Category: არქივი

  • “ჩვენ გვჭირდება დიალოგი მოსკოვთან.მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ მოსკოვში ვიზიტზე“–ადა მარშანია გიორგი გახარიას

    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე , სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, გახარიას  მოსკოვში ჩასვლისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე არ გამოვა. 

    „კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც პატარა პოზიციტურ წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

    ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად, რომ მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან“, – განაცხადა მარშანიამ.
  • ცხინვალის “პარლამენტი“ რუსეთს საქართველოსგან თავდაცვაში დახმარების თხოვნით მიმართავს

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის ფედერაციის დუმისა და საბჭოს მიმართ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმების იმ მუხლის შესრულების თხოვნით, რომელის თანახმად რუსული მხარე საკუთარ თავზე იღებს “რესპუბლიკის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მისი საზღვრის დაცვის ჩათვლით.“

    ეს მიმართვა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა პარასკევს მიიღო. ოსური მედიის ინფორმაციით მიზეზი სოფელ წნელისთან შექმნილი ვითარებაა, სადაც ქართველმა ძალოვანებმა ბლოკპოსტი გახსნეს.

    მიმართვაში ნათქვამია, რომ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობამ ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში შედეგი ვერ გამოიღო “ქართული მხარის არაკონსტრუქციულობის გამო“.

    მიმართვის ავტორები ახსენებენ რუსულ მხარეს, რომ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება ითვალისწინებს “შეთანხმებული საშინაო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც გულისხმობს მხარეთა მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას თანაშრომლობის სხვადასხვა სფეროებში, ერთმანეთის ინფორმირებას განხორციელებული ქმედების შესახებ, ასევე მჭიდრო ურთიერთქმედებას მშვიდობის გამყარების, კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში.“

    “ზემოთმოყვანილი გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს მიმართოს რუსეთის ფედერაციის დუმას და ფედერაციის საბჭოს თხოვნით, მხარდაჭერა აღმოუჩინოს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვას და უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვას.“

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს “საპარლამენტთაშორისო“ კონსულტაციების გამართვას “ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად დაძაბულობის დეესკალაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.“

  • შოტლანდიამ საქართველო 36-9 დაამარცხა (ფოტოები)

    დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო მატჩის მარიფიფდზე, სადაც ბორჯღალოსნებს შოტლანდიამ უმასპინძლა და 36-9 გაიმარჯვა. მასპინძლებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს და საქართველოს ნაკრები მეოთხედ დაამარცხეს.

    პირველ ტაიმში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც შოტლანდიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ალი პრაისმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანზე დაამიწა – 5-0.

    ლელოს მიღებიდან ძალიან მალე ქართველებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს: მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 5-3 გახდა, თუმცა, შოტლანდიელებმა უპირატესობის გაზრდა ამ მომენტიდან სამ წუთში მოახერხეს, როდესაც კინგჰორნმა მეორე ლელოს დადება შეძლო და ანგარიში 10-3 გახადა.

    {{PHOTOGALLERY}}

    მიუხედავად ამისა, 26-ე და 29-ე წუთებზე აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა ამჯერად ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა – 10-9.პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორეში კი, მატჩის 49-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს და ანგარიში 17-9 გახდა.69-ე და 71-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს საქართველოს ნაკრები და ანგარიში 29-9 გახადეს, 77-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში, შოტლანდიელებმა მატჩი 36:9 მოიგეს

    მსოფლიო თასი 20 სექტემბერს იწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება.

  • “მე მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ”- თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანს (ვიდეო)

    “მინდა, გთხოვოთ, რომ დაოკდეთ” – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

    ბაკურიძემ რიჟვაძეს “ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა შეახსენა, როცა პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის მეთაურიც იცვლება. ჟურნალისტის შეკითხვას რიჟვაძის გაღიზიანება მოჰყვა და წამყვანს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

    “ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას წლის ბოლომდე” – უპასუხა რიჟვაძემ.

    წამყვანმა რიჟვაძეს ჰკითხა ვისი მისამართით იყო გამოთქმული სიტყვა დაოკება. შეკითხვა რიჟვაძემ უპასუხოდ დატოვა.

    შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებს, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ თანამდებობა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემაც, დატოვა.

  • ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

    რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა. დატბორილია დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩები.მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის ქუჩაზე.

    აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა “ჭაობში”, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩებზე.

  • შოტლანდია-საქართველოს მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს (ვიდეო)

    ედინბურგში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მიმდინარე სარაგბო მატჩის დაწყებამდე უხერხული ინციდენტი მოხდა. ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ და საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს.

