტში და თავს წარუდგენთ მათ პრემიერად ხალხს, რომელიც სკანდირებს, რომ გახარიას უხარია ბავშვებს რომ თვალებს თხრიან. როცა უნდა მოგეხადათ ძალიან დიდი ბოდიში ხალხისთვის და წასულიყავით, ამის ნაცვლად აქ მოდიხართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში და უნდა მოგისმინოთ?! რა შეკითხვები შეიძლება გვქონდეს თქვენთან?! ეს ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია, იმიტომ რომ ბოლო ჟამი რომ დგება ხელისუფლების ცხოვრებაში, თვენნაირ ადამიანებს მაშინ წამოწევენ ხოლმე წინ და პრემიერ-მინისტრის რანგს შესთავაზებენ“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.

    „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის მიმდინარე პროცედურებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და პრემიერობისს კანდიდატ გიორგი გახარიას და მის ახალ მთავრობას ფრაქციის სხდომის ფარგლებში უსმენდა.

  • “რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია?”-რომან გოცირიძე გახარიას (ვიდეო)

    „ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის წევრებთან შეხვედრა კლიპ “გახარიას უხარიას” და 20 ივნისის ღამით მომხდარი დარბევის კადრებით გახსნეს.

    კლიპის ჩვენების შემდეგ პირველი შეკითხვა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დასვა.

    “ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც სვამს ხალხი  3 თვეა ჩვენ ამას ვისმენთ ეკრანებიდან და გვეკითხება ხალხი, რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ამ დანაშაულისთვის ხელისუფლებიდან პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განსასჯელის სკამზე, ისინი მთავრობაში გვევლინებიან. საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?!

    20 ივნისის შემდეგ საქართველოში მოხდა იმდენი დანაშაული, რომელიც ეყოფოდა ერთ დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში.რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება.ოქრუაშვილი არის ციხეში, მელია შიდა პატიმრობაშია, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას იმუშაოს პარლამენტში, გვარამიას მიმართ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება.აგერ რუსთავი 2 დახურეთ და იქიდან არ ისმისმართალი სიტყვა.აგრძელებთ მედიასაშუალებების წინააღმდეგ ბრძოლას ,იგივე ტელეკომპანია პირველის მიმართ. ბიზნესი დაატერორეთ, თიბისი ბანკის ხელმძღანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია. გააჩერეთ ანაკლიიის პროექტი. 50-მდე ადამიანი დააპატიმრეთ. კულმინაცია დღეს ადამიანები რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ჩადენილ საქმეებზე, მთავრობაში გვევლინებიან“,- განაცხადა გოცირიძემ.

  • ნაციონალებმა პარლამენტში გიორგი გახარიას “გახარიას უხარია” აყურებინეს (ვიდეო)

    საქართველოს პარლამენტში პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს ნაციონალური მოძრაობა უსმენს. გიორგი გახარიას “ნაციონალურმა მოძრაობამ” კლიპი “გახარიას უხარია” ჩაურთო.

    რომან გოცირიძის განცხადებით, ეს იყო ვიდეოკითხვა, რაზეც გახარიასგან საზოგადოება პასუხს ითხოვს.

    მისი კითხვა იყო, რატომ ესროლეს ბავშვებს და მშვიდობიან მოქალაქეებს  20 ივნისს.

    გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები დაუსვამენ.

  • შუბლაძის პიარი ვერ უშველის ოცნების დამარხულ იმიჯს-ელისო კილაძე

    “შუბლაძის პიარი ვერ უშველის ოცნების დამარხულ იმიჯს”- ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში  წერს. მისი ინფორმაციით, შუბლაძე უკვე “რუსთავი 2-ში” მუშაობს.

    “ნინო შუბლაძემ პოსტი გამოდო ,ვის აკადრეთ,რა რუსთავი 2,ნუ მაბულინგებთო
    არადა,გუშინ იყო მისული,დაბრუნდა.
    ირაკლი იმნაიშვილი თოქ შოუს წაიყვანს,ბალასტის ძმისშვილი ჟურნალისტი იქნება,პრეს სამსახურებიდან შევსებას ელოდებიან !
    ერთ რჩევას მოგცემთ ბ-ნო ბიძინა,2012 წელს ყველა დიდი ტელევიზია ნაცებზე მუშაობდა,მაგრამ არჩევნები მაინც წააგეს !ტყუილა ხარჯავთ ფულს
    შუბლაძის პიარი ვერ უშველის ოცნების დამარხულ იმიჯს !
    ვერც ბოტები !”- წერს ელისო კილაძე.