Category: არქივი

  • სტიქია კახეთში-ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

    სტიქია კახეთში- ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. გურჯაანის  მერის ინფორმაციით, სოფელ ვილისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი,ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

    სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

  • მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ პირველ 12 წევრს ხვალ წარადგენს

    საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის 12 წევრს ხვალ, 18 სექტემბერს წარადგენს.

    „ლელოს“ ახალი წევრების წარდგენა 13:00 საათზეა დაგეგმილი. 

    ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს საზოგადოებას „ლელოს“ ოფისში გააცნობს.

    შეგახსენებთ,  მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს  ანაკლიაში გამართა. 

    ხაზარაძემ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით  სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს არჩევს.

  • მოხუც ქალს, რომელსაც 1 კვირის სამყოფ წამლებზე ფული არ ყოფნიდა, თანხა ფარმაცევტმა გადაუხადა

    სოციალურ ქსელში კოკა ნაჭყებია აქვეყნებს ამბავს, რომელსაც დღეს აფთიაქში, თავად შეესწრო.

    როგორც ის წერს, მოხუც ქალს, რომელსაც 1 კვირის სამყოფ წამლებზე ფული არ ყოფნიდა, თანხა ფარმაცევტმა გადაუხადა.

    “არ ვარ სენსიტიური, მაგრამ დღეს რაც ვნახე, იყო პიკი, ე.ი ერთ/ერთ აფთიაქში, ასე 70/75 წლის ბებომ, 1 კვირის სამყოფი წამლის დოზირების ანგარიში თხოვა ფარმაცეტევს, რომელიც თავის მხრივ ალბათ 25/27 წლის გოგო იყო, მორიდებული და პატივისცემის გამომხატველი სახით ემსახურებოდა, დაანგარიშებული თანხის თქმის მერე, ბებოს სახეზე უკმაყოფილება და სინანული დაეტყო და ეტყობოდა, რომ ფული არ ყოფნიდა და უცებ, ფარმაცევტმა უიიი, დღეს აქციაოო სრულიად უფასოდ გეკუთვნითო (დააჯერა მოხუცს), შეუგროვა წამლები და წამლებთან ერთად, საკუთარი ბარათი მოიტანა და ტერმინალით გადაუხადა. არასოდეს დაბნელდება მის გონებაში, რავი აბა,” – წერს კოკა ნაჭყებია.

  • რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით

    ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თითო ბუნებრივი ქვა მიესადაგება.  ქვები ზეგავლენას ახდენს ადამიანის აურასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი. ბუნებრივ ქვას შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ხასიათზე, აურასა და ჰანწყობაზე. ამიტომ ზოდიაქოს ნიშმების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის იუველირთა ასოციაციამ შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც  შეძლებთ  თქვენთვის შესაფერისი  ქვის პოვნას.

    ძოწი

    იანვარში დაბადებულ ადამიანებს საუკეთესოდ მიესადაგება ძოწი. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია. თუმცა არ არის სასურველი ატაროთ ეს ქვა, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ. ეს ქვა უფრო მეტად აგაფორიაქებთ, რადგან ის  აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ძოწის ქვა შეგმატებთ სიმხნევეს, ცხოვრების ხალისსა და ოპტიმიზმს.  დაგიცავთ ავი თვალისგან.

    ამეთვისტო

    თუ თქვენ თებერვალში დაიბადეთ თქვენი თილისმაა ამეთვისტო. ის ცნობილია, როგორც  “სულიერი” ან “დალოცვილი” ქვა. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება  დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, თქვენ გამოგიმუშავდებათ წონასწორობა და ჰარმონია. იგი დაგეხმარებათ ძველი, უიღბლო სიყვარულის დავიწყებაში და ახალი ჰარმონიული ურთიერთობების აწყობაში. 

    ოპალი

    ეს ქვა ზედგამოჭრილია მარტის თვეში დაბადებულთათვის. ოპალს გააჩნია წყლის მაცოცხლებელი ენერგეტიკა და  წსაოცარი ფერები.  არსებობს სხვადასხვა ფერის ოპალი შავი, თეთრი და ცისფერი. დადგენილია, რომ ოპალის ქვას შეუძლია ფერის ცვლილება: თუ იგი გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.

    ალმასი

    აპრილში დაბადაბულებს ურჩევენ ატარონ ალმასი. ალმასი ადამიანს აძლევს განსაკუთრებულ ენერგიას. მატებს გამბედაობას. ამ ქვას გამაახალგაზრდავებელი თვისებაც აქვს,  ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი – ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას.

    ზურმუხტი

    თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ნეგატიურისგან, მოგანიჭებთ სიხარულს.  ზურმუხტს აქვს სამკურნალო ეფექტი.აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს.

    მარგალიტი

    მარგალიტი თილისმაა  ივნისში დაბადებულთათვის. ზოგადად კი  ქალურ ქვად ითვლება. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს მელანქოლიისაგან. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელი.

    ლალი

    ივლისში დაბადებულებს ურჩევენ, ატარონ ლალი- ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. ზოგადად კი ლალი ლიდერების ქვაა. მშვიდ, მორცხვ ადამიანებს თავდაჯერებას მიანიჭებს.  ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.

    ქრიზოლითი

    ეს ქვა თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. ის დაგიცავთ საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ეს ქვა დადებითაც მოქმედებს  ნერვულ სისტემაზე. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას. 

    საფირონი

    ეს ქვა საუკეთესო თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი “ბრძენების” ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.

    აქვამარინი

    აქვამარინი  თილისმად გამოადგება ოქტომბრის თვეში დაბადებულებს.  აქვამარინი დადებითად მომქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე, კარგად მოქმედებს  სიზარმაცეზე და  ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი ასევე უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. ამბობენ, რომ მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის ხასიათის  მიხედვით.

    ტოპაზი

    ტოპაზის ქვა საუკეთესოა ნოემბერში დაბადებული ადამიანებისთვის. ეს ქვა ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების უნარს. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ. ამ ქვას მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს.

    ფირუზი

    ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვის საუკეთესო თილისმაა. ის  “ბედნიერების ქვას” ნიშნავს. მისი ტარება  მფლობელს წარმატებას მოუტანს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა სიმბოლოა და სიყვარულშიც ბედნიერების მომტანია. 

  • “გურიის მოამბის რედაქტორის მუქარის ფაქტზე ერთი პირი ვამხილეთ” – შსს

    გურიის პოლიციამ გურიის მოამბის რედაქტორის, თეა იოსელიანის მიმართ მუქარის საქმეზე ერთი პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. ბრალდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო გურიის მოამბის რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

    “პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა”,- ნათქვამია განცხადებაში.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

    9 სექტემბერს გურიის მოამბის რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    18 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, გიორგი ნადარეიშვილის, სამგორის, ლორთქიფანიძის და გიორგი მდივანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სერგო წულაძის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის, ალუბლების და თეოფანე დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ბოროდინის, ლაგოდეხის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ალიხანიანის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ლიკანის, ნიკო მარის, ჩაქვის, ეროსი მანჯგალაძის, ჯანელიძის და წიკლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროს, მაიაკოვსკის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, გლდანის ხევის დასახლების, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ვეკუას, შენგელიას, გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

  • თბილისში კვების 13 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო,საწარმოო პროცესი შეუჩერდა – იხილეთ ჩამონათვალი

    სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

    ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

    კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა მხოლოდ 13 ობიექტში, რომელთაც, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.

    გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

  • “პრეზიდენტის მიერ ამ დამნაშავის შეწყალება შეცდომაც არის და დანაშაულიც” – ნიკოლოზ მეტრეველი

    ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებას აფასებს.

    როგორც მეტრეველი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ამ დამნაშავის შეწყალება შეცდომაც არის და დანაშაულიც.

    “პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება კვლავაც აღშფოთების და საზოგადოების შეურაცხყოფის წყაროდ რჩება.

    შეწყალების მანკიერი და დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც დაინერგა სააკაშვილის მიერ და სამწუხაროდ გააგრძელეს მარგველაშვილმა და იმ პერიოდის კომისიის „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა სახემ, როგორც სჩანს ამჟამადაც გრძელდება.

    წლების მანძილზე დათო ოთხმეზურის მამა და ოჯახი, გარწმუნებთ არა შურისძიებისათვის, არამედ სამართლის დასაყენებლად-გავლენიანი მკვლელის დასჯისთვის იბრძოდა.

  • “ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

    სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ „ომეგა“ ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    „ომეგა ჯგუფის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

    „2019 წლის 15 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ სტუმარმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის შესაბამისი ვალუტის “თიბისი ბანკიდან“ უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა გაიცა დირექტორებზე, რომლებსაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ “თიბისი ბანკთან“ და ამასთან, თანხის გაცემა განხორციელდა სამუშაო პერიოდში. აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თანხა ნამდვილად გაცემული იქნა იურიდილი პირებისთვის განკუთვნილი მომსახურების საათეების დასრულების შემდეგ, რასაც ადასტურებს სალაროს გასავლის ორდერი და არც შესაბამისი დირექტორები იყვნენ თიბისი ბანკის ამ ოპერაციამდე საქმიან ურთიერთობებში, “TBC ბანკს“ არ გააჩნდა არავითარი უფლება ეს თანხა გაეცა, თანხის გაცემისთვის აუცილებლი სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო, რაც საბოლოოდ განხორციელდა ყოფილი გენერალური პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და იმდროინდელი ბიზნესს ომბუდსმენისა და დღევანელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბანკის მენეჯმენტზე, მათ შორის უშუალოდ, პირდაპირ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული ზეწოლის და მითითების შედეგად. ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (5.2. ,,ი“ და 6.10 მუხლების მოთხოვნები), ბანკი ვალდებული იყო განეხორციელებინა მონიტორინგი და მოეხდინა ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია კი ,,თიბისი ბანკს“ არც 2016 წლის 21 აპრილს და არც 22 აპრილს არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, იმ მიზეზის გამო, რომ ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. ,,ინქუმბენსის სერთიფიკატი“, რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირებისათვის. ამგვარი სერთიფიკატი გაცემული იქნა მხოლოდ 2016 წლის 28 აპრილს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული და „თიბისი ბანკში“ წარდგენილი იქნა 2016 წლის 17 მაისს . ეს დოკუმენტაცია თი ბი სი ბანკისთვის არ იყო წარდგენილი იმ მიზეზით, რომ არ განხორციელებულიყო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი თანხების იძულებითი დაუფლება – მოთხოვნა, რომელიც ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან “თიბისი ბანკის“ უფლებამოსილმა პირებმა 4 მილიონამდე თანხის გაცემით უხეშად დაარღვიეს საბანკო სფეროში მოქმედი კანონდებლობა“, – ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი პატიმრობაში რჩება

    20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი – ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

    ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ.

    ბეჟან ლორთქიფანიძეს კი  მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.