    “დიდება” საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი იყო 1918-1921 წლებში. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.

    2004 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია “თავისუფლება”.

    {{VIDEO}}

  • “საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს“–დევიდ კრამერი(ამერიკის ხმა)

    ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციის“ განახლებულ პროცესზე და მისი მოქალაქეების გატაცებაზე. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ.

    – საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აგვისტოში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. ახალგავლებულ ბარიერებს მიღმა ისევ მოექცა სახლები და ნაკვეთები, გაიტაცეს ადამიანები. რის დემონსტრირებას ცდილობს რუსეთი?

    ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერებს სჯერათ, მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ მეზობელ ქვეყნებში და გადასწიონ საზღვრები ისე, რომ ამისთვის არანაირი საფასური არ გადაიხადონ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მართლებიც არიან. პუტინი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას სურს იხილოს, როგორ მარცხდებიან ეს ქვეყნები დემოკრატიის გზაზე, როგორ მარცხდებიან მაშინ, როდესაც იმ ძირგამომპალი ავტორიტარული სისტემების ალტერნატივებს ეძებენ, რომელთაც ის 20 წლის განმავლობაში მართავდა.

    რა შედეგს იღებს კრემლი რეალურად ამით? საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს? შიშის დათესვას? რა არის რეალური მიზანი და მიღწევა მისთვის?

    კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა კი მოინდომებს. ეს ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში საკამათო საკითხია ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვს. მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის [საქართველოს მთავრობა] კრემლისთვის ზედმეტად კომფორტულად მოქმედებს და არ უპირისპირდება რუსეთის წნეხსა და აგრესიას.

    საქართველოს ხელისუფლებას მართლაც მკაცრად აკრიტიკებენ. ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საკმარისად მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდა და არ ატყდა განგაში. ხედავთ ამ პრობლემას? ფიქრობთ, რომ მეტი საერთაშორისო ყურადღების მისაღწევად, უფრო აქტიური ქმედებები იყო საჭირო?

    ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად – რაც ნაკლებ სავარაუდოა – მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია.

    თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს.

    აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი და არ იყოს აღიარებული. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის ‘ბორდერიზაციის“ პოლიტიკითაა გამოწვეული.

    კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიცია აქვს. ხედავთ ამ პრობლემის არსებობას? როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ქართულ მხარეს მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ განახლებულ „ბორდერიზაციას“ უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღება დათმობოდა?

    მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მას მოსკოვის მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის ქონაში ადანაშაულებენ. ამ პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითად კი ივნისში, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი [გავრილოვის სიტყვით გამოსვლა] სახელდება. ვფიქრობ პუტინისთვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, სასიკეთოდ არ იმუშავებს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის და ესეც დამაჯერებელი რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი მოკავშირეები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ეს [პასუხი] არ უნდა იყოს სამხედრო ფორმის, მაგრამ ისეთი სანქციების მოთხოვნას, როგორიც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესდა, შეიძლება ჰქონდეს ეფექტური შედეგი. ასე რომ, მე მოვუწოდებდი თბილისს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხისკენ, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ.

    ვინ დაიწყო ომი? – 2008 წლიდან 11 წლის შემდეგ, „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში და უკრაინაში განხორციელებული მსგავსი აგრესიის შემდეგაც, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს კვლავ განსახილველი და საკამათო საკითხი საქართველოში? რამდენად სახიფათოა მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები?

    ეჭვგარეშეა, არ დგას კითხვა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრა. ეს არც არასდროს უნდა ყოფილიყო კამათის და განხილვის საგანი. ქართულ ჯარებს არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვარი და არ შესულა რუსეთში. სიმართლეა ის, რომ სწორედ ამის საპირისპირო რამ მოხდა.

    ზოგის აზრით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ესეც არ ამართლებს მოსკოვს, რომ გადმოკვეთოს საზღვარი, დახოცოს ქართველები და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოხდინოს. როგორი მიუღებელიცაა ეს უკრაინაში, ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც. და კვლავაც, საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია 2008 წლის რუსული აგრესიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის პასუხად. შესაძლოა, ამან შეუქმნა პრეზიდენტ პუტინს შთაბეჭდილება, რომ 2014 წელს უკრაინაშიც იგივეს გაკეთება შეეძლო.

    ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სადამკვირვებლო პოსტის აშენებას ეხებოდა. დე-ფაქტო ძალები მისი დემონტჟის ულტიმატუმსაც კი აყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამგვარი ესკალაციის რისკები და როგორ უნდა აიცილოს საქართველოს ხელისუფლებამ ის? როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქციაც?

