Category: არქივი

  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს – რა წერილი დატოვა დედამ

    თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,რომ  შემთხვევა დღეს, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

    არსებული ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე კოლბა აფეთქდა, არიან დაშავებულები

    ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში ინოვაციებისა და მეცნიერებათა ფესტივალზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს კოლბა აფეთქდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ტელევიზია თავდაპირველად მეგა TV-მ გაავრცელა.

    არსებული ინფორმაციით, კოლბის დამსხვრევის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა. მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს

  • “საშემოდგომო ფასდაკლება შეწყალებაზე” -პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

    “საშემოდგომო ფასდაკლება შეწყალებაზე” -პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

    ინდმეწარმე “პრეზიდენტი” – ამ სახელწოდების აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა გამართეს. ისინი პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება არა უნებლიე შეცდომას, არამედ წინასწარ დაგეგმილ კორუფციულ სქემას წარმოადგენს.

    ” ჩვენ ვაჩვენეთ ის, რაც პრეზიდენტი ადმინისტრაციის დახურულ კარს მიღმა ხდება. იქ დგას დახლი და არსებობს ტარიფები. როდესაც პრეზიდენტის მაგიდაზე ერთბაშად ხვდება მკვლელობაში სამი მსჯავრდებულის და ერთი ძებნილის სახელი და გვარი და პრეზიდენტი ამას ბრმად აწერს ხელს, აქ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უნებლიე შეცდომასთან საქმე და ეს არის წინასწარ დაგეგმილი კორუფციული სქემა. ამოოხვრა, რომ ის, თითქოსდა იღებს პასუხისმგებლობას და მორატორიუმს აცხადებს, არის სამარცხვინო და კიდევ უფრო უპასუხისმგებლო ქცევა საქართველოს პრეზიდენტის”-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

    {{PHOTOGALLERY}}

  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ბრალდებით ბავშვების მშობლები და ნათესავები დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა.

    განცხადება შსს-ში  გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

    აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

    დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

    პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

    დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამოდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას, და პასუხისგებაში მიცემას.

    ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI), ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

  • დააკავეს შამანი, რომელიც პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში ფეხით მიდიოდა

    ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე  იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი დააკავეს, რომელიც მოსკოვში პუტინის „განსადევნად“ მიდიოდა. ინფორმაციას  ბიბისი ავრცელებს.

    BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ,  რომ პოლიცია ორი ავტობუსით მოვიდა და შამანი თავისი ურიკით წაიყვანა. ზოგიერთი კი იმასაც აცხადებს, რომ შამანი უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

    ალექსანდრ გაბიშევმა თავისი მსვლელობა წელს  მარტში დაიწყო და უკვე 2 800 კილომეტრზე მეტი გაიარა.

  • გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება-ლომჯარია

    გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება-ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

    „მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული

    ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

    სახალხო დამცველმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ   პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა 2-თვეში საქმის დასრულების შესახებ, თუმცა, საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

    „ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

  • სკოლაში სწავლის სავალდებულო წლების რაოდენობა იზრდება

    სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ სამინისტრო მუშაობს ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.

    როგორც ჩიქობავა აცხადებს, რეფორმის მიზანია, მე-11 და მე-12 კლასი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე.

    „რეფორმის შესაბამისად, მეათე კლასი ჩამოვა საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

    შეგახსენებთ, რომ რეფორმის ცვლილებამდე, სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 9 წელია.

  • ფოთში 79 წლის მასწავლებელმა საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

    ფოთში 79 წლის მასწავლებელმა საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო.  ნატრული ტაბიძემ საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივი გამოცდა ჩააბარა. 

    როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია. 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

    განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ხელფასი ერთიანად  გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 

  • პატივისცემას გამოვხატავ NDI-ის და IRI-ის მიმართ, თუმცა, მათი ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს-ცქიტიშვილი

    კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორებიცაა NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციები. თუმცა, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

    „ეს არის პრობლემები, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს. იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი ძირითადი გამოწვევები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ისინი გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და თხოვდეს ხელისუფლებას“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 %  მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.