Category: არქივი

  • თურქეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

    თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 98 წლის პაციენტი იყო. მას კონტაქტი ჩინეთთან დაკავშირებულ ინფიცირებულთან ჰქონდა.

    გარდა ამისა, თურქეთში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.

    ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების გამო, თურქეთმა საგანგებო ზომებს მიმართა. შეწყდა სასწავლო პროცესი და მთავრობის განკარგულებით, თურქული აბანოები დაიხურა.

  • კორონავირუსი მონარქებსაც მიწვდა-ესპანეთის სამეფო ოჯახი კარანტინშია

    ესპანეთის მონარქები მადრიდში, საკუთარ სასახლეში კარანტინში იმყოფებიან. მეფე და დედოფალი რამდენიმე დღის წინ ღონისძიებაზე ესპანეთის პრემიერ მინისტრს, ირენე მონტეროს შეხვდნენ. ამის შემდეგ 32 წლის პოლიტიკოსმა თავი ცუდად იგრძნო და ექიმებს მიმართა. მას კორონავირუსი დაუდგინდა.

    კორონავირუსის ტესტი მეფე ფილიპ მეოთხემ და დედოფალმა ლეტიციამაც ჩაიტარეს, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამჟამად ცოლ–ქმარი საკარანტინო ზომებს იცავს, ისევე როგორც ესპანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

    უახლოეს მომავალში არავითარი საჯარო ღოისძიება მათი მონაწილეობით დაგეგმილი არ არის. სამეფო ოჯახმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

  • “სოფელი გადაგვარჩენს”- სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მებაღის, ზურაბ შევარდნაძის პოსტს აზიარებს და წერს, რომ სოფელი გადაგვარჩენს ახლა, ისე როგორც წარსულში.

    „ასეც მგონია, სოფელი გადაგვარჩენს ამ ერთჯერადაც, როგორც მრავალჯერ წარსულში …სოფელს გავუფრთხილდეთ, სოფელი გავაძლიეროთ, სოფელს მივეფაროთ!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

    კორონავირუსისგან თავის დასაცავად ქალაქიდან ძალიან ბევრი ადამიანი სოფლებში წავიდა. დაინფიცირების რისკების შესამცირებლად, მოქალაქეები ცდილობენ ქუჩაში არ გამოვიდნენ.  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული აქედან ერთი კი სრულიად გამოჯანმრთელდა.

  • ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა- გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეჭვი ეპარება, რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე აღდგება.

    მისი თქმით, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

    ,,სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ როგორ ვალაგებთ პრიორიტეტბს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – განაცხადა გახარიამ.

    გახარია აღნიშნავს, რომ გეგმაში, რომელიც განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს, გაწერილი უნდა იყოს, როგორ ხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა. პრემიერის თქმით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის მზად არ არის.

    ,,ის, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და თავი არ მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბავშვი რეგიონებში გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ, აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ”, – ამბობს გიორგი გახარია.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდეა გახანგრძლივებული.

  • კორონავირუსის 3 ათასი ტესტი გვაქვს, დამატებით 20 ათასს ვყიდულობთ- თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს კორონავირუსის 3000 ტესტი აქვს, 20 ათასი კი შესყიდვის ფაზაშია.

    გაბუნია ამბობს, რომ ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებს ერთდროულად 100 ტესტის ჩაბარება შეუძლიათ.

    თავად ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტებთან ერთად, მომარაგებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა.

    ,,დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლის მზაობა ყველა შერჩეულ საავადმყოფოს ეტაპობრივად შეუძლია. ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება. დღეს უკვე მომზადებული გვაქვს 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება”, – აცხადებს ტიკარაძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინში მოთავსებულია 1008 ადამიანი, სტაციონარში კი 64.

  • ” არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ”- ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს.

    „34 შემთხვევაა ამ წუთისთვის დადასტურებული, მაგრამ დღეს კიდევ მრავალი სინჯია კვლევაში ლუგარში და მთლიანად იცით, რომ ოთხ ადგილზე ტარდება ტესტირება ქვეყნის მასშტაბით : ბათუმი, ქუთაისი, თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია. ამიტომ, უფრო გაიშალა გეოგრაფიულად. ჩვენი მონაცემები გვიან ღამით ან დილით იკრიბება ხოლმე. ჯერ ჩვენ არ ვიცით შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება თუ არა.

    რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება.

    ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ ისე ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანის, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • მთავარია, როდესაც ამ გამოწვევას დავძლევთ, სად იქნება ეკონომიკა- გახარია კორონავირუსზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო აუცილებლად მოერევა კორონავირუსის, თუმცა მთავარია, სად იქნება ამის მერე ეკონომიკა, რის ფასად დავძლევთ გამოწვევას.

    ,,საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარი არის რა შედეგით და რა დანაკლისით. მთავარი არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას, როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამოწვევას, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, სად იქნება ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სად იქნება ჩვენი სოციალური ქსოვილი.

    გლობალური კონკურენცია ჯერ არავის არ გაუუქმებია, ვერავინ ვერ გააუქმებს, როგორც კი მსოფლიო დაძლევს ამ გამოწვევას და რა თქმა უნდა, დაძლევს, ჩვენ ჩავერთვებით ახალ გლობალურ კონკურენციაში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა, ისე რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილში, პოლიტიკურ სტრუქტურაში და კიდევ ბევრს რამეში. ეს არის ეფექტურობა”,- ამბობს გახარია.

    პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დღესვე გამოცხადდეს საგანგებო მდგომარება და მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა აეკრძალოთ, თუმცა ეს არაეფექტური იქნება.

    ,,შესაძლებელია, დღეს ჩვენ ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეული მოქალაქე ვაიძულოთ, რომ დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი და შესაძლებელია, რომ ვიღაცაზე უფრო სწრაფად დავძლიოთ, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. მერწმუნეთ, როდესაც ამას დავძლევთ, შეფასება იქნება ასეთი – რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით დაძლევს ამას თითოეული სახელმწიფო.

    ჯერჯერობით გამოგვდის ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესად. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები არის მთლიანად ჩვენი საზოგადოება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა 3526-ით გაიზარდა

    ბოლო დღე-ღამეში იტალიაში COVID 19-ით 345 ადამიანი დაიღუპა, დაფიქსირდა 3526 ინფიცირების ახალი შემთხვევა.

    ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 31 506-ია, გარდაცვლილი კი ჯამში 2503 ადამიანია.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქალაქეებს გადაუდებელი შემთხვევების გარდა სახლიდან გამოსვლა აკრძალული აქვთ.

  • ფოთში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

    ფოთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ, იმედია წყარო დადგინდება- გამყრელიძე ინფიცირების უცნობ წყაროზე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უცნობი წყაროს გამოსავლენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

    დაკარგულ წყაროზე ინფორმაცია მარინა ეზუგბაიამ გაავრცელა.

    გამყელიძე ამბობს, რომ მიმდინარე ან მომავალ კვირაში იქნება შემთხვევები, როდესაც ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდება.

    ,,რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, მე პატარა კორექტივს შევიტანდი – ამ შემთხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონმა მარინამ ისაუბრა, ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ღრმა ეპიდკვლევას დაახლოებით 20-იდან 25-მდე კონტაქტზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ამ პაციენტის ინფიცირების წყარო. ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია, ვმუშაობთ ინტენსიურად, ვლინდება ძალიან ბევრი კონტაქტი – დღესაც დადგინდა ამ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ზოგიერთი პირები უკვე აღებულია მათი ნიმუშები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც გავალთ პირველწყაროზე”, — ამბობს ამირან გამყრელიძე.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული.