Category: არქივი

  • ის სუპი, რომელსაც ქალაქის მერი შეპირდა მოხუცებს, საკუთარ სიდედრებს გაუგზავნეთ- ნათელაშვილი (ვიდეო)

    ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ გახსნან ცხელი ხაზი მოხუცებისთვის და მათ მიაწოდონ მედიკამენტები, პროდუქტები და სადეზინფექციო საშუალებები.

    ნათელაშვილი მთავრობას მიმართავს, ის სუპი, რომელსაც ქალაქის მერი შეპირდა მოხუცებს, საკუთარ სიდედრებს გაუგზავნონ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმტოფოს დირექტოის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს დამატებით 3 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი. მათგან 1 კაცი და ორი ქალია, სამივე საშუალო ასაკის.

    მისივე თქმით, სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან.

    ,,ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი კაცი და 2 ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში არ გამოვლენილა მეოთხეული შიდა გადაცემა, როცა დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის, ვისგან გადმოედო. ანუ ვთქვათ, პიროვნება გავიდა მაღაზიაში, ქუჩაში, შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სპეციფიკურია და შემდეგ საპასუხოდ სხვა ტაქტიკას გულისხმობს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა”, – თქვა ცერცვაძემ

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულია 160 ათასზე მეტი

    მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 6000-ზე მეტია.

    უახლესი ინფორმაციით, ირანში მხოლოდ დღეს 113 ადამიანი დაიღუპა, 1209 დაინფიცირდა.

    კრიტიკული სიტუაციაა ესპანეთშიც. ევროპის ამ ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 95 კი გარდაიცვალა.

    ჯერჯერობით უცნობია, რა მდგომარეობაა დღეს იტალიაში. ინფორმაცია სავარაუდოდ რამდენიმე საათში განახლდება.

  • თვითიზოლაციის წესები კიდევ 20-მა მოქალაქემ დაარღვია- ისინი შსს-მ კარანტინში გადაიყვანა

    პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა.

    ,,15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

    თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი”,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

  • გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ

    გერმანიაში ჩარჩენილი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ. ისინი პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ფინანსური რესურსი ეწურებათ.

    საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ საელჩომ ორი ალტერნატივა შესთავაზა.

    ,,ვიზა რომ არ დაგვერღვეს 90 რადგანაც გვეწურება მაშინ უნდა გადავფრინდეთ ბელორუსიაში და იქიდან საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამდენი თანხა. მეორე ალტერნატივაა, რომ მივიდეთ გერმანიის ერთ-ერთ საელჩოში და ვთხოვოთ რომ გადაგვივადონ ვიზა”,- ამბობს სტუდენტი ლანა ლომსიანიძე.

    ,,ვართ ჰაერში გამოკიდებულები, გაუსაძლის მდგომარეობაში, 150 ევროს ამარა. ჯერჯერობით გვაქვს საჭმლის ფული, მაგრამ არ ვიცით, როდემდე გვეყოფა”,-ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

    ისინი საქართველოს საელჩოს გერმანიაში დახმარებას სთხოვენ.

  • 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

    16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

    მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შორის სატელეფონო საუბარი დღეს, 15 მარტს, დილით, ე.წ პრაღის ფორმატის ფარგლებში შედგა, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

    ,,კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

    აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

    შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

  • ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 7 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

    თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ოზურგეთიდან შვიდი პირი იძულებით ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

    ამჟამად გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება. აქედან, რვა პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის, არჩილ მჟავიას თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მდგომარეობა სტაბილურია.

    „ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა მჟავიამ.

    ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 439 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. კორონავირუსით ინფიცირების სულ 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • ვინ საუბრობს ეკლესიის სახელით? – მეუფე გრიგოლისთვის უცნობია, ვინ დგას საპატრიარქოს განცხადებების უკან

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ საუბრობს ეკლესიის სახელით, რომელია პატრიარქის კურთხევით და რომელი არა, რადგან პატრიარქისგან არაფერი მოუსმენია.

    ,,ძნელი გასააზრებელია რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა, ან საიდან მოდის ეს კურთხევები. ჩემთვის სარწმუნო და საიმედო, უფრო ავტორიტეტული, ის სიტყვაა, როცა უშუალოდ პატრიარქის ბაგისგან მესმის ქადაგებისას, თუ საგანგებო შეკრებისას.

    ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ეკლესია ურჩევს ხალხს ამას, ეკლესია ურჩევს იმას. ვინ არის ეს ეკლესია? ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს? ეს სიტყვა ჩვენ შეიძლება ვიხმაროთ მაშინ, როცა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას. სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს, ამ შეთხვევაში უფლებამოსილი პირი ვინც არის, ეს არის კათალიკოს-პატრიარქი”, — ამბობს მეუფე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო სინოდის საგანგებო სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, ქვეყანაში “დამაფიქრებელი” მდგომარეობაა, რადგან ვირუსი ვრცელდება, რომლის შესახებაც “არავინ არაფერი არ იცის”.

    ,,არის იმის საშუალება რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ როგორ მოვიქცეთ. ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა ხდება”,- თქვა მეუფე გრიგოლმა.

    ცნობისთვის, საქართველოს ეკლესია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს, თუმცა უშვებს, ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მიღებას.

  • ,,კარფური” სასურსათო პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფური” სასურსათო პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.

    კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, რადგან მათ აქვთ პროდუქციის რამდენიმე თვის მარაგი და ჯერჯერობით არ არსებობს დეფიციტისა და ფასების ზრდის საფრთხე.

    ,,მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში.

    გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში”,- წერია ,,კარფურის” განცხადებაში.

  • ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი უფლის ნებით ხდება- მეუფე შიო

    საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო ამბობს, რომ ყველა სნეულება, მწარე გაკვეთილი და წამალი, რაც ადამიანებს ცხოვრებაში გვხდება, შემთხვევითი არ არის, ის უფლის ნებით და დაშვებით ხდება.

    მისი თქმით, ეს მწარე გაკვეთილები ადამიანს გონზე მოსასვლელად ევლინება.

    ,,უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა”,- თქვა მეუფე შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას.