Category: არქივი

  • ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

    საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, -ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.

    „ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

    შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • გურიაში 25 წლის მამაკაცი ტრაქტორით ხრამში გადაიჩეხა

    ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

    ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ტრაქტორით ხრამში გადაიჩეხა.

    ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.

    გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

  • „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყეს

    ამერიკელმა „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, “დემოკრატიული პარტიის” წარმომადენელი, ნენსი პელოსიმი აცხადებს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ი  წერს

    „პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას სარგებელს აძლევდა პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

    დონალდ ტრამპმა  „ტვიტერში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მან „დემოკრატების“ ქმედებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის დაკნინებაა.

    ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარის ჩანაწერს გაასაჯაროვებს.

    იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა „დემოკრატების“ ბრალდება იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, თუკი ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს არ გამოიძიებდა.

    იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი – სენატის 2/3-მა. ამჟამად სენატში უმრავლესობა “რესპუბლიკელებს” აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

  • “თამარ ალანიამ პარლამენტი მოატყუა”- ომარ ქუცნაშვილი

    გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “ჯეოინჟინერინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ომარ ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პარლამენტის მოტყუებაში ადანაშაულებს.

    ქუცნაშვილი თამარ ალანიას მიერ მის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უარყოფს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებას, რომ ომარ ქუცნაშვილმა დანაშაული აღიარა.

    „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტი მოატყუა, როდესაც თქვა, ვითომ მე ვაღიარებდი დანაშაულს და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემი ბრალდების მეორე ნაწილს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მე და ჩემი ოჯახი, 2008-12 წლებში ბოლომდე ვიბრძოდით სიმართლის დამტკიცებისთვის. თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ვაღიარებდი, მაშინ მას არც სააპელაციოში და არც უზენაეს სასამართლოებში არ გავასაჩივრებდი. უფრო მეტიც, გამოძიების ეტაპზევე დავთანხმდებოდი საქართველოს გენერალური პროკურატურის შემოთავაზებას და საპროცესო გარიგების დადებით 66 წლის ადამიანი 4 წლით არ ჩავჯდებოდი ციხეში.

    საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მედავებოდა ვითომ ყალბი ანგარიშფაქტურების არაერთგზის დამზადების გზით (სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი) დამკვეთის სახსრების მითვისებას (182 მუხ. მე-2 ნაწილი). როდესაც აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, როგორც დამკვეთმა, ორჯერ წერილობით მიმართა პროკურატურას და სასამართლოს, რითაც ის თავის თავს დაზალარებულად არ მიიჩნევდა და პირიქით, ჩემი კომპანიის – შპს “ჯეოონჟინირინგის” მიერ შესრულებულ სამუშაოებს წარმატებულად და კარგად შესრულებულად აღიარებდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ დამკვეთის სახსრების ვითომ მითვისების ბრალდების ნაწილში (182 მუხ. მე-2 ნაწილი) უდანაშაულოდ გამოვეცხადებინე. მაგრამ დამნაშავედ მცნო ვითომ ყალბი ანგარიშფაქტურების არაერთგზის დამზადებისათვის (სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოუვიდა სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური გადაწყვეტილება. თუ არავისი და არაფერი მიმითვისებია, მაშინ ანგარიშფაქტურები რატომ უნდა გამეყალბებინა, ამ ტიპის დანაშაულის ჩადენის ლოგიკური და საბოლოო მიზანი ხომ სხვისი სახსრების მითვისებაა? სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოსჯა იმით ახსნეს, რომ ვითომ ანგარიშფაქტურები და ე.წ. ინვოისები გავაყალბე მასში ჩემი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანით. მაგალითად:

    მიწის ესკავაციის სამუშაოების მოცულობა სხვა იყო და სხვა შევიტანეთ, ბეტონის სამუშაოების მოცულობა სხვა იყო სხვა შევიტანეთ და ა.შ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში გამოვაქვეყნო ეს ფაქტურები და ე.წ. ინვოისები და მასში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთი შესრულებული სამუშაოს დასახელებას ან/და მოცულობის თაობაზე რაიმე მონაცემს. სააპელაციო სასამართლოს, მათ შორის მოსამართლე თამარ ალანიას მხოლოდ იმას ვთხოვდით, რომ დაეხედათ 4 ანგარიშფაქტურის და ე.წ. ინვოისის ფურცელზე და ეღიარებინათ ის, რომ იქ ე.წ. სიყალბის ნიშანი შესრულებული სამუშაოების თაობაზე არათუ არასწორი, არამედ არანაირი მონაცემი არ ყოფილა. მოსამართლეებს ევალებოდათ, მაგრამ არ დახედეს და არ აღიარეს სიმართლე. ამიტომ მართალი ადამიანისათვის წლობით თავისუფლების უკანონოდ წართმევა და საზოგადოების მოტყუება, იმედია, საქართველოს პარლამენტის მიერ სწორედ შეფასდება“, – აცხადებს პროფესორი ომარ ქუცნაშვილი.