    საქართველოს ყველა უფლება აქვს შეინარჩუნოს ნებისმიერი სადამკვირვებლო და მონიტორინგის პოსტი მის ტერიტორიაზე, მათ შორის – სოფელ ჩორჩანასთანაც. ეს მუქარისა და დაშინებისკენ არ უნდა უხსნიდეს გზას რუსულ ძალებს, ან მათ ე.წ და [საერთაშორისო საზოგადოების მიერ] არაღირებულ სამხრეთ ოსეთის მოკავშირეებს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აბსოლუტურად მართალი იყო იმაში, რომ ამ ბოლოდროინდელ ესკალაციაში ბრალი 100 %-ით მოსკოვს დასდო. [მხარეებისთვის] თავშეკავების მოწოდებებში საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ცხადად უნდა თქვას, რომ პროვოკაციები რუსული მხარისგან მოდის. საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია რუსეთის არსებული და მზარდი საფრთხეებისგან. ამასთან, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებას და ამ დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის არანაირი საფასური არ გადაუხდია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პრეზიდენტის პირველი განმარტება სკანდალურ შეწყალებაზე

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი. შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

    ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა. და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • “ ხელისუფლება შიდა ინტრიგებს გადაყვება“–დავით ჭიჭინაძე

    უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის აზრით ხელისუფლება საბოლოოდ შიდა ბრძოლებს გადაყვება:

    “ფაქტია, კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან, მეტ-ნაკლებად თავ-თავისი დაჯგუფებებით. ანუ, პრემიერ-მინისტრად, „უმაღლესი ინსტაციის მოსამართლედ“ ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩა. ასე რომ, ახალ მთავრობაში ვის რა სახელი დაერქმევა, ეს ნამდვილად მეათეხარისხოვანია.

    მითუმეტეს რომ, როდესაც გახარია პირველი ვიცე-პრემიერი იყო, მას მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე მაშინდელ პრემიერ ბახტაძეს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მისი განცხადებების შემდეგ, უკვე ცხადია, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, დამოუკიდებელ მოთამაშედ ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება . თუმცა ის იდეალური შემსრულებელი იქნება ივანიშვილისთვის.იმიტომ რომ, ცქიტიშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი პირდაპირ დამოკიდებულნი არიან ივანიშვილზე, კალაძეს თავისი ჯგუფი ყავს, თურნავას ჩხარტიშვილი მფარველობს. და მაშინ ვისი უფროსი გამოდის გახარია, დავითაშვილის?

    მოკლედ, „ქართული ოცნება“ ხალხს დაუპირისპირდება კი არა, შიდა ინტრიგებს უფრო გადაყვება, მე ასე ვფიქრობ.

    რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია ის არაა ღია პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწევს გარეთ გამოსვლა და იმ რელობასთან პირისპირ დადგომა რაც ქვეყავაში ხდება. რადგან, ჯერ ერთი, რასაც 2012 წელს ხალხს დაპირდა, იქიდან შესრულებული პრაქტიკულად არაფერია – მხოლოდ „ოცნების“ ოცნებებია ასრულებული და მეორე, ვერც გახარია „გაუქაჩავს“.- ამბობს დავით ჭიჭინაძე.

  • BBC რაგბის ქართველ ქომაგზე წერს

    “რაგბის ქართველი გულშემატკივარი მატჩის სანახავად ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა”, – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა BBC სტატიას, სანდრო დათიშვილის შესახებ. როგორც გამოცემა წერს, 25 წლის სანდრო თბილისში არქიტექტურაზე სწავლობს და ამ ფორმით მოგზაურობა, მისთვის პირველი იყო.

    ,,სანდრომ შეამჩნია, რომ სხვებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს გასვლით მატჩებზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დაჰყვება და გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია” – წერია სტატიაში

    შოტლანდიაში ქართველი ველოსიპედისტი მოგზაურობის მეოთხმოცე დღეს ჩავიდა. ედინბურგში ქართველი საქართველო-შოტლანდიის რაგბის მატჩს უნდა დაესწროს, რომელიც დღეს გაიმართება.

    „სპორტის გულშემატკივრები დიდ მანძილზე დაყვებიან საყვარელ გუნდებს, მაგრამ რაგბის ერთმა გულშემატკივარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. სანდრო დათიშვილმა ველოსიპედით გაიარა თბილისიდან ედინბურგამდე“, – ნათქვამია სტატიაში.