Category: არქივი

  • სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

    სომხეთში COVID 19 ბოლო 24 საათში კიდევ 20 ადამიანს დაუდგინდა და მათმა საერთო რაოდენობამ 72-ს მიაღწია. მათგან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 1 კი გამოჯანმრთელდა.

    სომხური მედიის ინფორმაციით, სამკერვალო საწარმოს 500-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ იქ დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ჯანდაცვითი უწყების კონტროლის ქვეშ არიან.

    სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მასთან საზღვარი საქართველოს დროებით ჩაკეტილი აქვს.

  • ერთ-ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია- მარინა ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების წყარო ერთ პირთან ცნობილი არ არის.

    მისი თქმით, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს.

    „ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი. დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს, ან კონტაქტში მყოფი პაციენტები ჩვენი მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ასეთი მკვეთრი წყარო ცნობილი“,- თქვა ეზუგბაიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელების გასაკონტროლებლად ტესტი ჩაუტარდა და თუ განმეორებითი ანალიზების შემთხვევაში, მათი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ.

  • სამარშრუტო ტაქსების აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ- მელია მთავრობას

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია მთავრობას მოუწოდებს, არ მოერიდონ საპატრიარქოს და კატეგორიულად მოთხოვონ ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება.

    მისი თქმით, ეკლესიაში დგომა და ერთი კოვზით ზიარება ისევე სახიფათოა, როგორც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა.

    ,, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ

    სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება! წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, სამარშრუტო ტაქსში 10 კაცთან მგზავრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ტაძრებში ასეულებთან ერთად დგომა და ერთი კოვზით ზიარება – უსაფრთხო?

    თუ ეპიდემიას ნაკურთხი წყალი ამარცხებს, მაშინ ხალხს რაღას ვუშვებთ კარანტინში, ან რას ვკეტავთ თვითიზოლაციაში, ან ცა რისთვის დავკეტეთ, ან საზღვრები?

    ვიმეორებ, თუ არ ვკრძალავთ ხალხმრავლობას ეკლესიაში, რა ნიშნით და რა ლოგიკით ვკრძალავთ ან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას, ან სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, ბარებს და რესტორნებს? იქ სხვა ხალხი დადის და ეკლესიაში – სხვა?

    თუ სახელმწიფოს ვისთანაც გასდის იმას ყველაფერს ვუკრძალავთ და ვისთანაც ვერა, ვერაფერს?

    მივმართავ ხელისუფლებას, იმოქმედეთ უფრო თამამად! “,- წერს ,,ფეისბუქზე” ნიკა მელია.

    ცნობისთვის, დღეს კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, აკრძალა.

  • კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    კანონით  კონკრეტდება, რომ გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

  • ბოსნია და ჰერცოგოვინამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    ბოსნია და ჰერცოგოვინა COVID 19-ის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

    “ჩვენ ვეძებთ ყველა გზას, რომ შევამსუბუქოთ კორონავირუსით გამოწვეული შედეგები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზორან ტეგელტიამ.

    ბოსნია და ჰერცოგოვინაში უახლესი ინფორმაციით კორონავირუსით ინფიცირების 27 შემთხვევაა დადასტურებული.

  • აშშ–მ მოხალისეებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყო

    აშშ–ში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდები. სიეტლში მდებარე Kaiser Permanente–ის ცენტრის მკვლევარებმა ექსპერიმენტული დოზის აცრა ოთხ მოხალისეს გაუკეთა. ვაქცინა შეიცავს უსაფრთხო გენეტიკურ კოდს, რომელიც ვირუსიდან არის აღებული და მას ადამიანის Covid19–ით დაინფიცირება არ შეუძლია.

    ექსპერტების თქმით საჭირო იქნება რამდენიმე თვე იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტურია ეს და შემუშავების პროცესში მყოფი სხვა ვაქცინები.
    პირველი ადამიანი, რომელსაც აცრა გაუკეთეს 43 წლის სიეტლის მცხოვრები, ჯენიფერ ქოლერი გახდა.

    მეცნიერები მთელ მსოფლიოში ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ კვლევას.

    კლინიკური კვლევები, რომელსაც ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი აფინანსებს პირდაპირ ადამიანზე ტარდება და ცხოველებზე ტესტირების სტადია გამოტოვებულია.

    თუმცა მწარმოებელი კომპანია Moderna Therapeutics აცხადებს, რომ პრეპარატი უკვე კარგად ცნობილი, შემოწმებული და წარმატებული პროცესის დახმარებით შეიქმნა.

    ინფექციური დაავადების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ვაქცინაში მართლაც უკვე არსებული ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომლებიც ადამიანებისთვის უსაფრთხოა. პრეპარატი უმაღლესი სტანდარტებით შეიქმნა და ამიტომ მისი ასეთი ტემპებით და ფორმით გამოცდა დასაშვებია, რადგან ადამიანისთვის საფრთხეს არ შეიცავს.

    კორონავირუსის ვაქცინა ვირუსიდან დაკოპირებული გენეტიკური კოდის ნაწილს შეიცავს. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მისი დახმარებით მოახერხებენ ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მომართონ.

    მოხალისეებმა ექსპერიმენტული ვაქცინის სხვადასხვა დოზა მიიღეს. ყოველ მათგანს ორ აცრას გაუკეთებენ 28 დღის შუალედით.

    იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება შეიძლება წელიწადნახევარი დასჭირდეს, სანამ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება.

  • ამას ქვია უკანონო გზით ფულის ახევის მდელობა – “ფრესკოს” დამფუძნებელის განცხადება

    ჰიპერმარკეტების ქსელის, ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმარვას ავრცელებს და მუქარის წერილს კითხულობს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფრესკოს ფასების მომატების გამო თავდასხმით და დარბევით მუქრებიან.

    სოფრომაძე ამბობს, რომ ის და მისი თანამშრომლები წლების მანძილზე მუქარის და ზეწოლის ქვეშ მუშაობენ.

    ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა შსს–ს , თუმცა ყოველ ჯერზე მიიღო პასუხი, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დარღვევა.

    სოფრომაძე მისი ბიზნესის შევიწროებაში ფინანსთა მინისტრსაც ადანაშაულებს.

  • კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯაჭვი სრულად გაკონტროლებული და შესწავლილი გვაქვს- ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რეალურ საფრთხედ ინფიცირებული 34 პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს, მათი კლასტერების წარმომავლობა კი სრულად გაკონტროლებული და შესწავლილია.

    ,,ჩვენ ვთვლით, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. აქედან გამომდინარე, რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს, ის დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც გვაქვს. ვთვლით, რომ დამატებითი პრევენციული გამკაცრება და ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად და საუკეთესო გამოსავლის გამოსანახად.

    კლასტერების წარმომავლობა ამ ეტაპისთვის არის სრულიად გაკონტროლებული, ის პაციენტები, რომლებიც არიან დადასტურებულები, მათი ჯაჭვი არის სრულიად ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ”,- თქვა ტიკარაძემ.

    ცნობისთის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დასტურდება. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი.

  • საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი გადაიდო

    საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შეხვედრა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

    ფედერაციის განცხადებით, 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს. მათ, ვისაც ბილეთის უკან დაბრუნება უნდა, თანხის ასანაზღაურებლად TKT.GE-ს უნდა მიმართოს.

    სხვა მრავალ საფეხბურთო შეხვედრასთან ერთად, ცოტახნის წინ გაირკვა, რომ COVID 19-ის გამო ევროპის ჩემპიონატიც 1 წლით გადაიდო

  • ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნინო ქადაგიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

    შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.