Category: არქივი

  • ეს არის საკუთარი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა-ბესელია

    ეს არის საკუთარი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა-დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ  იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომლებიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს არსებულ პრობლემებს ვერ ხედავენ. 

    “ყველა იმ კანდიდატის მიმართ, ვინც 10-კაციან სიაში იყო და ასეთი 5 კანდიდატია, რომელიც ისევ შემოვიდა პარლამენტში, არსებობს გაცილებით უფრო კრიტიკული კითხვები. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ 10-კაციანი სიის ყოველგვარი პროცედურების, ეთიკური, დაწერილი თუ დაუწერელი სტანდარტების დაუცველობამ. ამ ნაწილში მისდამი კრიტიკული კითხვები იქნება ისევე, როგორც წინა ხელისუფლების პერიოდისადმი, როცა სასამართლო ხელისუფლება სრულიად პოლიტიზირებული იყო. თუ მოსამართლეს არ აქვს კრიტიკული პოზიცია, როგორც ეს თამარ ალანიას შემთხვევაში იყო, თუ მოსამართლე ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რაც სააკაშვილის პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში იყო, თუ ვერ აცნობიერებს, რომ ამის გამო უამრავი ადამიანი დაზარალდა, თუ არც ბოდიშს იხდის და არც სინანულის განცდა არ აქვს, ასეთი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში განმწესება, ეს არის საკუთარი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა. კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც საუბრობენ, რომ სასამართლო იმ პერიოდშიც კარგი იყო, დღესაც კარგია”, – განაცხადა  ბესელიამ.

  • თელავში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

    თელავში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მამაკაცს  ცეცხლნასროლი ჭროლობები სახის არეში აქვს მიყენებული.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ, თელავში,  მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვლა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომზდარზე გამოძიება, სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

  • სოსო ქოიავას მამა გამოკითხვაზე იმყოფება

    გენერალურ პროკურატურაში, მოკლული სოსო ქოიავას მამა გამოკითხვაზე იმყოფება. თამაზ ქოიავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. თამაზ ქოიავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

    „შეცდომაში ვერავინ შემიყვანს, არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ვინმემ მომატყუოს, გავიგებ, რას შემეკითხებიან, არ ვიცი წინასწარ რას მეკითხებიან. მოსაყოლად ტელევიზიებში მეძახიან და ამათ ალბათ რაღაცა აინტერესებთ. გაბუნია ჩემთვის უბრალო ჭანჭიკია და მაგის დონეზე გადაწყდებოდა ეს საქმე? სიამოვნებით დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, – პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა თამაზ ქოიავამ.

    შეგახსენებთ, პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

  • გლდანის ციხეში პატიმარმა მუცელი გადაიჭრა

    გლდანის ციხეში პატიმარმა მუცელი გადაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.

    კუბლაშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

  • რ2ის ირგვლივ დაყენებული კამერები მოხსნეს-გვარამია

    ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო დაყენებული სათვალთვალო კამერები მოხსნილია. ფაქტის ამსახველი ფოტოები ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    “რ2ის ირგვლივ დაყენებული კამერები მოხსნეს. რაღად უნდათ, საკუთარ თავს ხომ არ უთვალთვალებენ

    ps თან ცინიკურად რომ აბანძებს ივანიშვილი. აბა ამის არმოხსნას და გამორთვას რა ედგა წინ? მარა არა – თან უნდა იხმაროს ყველა იქდარჩენილი და თან აფარჩაკოს  რას იზამ, მონას რო ყიდულობ, მისი დამცირების შეზღუდვას რატომ დაიწესებ რო?”-წერს გვარამია სოცალურ ქსელში.

  • წლის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა

    მილანში მიმდინარე ფიფას დაჯილდოვების ცერემონიალზე წლის საუკეთესო მწვრთნელად „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი დასახელდა.

    52 წლის გერმანელი სპეციალისტი ამ ნომინაციაში ხოსეპ გვარდიოლასა (მანჩესტერ სიტი) და მაურისიო პოჩეტინოსთან (ტოტენჰემი) ერთად იყო დასახელებული.

    შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ დაამარცხა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში პირველი ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგო.

  • ქუთაისის აეროპორტში ორ მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

    ქუთაისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში, 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ (4.63 გრამი) გამოავლინეს.

    საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

  • თბილისის მერია მძღოლებს ტაქსის ნიშნებს უფასოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგებს

    აქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც თბილისის მერიამ შეისყიდა, მძღოლებს ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგდებათ, – განაცხადა თბილისის მერიამ.
    მათი ინფორმაციით, მანათობელი ნიშნები უცხოეთში უკვე შესყიდულია, თუმცა ჩამოტანილი ჯერ არ არის.

    „ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა შეისყიდა, გზაშია. დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის პირველ რიცხვებში დავიწყებთ მათ უფასოდ გაცემას ტაქსის ნებართვის მქონე პირებზე“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

    ცნობისთვის, შესაბამის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს GSERVICE-მა თბილისის მერიას ჯამში 15 ათასი ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშანი 376 800 ლარად უნდა მიაწოდოს.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება ექნებათ, ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

    რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ ივლიან და პრივილეგიებითაც ვერ ისარგებლებენ. ლიცენზია თბილისში ამ დროისთვის 32680 მძღოლს აქვს აღებული.

  • შსს-ში დასაქმების სანაცვლოდ, თანხის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ – ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3 500 ლარის აღების ფაქტზე.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

  • ტყიბულში, 15-მდე მაღაროელი ხელფასის აღებამდე შახტიდან ამოსვლას არ აპირებს

    ტყიბულში, 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად, ამოსვლას არ აპირებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.

    ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც – კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.

    „მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს – მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

    საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას და ,,სოკარგაზს, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

    ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

    შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებულია, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.

    ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.