Category: არქივი

  • “ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მართონ ქვეყანა, უნდა ჰქონდეთ უნარი პროტესტი მოისმინონ”-გოგიჩაიშვილი უმრავლესობას

    “ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მართონ ქვეყანა, იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე აქტივისტის, თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი, მოისმინონ”- ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მეორედ მოქალაქეებისთვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება აღარ შეეზღუდოთ.

    “რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში საპოლიციო რეჟიმი მოქმედება პარლამენტში — ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მართონ ქვეყანა, იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე აქტივისტის, თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი, მოისმინონ.

    ამისდა მიუხედავად, ორი დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა და ადამიანები შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი და ეს არაფერი არ არის, არც დემოკრატია არ არის, არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს უხდება, მით უმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ადამიანების გარემოცვით. არ შეიძლება ესე, მინდა გთხოვოთ აღარ გააკეთოთ ასეთი რაღაცა. ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც გგონიათ რომ თქვენი მთავარი ოპონენტები არიან.პარლამენტში შეუძლია შემოვიდეს, ყველას და ნუ შეგვზღუდავთ ძალიან გთხოვთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებაში”-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

  • პრეზიდენტის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გახდა

    პრეზიდენტის პრეს მდივანმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, რომელმაც ამ პოსტზე ცხრა თვე იმუშავა თანამდებობა დატოვა. ოფიციალურად ამ თემაზე კომენტარს არც მოისწრაფიშვილი აკეთებს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ხატია მოისწრაფიშვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოდარ მელაძის რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა, რომელშიც ამბობდა, რომ ნოდარ მელაძე მისი მეგობარია, მის მიმართ უამრავი თბილი სიტყვა თქვა და წარმატებები უსურვა. დღეს ეს სტატუსი ხატია მოისწრაფიშვილის ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა როგორც ამბობენ, ამ სტატუსმა ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია და მას ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხი მოთხოვეს, მათ შორის პირადად პრეზიდენტმაც. 

    პრეზიდენტის პრესმდივნობამდე ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.

  • “ნიუსრუმისთვის სამუშაოდ ჟურნალისტებს სუსის თანამშრომლები ეძებენ”- ნოდარ მელაძე

    ტელეკომპანია რუსთავი2-ს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში წერს რომ ნიუსრუმისთვის სამუშაოდ სუსის თანამშრომლები ჟურნალისტებს ეძებენ. 

    “ასეთ პოსტებს იშვიათად ვწერ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

    სირცხვილია!!! ნიუსრუმისთვის სამუშაოდ ჟურნალისტებს სუსის თანამშრომლები, რომ ეძებენ.

    სირცხვილია!!! პროკურატურის მუშაკები ნაცნობ ჟურნალისტებს, რომ ურეკავენ და ოქროს კოშკებს უშენებენ რუსთავი 2 ში დაბრუნების სანაცვლოდ.

    სირცვილია!!! შს სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები, რომ არიან ჩართულები ჟურნალისტებთან მოლაპარაკების პროცესში, კრიმინალს ებრძოლეთ.

    სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

    სირცხვილია!!!
    ასეთებს ჩაუვლია, თქვენნაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!”- ნოდარ მელაძე

  • მოსახლეობა დიღმის ტყეპარკში მშენებლობას აპროტესტებს

    დიღმის ტყეპარკში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები აქ მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელსაც კომპანია “ანაგი“ გემავს. ისინი ამბობენ, რომ ტყეპარკში 2000 კაცზე გათვლილი რესტორნის ჩადგმა იგეგმება, რომელიც მთელი დიღმის ტყე პარკს გადააქცევს ამ რესტორნის უკანა ეზოდ და ეს  ტყეპარკის დაღუპვა იქნება, რომელიც თბილისში შემორჩენილი ერთადერთი ტყე პარკია და ადგილობრივი მოსახლეობა მას ყოველდღიურად მოიხმარს.

    დიღმის ტყე პარკის ტერიტორია ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა და 75 ჰექტრიდან საზოგადოებრივ სარგებლობაში მხოლოდ 20 ჰექტარია დარჩენილი.წლების მანძილზე ტერიტორია კერძო ნაკვეთებად გაიყიდა და სხვადასხვა შენობები აშენდა.

    თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობდა, რომ ის იყო გარანტორი იმისა, რომ ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი აშენდებოდა. კახა კალაძე დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 ნაკვეთია  გაყიდული, მაგრამ  ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს ლადშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა..თუმცა ერთი წლის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე თვითონვე წარადგინა მრავალფუნქციური შენობის პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.

    არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მერიამ 13000 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორიას სტატუსი შეუცვალა და საზოგადოებრივ–სქამიანი ზონის სტატუსი მიანიჭა მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად. თუმცა კახა კალაძის თქმით, მათი მხრიდან ზონის ცვლილება არ განხორციელებულა.
    მერიის ინფორმაციით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ შპს „ანაგის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. შეთანხმება ნაკვეთზე, სადაც „კიას“ ავტოსალონი და ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებდა, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეის“ მოწყობას ითვალისწინებს.

    როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენდა, ისეთი ფუნქციისა და იერ-სახის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება და მასთან ერთად, არეალის საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. „ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება.“– აცხადებს მერია.

    თუმცა ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მშენებლობას არ დაუშვებენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ მერიაში პეტიციაც შეიტანეს, რომელსაც ხელს 5 000 ადამიანი აწერდა.
  • დიანა ღურწკაიამ პუტინის პარტიის წევრის მხარდასაჭერად “მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” იმღერა (ვიდეო)

    ქართული წარმოშობის რუსმა  მომღერალმა დიანა ღურწკაიამ პუტინის პარტიის “ერთიანი რუსეთის” კანდიდატის ანდრეი მეტელსკის მხარდასაჭერად,  სიმღერა “მე სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ” შეასრულა.

    ღურწკაიამ 5 სექტემბერს გოლიანოვის რაიონში გამართულ კონცერტზე იმღერა.

    რუსული გამოცემა esquire.ru -ის ცნობით,ღურწკაიას  მიერ შესრულებულ სიმღერას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების დიდიმა ნაწილმა  ღონისძიების ორგანიზატორების იდეა,  არაეთიკურად ჩათვალა. სიმღერის ამ სათაურით შესრულების გამო, თავად რუსი მომღერალიც გააკრიტიკეს.

    მოსკოვში დუმის არჩევნები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.

  • “თუ ამთავრებთ ნაცმოძრაობას, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად“ – ინაშვილი გახარიას(ვიდეო)

    პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის ახალი მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრისას ირმა ინაშვილის მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან ნაციონალურ მოძრაობასთან “რბილი“ მიდგომა იყო. ირმა ინაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა.
    „ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს,“ – მიმართა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ფრაქციის სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას უსმენენ.
  • “პოლიციას ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან“– გიორგი გახარია უმრავლესობის სხდომაზე

    პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია მთარობის წევრობის სხვა კანდიდატებთან ერთად უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს შეხვდა. პირველი კითხვა გახარიას მამუკა მდინარაძემ დაუსვა და ის 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხებოდა.

    გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტი შტურმისგან დაიცვა და კანონი არ დაურღვევია, გარდა რამდენიმე ცალკეული გადაცდომისა.

    “ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე.სხვა საკითხი არის გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხი არის რა შედეგებით დასრულდება გამოძიება, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით.და აქ ალბათ გარკვეული დრო საჭიროა, თუმცა ფაქტები არის შემდეგი:

    ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო დაახლოებით ათი საათისთვის, როცა პოლიციას ქონდა უკვე აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების, მაგრამ პოლიცია ორსაათნახევრის განმავლობაში იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ დავალებული ქონდათ თავიდან აერიდებინათ ფიზიკური დაპირისპირება და ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომაც ვერცერთ ფაქტს ვერ მანახებთ, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინოს პარლამენტის პერიმეტრი.

    რაღაც მომენტში დაიწყო უკვე მასირებული, ორგანიზებული სხვადასხვა ჯგუფებით რამოდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა სხვადასხვა მხრიდან და პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეცსაშუალებები.სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორსაათნახევრის განმავლობაში პოლიციელებს თავადმსხმელებმა გასტაცეს 300ზე მეტი ფარი,და 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან. და მათი მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი.ეს იყო სიტუაციის დინამიკა.
    მაშინ როდესაც გაჩნდა აშკარა პირდაპირი რისკი რომ პოლიციის კორდონი იქნებოდა გარღვეული და თავდამსხმელები – ხაზგასმით არ ვამბობ მომიტინგეებს– იქ იყვნენ მშვიდობიანი ადამიანებიც, თუმცა იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც ქონდათ მიზანი შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში, დადგა მომენტი, როცა სპეცსაშუალებების გამოყენება დაიწყო.რა თქმა უნდა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს თავიანთი ბაზები არ დაუტოვებიათ გეგმის გარეშე, რომელშიც გაწერილი იყო ყველა ის ნაბიჯი რისი გადადგმაც მათ შეეძლოთ. მათ შორის სპეცსაშუალებების რეგლამენტი.

    პოლიციას არათუ ლეგიტიმური უფლება ქონდა ძალის გამოყენების, არამედ არ ქონდა სხვა საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან. მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, რისი უფლებაც ქონდათ კანონით.

    პოლიციას ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება სახელმწიფო ინსტიტუტი, დაცული ობიექტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან და სხვა ყველაფერი არის ფაქტების ინტერპრეტაცია.

    რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ფაქტები უფლებამოსილების გადამეტების, მაგრამ როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შს სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ გთხოვთ დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს. ისევე როგორც ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს. ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის სპეცსაშულაებების , მაგალითად წყლის ჭურვისგამოყენების დროს რა თქმა უნდა ასეთი გაფრთხილება არსებობდა, თუმცა გადაუდებელი მოგერიების პირობებში არც კანონი არ გვავალდებულებდა და არც საშუალება არ იყო ასეთი გაფრთხილების, შესაბამისად სპეკულირებაა ყველაფერი როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური, ისევე როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების ან მათი სახეობის ნაწილში. არცერთი ნაკლებად ლეტალური, თუდაც ასეთი განმარტებით რეზინის ტყვია შს აღჭურვილობაში არ არსებობს და სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

    შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ ამ ღონისიძებაზე უნდა გვესმოდეს ერთი რამ.

    მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას , რა მიზანი ქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტში შეჭრის მაშინ, როდესაც ამ დროს, ღამის საათებში, როდესაც პარლამენტი არ ფუნქციონირებს პარლამენტში უკვე იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი პარლამენტის მუშაობასთან არ ქონდა და ამის შემდომ არსებობდა პირდაპირი მოწოდებები პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ცდილობდნენ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ კონფლიქტი და ასე შემდეგ, როდესად ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამ ხალს უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ.

    პოლიტიკური შეფასების ნაწილი აქ არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად და ეს აშკარად ჩანს გადაღებულ კადრებზეც, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე და ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, რომელიც დამთავრდა ასეთი სამწუხარო შედეგებით, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, ამ აქციაზე, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბრაიც არ უნდათ და საერთოდ მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია.“–განაცხადა გახარიამ.

  • “მოსკოვიდან ამენთო წითელი თქვენი სამსახურის მეშვეობით.იქნება ჩამოკრათ შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი“ – ემზარ კვიციანი გომელაურს

    ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის სხდომაზე, სადაც ახალი მთავრობის შემადგენლობას უსმენდნენ, ემზარ კვიციანმა მისი მოსკოვიდან წამოსვლის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მოსკოვმა მას “წითელი აუნთო“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამ ფრაზაში. კვიციანმა მთავრობის წევრებს ცალ–ცალკე დაუსვა შეკითხვები, ირაკლი ღარიბაშვილს კი ძირითადად მადლობები გადაუხადა.
    “მე ფაქტიურად გამოვიქეცი რუსეთიდან, დეპორტაციით წამოვედი. დამეხმარნენ რა თქმა უნდა. კეთილი ადამიანები და შემიძლია სახელი და გვარიც ვთქვა – ეს იყო ქალბატონი მასკალკოვა.ჩემი მამიდაშვილის დაქალი იყო, რომელიც დამეხმარა რომ გამოვქცეულიყავი რუსეთიდან. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით.რა იყო მიზეზი დღემდე არავინ არ იცის. დამსახურებაა ბატონი ირაკლის ღარიბაშვილის, რომ ჩვენი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი შეასახლა ჩვენს ბინაში. და სხვათა შორის ბატონი ირაკლის დამსახურებაა რომ დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში. რისთვის? სამშობლოს დაცვისთვის. ამისთვის დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. “–განაცხადა კვიციანმა და ამის შემდეგ ვახტანგ გომელაურს მიმართა:
    “ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან და როცა წამოვედი იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.

    თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქვრა ის წითელი, რატომღაც. იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ეგრეთწოდებულ შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს“- განაცხადა კვიციანმა.

  • “ჩვენთან გადმოდით,ჩვენ ვართ მომავლის პარტია“ –ინაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებს

    საპარლამენტო ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ირმა ინაშვილის გამოსვლით დასრულდა. ინაშვილმა გახარიას და მის გუნდს მოუწოდა მათი პარტიის იდეოლოგია გაიზიარონ და დაიწყონ ფიქრი სამხედრო მიუმხრომლობის იდეაზე.

    “რატომ გავიხადეთ თავი ბოკერიების და სააკაშვილების იდეოლოგიის მძევლებად.

    სამხედრო მიუმხრობლობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მინდა მოგიწოდოთ სერიოზულად დაიწყოთ ფიქრი ამ პლატფორმაზე.ეს არის ევროპული მოდელი, ეს არის ჟენევის, ავსტრიის, ფინეთის მოდელი, ძალიან წარმატებული მოდელები და გაწმუნებთ, რომ სამხედრო მიუმხრობლობის ეს მოდელი მხარდაჭერილი იქნება ამერიკელების მხრიდან. ყველასთვის გამოსავალი იქნება, საქართველომ რომ ეს გზა აირჩიოს. ნატოსთვისაც, რომელიც რეალურად არ გვიღებს ჩვენ. ეს უთხარით ქართველ ხალხს ღიად: ნატო თვითონ ამბობს ამას, რომ უახლოესი 20–25 წლის მანძილზე ვერ გაგვაწევრიანებს და ასპირანიტებს დონეზე როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენ?მინდა ვისურვო ჩემს ქვეყანაში სტაბილურობა, სიმშვიდე , პროგრესი, განვითარება, დემოკრატია თავისუფლება.

    მინად მოვუწოდო ქართული ოცნების ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს – ჩვენთან გადმოდით, ჩვენთან, ჩვენ ვართ მომავლი სპარტია. ასევე მინდა მივმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვინც იზიარებთ ჩვენს სულისკვეთებას და ფასეულობებს – ასევე ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის.“–განაცხადა ინაშვილმა.