  • “შეწყალებისას არ იმყოფებოდა საქართველოში, ძალიან შეწუხებულია, გვარი ოთხმეზური არ შემხვდა სიაშიო ” – ნანა ლორთქიფანიძე ზურაბიშვილზე

    ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე იმყოფებოდა, რომელიც გოგი ოთხმეზურის ბიძაშვილია და ის შეწყალების სკანდალზე საუბრობდა.

    „როცა ეს თემა ტელევიზიებით გაჟღერდა, გიორგი ოთხმეზური არ იმყოფებოდა საქართველოში და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდაო. ეს ახსნა-განმარტება ტელეფონზე, მესიჯის სახითაც მომწერეს და შემდეგაც ასე მითხრეს.

    გოგი ოთხმეზურს უთხრეს, რომ პრეზიდენტს უნდოდა გასაუბრება. მან ადექვატური პასუხი გასცა. მაშინ პრეზიდენტს ყველა დაზარალებული ოჯახი უნდა დაებარებინა და დალაპარაკებოდა. მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რის თქმას აპირებდა, ან რა აქვს სათქმელი.

    ერთადერთი მე რაც მითხრეს და მანამდე მომწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, არის ის, რომ ქალბატონი სალომე ძალიან შეწუხებულია, გვარი ოთხმეზური არ შემხვდა სიაშიო, ესეიგი, მარიკა ლორთქიოფანიძის შვილიშვილი უნდა იყოს და გიორგი ოთხმეზურის შვილი, რომ შეწუხდეს ქალბატონი სალომე? აბსოლუტურად გაუგებარი პასუხები გაგვცეს და საერთოდ გაუგებარი თავის მართლებაა“ – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

  • პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პროკურატურაში დაიბარეს

    გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოკითხვის მიზნით დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. გაბუნია პროკურატურაში 25 სექტემბერს, 11:00 საათზე არის დაბარებული.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს-ხატია დეკანოიძე

    სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

    “სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.
    სპეციალური დირექტივით, სუსი ცდილობს აღკვეთოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის გადაადგილება, რომ შეიზღუდოს ადგილზე ოკუპაციის გაშუქება და რუსების მიერ ახალი, უკანონო საგუშაგოების აღმართვა.

    როგორ უნდა გაიგოს მსოფლიომ ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა და რფ -ის აგრესია?

    ნათელია ყველაფერი..”-წერს დეკანოიძე.

    ცნობისთვის, დღეს ჩორჩანას სიახლოვეს რუსული ვერტმფრენის გამოჩენა სუს-მა დაადასტურა. სუს-ის შეფასებით, ფაქტი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

    „აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

  • გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა

    პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა “მთავარი არხის” მეწილე გახდა. რურუამ რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

    2.5%–იანი წილის მიღების სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ  არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

    შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ის წილს დაკარგავს  და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს.

    თუკი გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად შეასრულებს ვალდებულებას, ის კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება.

    არხის დაარსების შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49% ეკუთვნოდა კახაბერ ანჯაფარიძეს.

    რურუას წილში შესვლის შემდეგ კი, ანჯაფარიძე 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელია.

  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

    ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ოთხმეზური საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზე დაიბარეს. 

    ოთხმეზურმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ  რამდენიმე პირი, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

  • ასპინძაში 12 წლის ბავშვი მორიელმა დაგესლა

    დაბა ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაგესლა. 12 წლის მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

    სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    „პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უტარდება ადეკვატური მკურნალობა. დამატებით თბილისში ტოქსიკოლოგთან გავდივართ კონსულტაციებს. თუ ბავშვის მდგომარეობა შეიცვლება, ჩვენც შევცვლით მკურნალობის ტაქტიკას“- განაცხადეს კლინიკაში.