Category: არქივი

  • ოკუპირებული ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით კეტავს

    ოკუპირებული ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით კეტავს. როგორც საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაშია აღნიშნული, გამშვები პუნქტი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე დაიკეტება.

    მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სინაგურისა და მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პუნქტი ” საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ” გაიხსნება.

  • 91 წლის ქართველ მოხუცს ოცნება აუხდინეს და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანეს

    91 წლის ქართველ მოხუც ქალს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა.ინფორმაციას “ფორტუნა” ავრცელებს.

    ოჯახის წევრების ცნობით, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან.

  • “მაგთიკომი” აბონენტებს აფრთხილებს

    “მაგთიკომი” აბონენტებს ცრუ ინფორმაციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება. 
    „გილოცავთ! თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 20 მომხმარებელიდან, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით!“

    “ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

    გაითვალისწინეთ, რომ მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებ გვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!”- ნათქვამია მაგთიკომის განცხადებაში.

  • “ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ნადირაძეს და მეხივით დაგვეცა შეწყალება, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი?!“- მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტს

    ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულზე, ზურაბ ნადირაძეზე სოციალურ ქსელში წერს.

    „ჩემი მაზლის – სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი – ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს..
    1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ.. ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა…

    ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს , ჩამოიყვანეს , გაასამართლეს , 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება .. რა ვთქვა , არც ვიცი…

    ყველა ის ადამიანი, ვინც Salome Zourabichvili დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ!
    რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!!
    და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!!
    ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია ამაში, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით!!!

    სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, რაშია საქმე, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი?!“, – წერს გიორგობიანი.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ასევე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

  • “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება” – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირების შეწყალების წინააღმდეგია.

    როგორც გახარია აცხადებს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმით, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა მორატორიუმი.

    “შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთი ძებნილიც იყო.

    შეწყალების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალებაზე დროებით მორატორიუმი გამოაცხადა.

  • “რუსთავი 2” კიდევ ერთმა ოპერატორმა დატოვა

    ოპერატორმა ლევან კალანდიამ სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია დაადასტურა.

    კალანდიას თქმით, ის მუშაობას “მთავარ არხზე” გააგრძელებს.

  • “მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს”- გოცირიძე

    „შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას.

    მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობაა.

    ოპოზიციონერი დეპუტატი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

    „მორატორიუმის გამოცხადება არაფერს შველის. პირიქით, ეს არის საკუთარი მოვალეობისგან გაქცევა. მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განახორციელოს შეწყალება, ოღონდ სამართლიანად, კანონის და შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადება არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობა. მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს სამ მკვლელს, მათ შორის პირს, რომელსაც ერთი დღითაც კი არ მოუხდია სასჯელი და ის არის ძებნილი ადამიანი, ეს, ალბათ, შეწყალების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამ შემთხვევებში აშკარად იკვეთება კორუფციის ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებაში შეიმჩნევა დანაშაულის ნიშნები, შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. თუკი პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვლავ მფარველობს ის ადამიანი, რომელმაც იგი პრეზიდენტად დასვა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გამოძიებაზე ზემოქმედება შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი გამოძიებული იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • “მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს” – ოხანაშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით თუ ვინმე რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ხედავს, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. თავად დეპუტატი კი, ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

    „თუკი ვინმე ხედავს დანაშაულებრივ ქმედებებს, თუკი ვინმესთან მიმართებაში აქვთ ეჭვი, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და ამაზე მათ იმსჯელონ. მე არ მაქვს საფუძველი, დავსვა პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი, როგორც პრეზიდენტის მიმართ რაღაც კითხვის ნიშნით, ამიტომ, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა, თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია სხვა პირებთან მიმართებაში რაიმე საკითხზე, შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

  • ათონელზე ზის მაიმუნი გახსნილი ლიმონკით-უგულავა

    ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით-“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის  დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

    „სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება “მისი სუბიექტური” გადაწყვეტილებაა. ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,”- წერს გიგი უგულავა.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

  • ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

    ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის კეთების ხელშეწყობაა.

    გამარჯვებულები წელს ახალ ნომინაციებში გამოვლინდებიან, ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს.
    ჟიური წელს ბიზნესებს შემდეგი კრიტერიუმებით გამოარჩევს:

    • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
    • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის
    • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
    • საუკეთესო ინოვაციებისთვის
    • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.

    სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე უცნობი რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე საჯაროა. არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, იმისთვის შეირჩა, რომ სწორად შეაფასონ მონაწილეები და მათი საქმიანობა. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილ ბიზნესებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს.
    წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.
    რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება.