Category: არქივი

  • ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

    ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე მოხდა,  ნისანისა“ და „ბეემვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.

    სამივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათ გამოკვლევები უტარდებათ.პირველადი შეფასებით,  დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. 

  • მოსახლეობა პანიკაშია-ფოთში უჩვეულო მწერები მომრავლდნენ

    ფოთში უჩვეულო  მწერები მომრავლდნენ.  ადგილობრივების განცხადებით, მწერები ქუჩაში გუნდურად ესხმიან თავს და მათი ნაკბენი გამონაყარს იწვევს.

    ფოთის მცხოვრელბები პანიკაში არიან, რადგან მწერის ზუსტი სახეობა და მისი ნაკბენით გამოწვეულ  რისკებზე არაფერი იციან.

    მერიაში მწერების შესახებ არაერთი ზარი შევიდა.

    ” ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა პრობლემა დროულად იქნეს მოგვარებული. დავუკავშირდით ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც დღის ბოლომდე ეწვევა ქალაქს. ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები და დადგინდება თუ რა სახის მწერია და საიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია და ვერ გეტყვით თუ საიდან მომრავლდა. პანიკის საფუძველი ამჯერად არ არსებობს ,”-განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ადმინისტრაციის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში გ გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან დაბარებული.

    ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დავით კაშია,დიანა ტაბატაძე,ნინო კალანდაძე, ნინო შარაშიძე, ზინაიდა ვერულაშვილი.

  • ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის დაწესების ინიციატივით გამოდის

    გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, – საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ახალი ინციიატივით გამოდის.

    „26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მოვიშუშეთ ტკივილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების სისხლისღვრას მოყვა, ომი, რომელიც რუსეთის იმპერიამ და მისმა აგენტურამ მოგვახვია თავს. ჩვენ დაგვსაჯეს თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. დადგა დრო 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო, უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს, ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის.

    მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს – კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი. სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა – ჩვენ განუყოფელნი ვართ!

    გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ, მოვინანიებთ, მივუტევებთ ერთმანეთს და ენგურის ხიდთან აღვმართავთ სადა, მაგრამ სიმბოლურ მონუმენტს, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელიც დაინგრევა, რომ ეს რუსული ბლოკ პოსტიც აღარ იარსებებს ჩვენს შორის და რომ ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“- წერს ხაზარაძე.

  • მოვა დრო და 20 ივნისის თაობა თქვენს საფლავს დააფურთხებს – ოქრუაშვილის ღია წერილი ივანიშვილს

    მოვა დრო და 20 ივნისის თაობა თქვენს საფლავს დააფურთხებს-პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

    წერილს უცვლელად გთავაზობთ:

    “თქვენო უგანათლებულოსობავ და

    ყოვლად უჭკვიანესობავ!

    ალბათ გასაგებია მიზეზები, რატომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ. ერთი ისაა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხართ, მეორე ის, რომ ყველა ბოროტება თქვენგან მოდის და მესამე, უშუალოდ თქვენი გადაწყვეტილებით გამომკეტეს ციხეში.

    მეტი სიცხადისთვის, ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება.

    2004 წელს, სააკაშვილი თქვენთან პირველი შეხვედრიდან აღფრთოვანებული და გაბრუებული რომ დაბრუნდა, მაშინვე მივხვდი რასაც წარმოადგენდით. მიშას ადამიანების სწორად ამოცნობის უნარი არასოდეს გააჩნდა და ვატყობდი რა ხაფანგიც დაუგეთ.

    მალევე მივხვდი თქვენი სახით რა ფენომენთანაც გვქონდა საქმე – ფარისევლობასთან, მლიქვნელობასთან, ცბიერებასთან, სიმხდალესთან, ორპირობასთან, შურთან, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინთან, ქვეყნის და ხალხის სიყვარულის არქონასთან, ჯამბაზობასთან და ბევრ კიდევ სხვა რამესთან, მაგრამ იმდენად იყო სააკაშვილი თქვენით „აღფრთოვანებული“ და პატარკაციშვილისგან შეშინებული, რომ დაიჯერა თქვენი „გულწრფელი“ მოკავშირეობა და კეთილსინდისიერება. შესაბამისად, არავის მოსმენა არ სურდა, ვინც თქვენზე რაიმე კრიტიკულს იტყოდა. შედეგიც შესაფერისი იწვნია.

    მაშინვე მივხვდი რასაც ეფუძნებოდა თქვენი ცხოვრების ფილოსოფია, როდესაც გვითხარით, ბადრის ფული და ქონება წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად მაგას აღიქვამენო. ამას იმიტომ ამბობდით, რომ თქვენი ცხოვრების ფილოსოფია მხოლოდ ფულია.

    ძალაუფლება მხოლოდ ფულის შესანარჩუნებლად გჭირდებოდათ, მაგრამ მთავარს ვერ ხვდებით – ფულით სახელს, პატივისცემას და ხალხის სიყვარულს ვერასოდეს იყიდით. გადახედეთ საქართველოს ისტორიას ან თქვენს ეკას სთხოვეთ წაგიკითხოთ და მიხვდებით, რომ ეს ასეა.

    ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რამდენადაც განუსაზღვრელი არ უნდა იყოს, იგი ავტომატურად არ იძლევა მისი გამოყენების ცოდნას.

    ძალაუფლება ხელში ჩაიგდეთ, მაგრამ მისი სწორად გამოყენების უნარი არ გაგაჩნიათ. ამის დასტური კი თქვენი მმართველობის 7 წლის თავზე თქვენი მაგინებელი ადამიანების რაოდენობაა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე ცოტაა.

    მმართველობის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მმართველმა საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს, რისი უნარიც ასევე არ გაგაჩნიათ, რადგან საზოგადოებად შუშის სასახლეში თქვენს სასთუმალთან მჯდომ რამდენიმე მლიქვნელს მიიჩნევთ.

    ასევე ვერ ითვალისწინებთ ერთ უმთავრეს რამეს, თქვენი ძალაუფლება დგას მხოლოდ მეხუთე კოლონიის მხარდაჭერაზე, კოლაბორაციონისტებზე, კონფორმისტებზე, პუტჩისტებზე, საბჭოთა ინტელიგენციაზე, ქურდებზე, კრიმინალური მენტალიტეტის წვრილფეხობაზე, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის არმქონე 15 ლარად გაყიდულ ხალხზე და ა.შ. ჰოდა ამ ხალხის თქვენდამი ერთგულება მხოლოდ თქვენს ფულს ეფუძნება. ასეთი ტიპის ხალხს კი არსად არაასდროს არ გაუმარჯვია.

    ალბათ ქვეყნისთვის სჯობია, შენი ხელისუფლებისადმი ლტოლვა, კომუნისტების 70-წლიანი მმართველობის დროს გამოგევლინა, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საფრთხე არ შეგექმნა, მაგრამ მაშინ ვერაფერს მიაღწევდი, რადგან მაშინ ფულით ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებდი, თანაც არ გქონდა იმ დროს ფული. კომუნისტურ იერარქიაში კარიერული წინსვლისთვის კი შენი „ნიჭი“ და ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა.

    2012 წელს სააკაშვილთან ბრძოლით დასუსტებულმა ერთადერთი ინტერესით „გამჯობინეთ“, რომ ჩემი ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც დაახლოებით ისეთი სურვილის ტოლფასი იყო, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გადიოდა, თორემ ვიცოდი საითაც წაიყვანდი ყველაფერს, რადგან თქვენი ფენომენის მსგავსი ადამიანები სხვაგვარად ვერ იქცევიან.

    20 ივნისის ღამემ, ბევრ სხვა მნიშვნელოვან რამესთან ერთად, გამოაჩინა, რომ სრულიად ახალი, თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტული თაობა წამოვიდა ამასობაში, რომლისთვისაც თქვენი ფული და ფასეულობები არა თუ არაფერს წარმოადგენს, არამედ სრულიად მიუღებელია.

    7 წელია ქვეყანას მართავთ და სახელი და პატივისცემა ვერ მოიპოვეთ. 2 წლის განმავლობაში უამრავი ხელისშემშლელი გარემოებების პირობებში, მე ქართული სახელმწიფოს ერთერთი საყრდენი, ჯარი შევქმენი. სხვაზე არაფერს გეტყვით, ხოლო თქვენ 8 წლის თავზე ისე წახვალთ ხელისუფლებიდან, რომ თქვენი შექმნილი არაფერი ემახსოვრებათ მომავალ თაობებს, გარდა იმისა, რომ შუშის სასახლის, თუ ჭორვილის კოლბაში ზვიგენებთან და ზებრებთან სიამოვნებას იღებდით. ქვეყნის სამასხარაოდ ხეების აქეთ-იქეთ თრევით იყავით დაკავებული იმის იმედით, რომ ამ ხეების ენერგეტიკით და თქვენი უკულტიზმისადმი მიდრეკილებით 150 წელს იცოცხლებდით. ამით კი, დროისა და სივრცის კანონს ეწინააღმდეგებით, ხოლო ვინც ამ კანონების წინააღმდეგ წავიდა, ყველამ ცუდად დაამთავრა.

    ქვეყანა კორუფციის ჭაობში დააბრუნეთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოსპეთ, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას ცდილობთ და ქართულის ნაცვლად პუტინის ოცნებას ასრულებთ.

    იმის ნაცვლად, რომ ახალი პატრიოტული თაობისათვის ქართული სახელმწიფოს შენების იდეის გამო მხარდაჭერა გეგრძნობინებინათ, ამ იდეის სიმძაფრე გაგეზარდათ, 20 ივნისს რუსეთის საამებლად სამაგალითოდ დაარბიეთ და დასაჯეთ ახალგაზრდები. 18 ახალგაზრდა, რომლებიც მაგალითის მიმცემები იყვნენ სხვებისათვის, ციხეში გამოკეტეთ ერთადერთი მიზნით, რომ ასეთი პატრიოტული მუხტის გაღვიძება არ დაგეშვათ, მაგრამ პირიქით მოხდება, რადგან მათი ციხეში ყოფნა და მათი ქცევა 20 ივნისის ღამეს, მაგალითის მიმცემი გახდება სხვებისათვის.

    20 ივნისს ბარიკადების აქეთ ხალხი და ქვეყანა იდგა, მეორე მხარეს კი თქვენ, მეხუთე კოლონასთან და რუსეთთან ერთად. ეს იქნება ისტორიის ბეჭედი იმ ღამისათვის და თქვენი მოღვაწეობისათვის.თქვენს გონიერებაზე დიდი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც ისეთ პრიმიტივად გთვლიდით, რომ თქვენი უტვინო მხარდამჭერების ნარატივს აყოლოდით და იმ გათვლით დაგეჭირეთ, ციხეში დიდხანს ვერ გაძლებს და ამით დავამთავრებთ მასო.

    რა არის მიზეზი, რის გამოც დამიჭირეთ?

    20 ივნისის ღამე?

    რუსთავი 2-ს რომ მედავებით?

    ორივე პატარა დოზით, მაგრამ სრულად არცერთი.

    მიზეზი ერთია – ჩემი ხასიათიდან, ტიპაჟიდან და მოქმედებების სტილიდან გამომდინარე, ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე შეგიქმენით. ბოლო 2 თვეში სწორადაც დაგინახავთ, რომ ასეთი საფრთხის მატარებელი ვარ და მართლა შევძლებდი თქვენი ჭიქიდან ჩაის დალევას, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ.ვალდებული ვარ, ვიყო ასეთი საფრთხის მატარებელი, რადგან თქვენ ჩემს ქვეყანას, ჩემი შვილების მომავალს და მთლიანად ერს უქმნით საფრთხეს იმით, რომ ყველაფერს ანადგურებთ, რაზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას. ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევთ, რომლის შენებისთვისაც ღამეები მითენებია.

    ტყუილად ნუ ფიქრობთ, რომ ჩემი დაჭერით ეს საფრთხე გაანეიტრალეთ. ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ თქვენი ჯიბის რამდენიმე პარტიის მეშვეობით კოალიციას შექმნით და ამით შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. თქვენი ყველაზე დიდი საფრთხე პირველ რიგში თქვენ ხართ.ჩემი ციხეში გამოკეტვა უშუალოდ თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახლავთ და ამით ორი კურდღელი დაიჭირეთ – რუსებს ასიამოვნეთ და ხალხი დააშინეთ, მაგრამ ამით თამაშის ის წესი დაარღვიეთ, რომელიც შემდეგს ეფუძნება.

    „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“ – ამ წესების თანმდევი შედეგი აქვე ჩვენს სამეზობლოში შეგიძლიათ ნახოთ, შორს რომ არ მოგიწიოთ ძებნა. სომხეთში სარქისიანმა და კოჩარიანმა პაშინიანი თავის დროზე ციხეში გამოკეტეს. დღეს პაშინიანი პრემიერმინისტრია, კოჩარიანი ციხეშია, სარქისიანი კი გაქცეულია.

    თურქეთში სამხედრო ელიტამ ერდოღანი ერთდროს ციხეში გამოკეტა. დღეს ერდოღანი პრეზიდენტია, სამხედრო ელიტა კი ციხეში ზის. დაელოდეთ ამ თამაშის წესების შედეგებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.თქვენი დასასრული ახლოსაა, 20 ივნისის ღამემ ნათლად გამოაჩინა შუშის სასახლეზე წარწერა Mene, Tekel, Fares.

    თქვენი პოლიტიკური დასასრული მოახლოვდა, მაგრამ ეს არაა მთავარი მიზანი. მთავარია შუშის სასახლის პანდემონიუმი ნაცვლიშვილების, ფარცხალაძეების, ჩხარტიშვილების და იმ მეხუთე კოლონის სახით, რომელსაც ეფუძნება სრულად განადგურდეს თქვენი ძალაუფლება, რადგან ეს პანდემონიუმია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე და მათ ვეღარ უნდა შეძლონ „ახალი ივანიშვილის“ შობა.ერთი სათხოვარი მაქვს და მომავალში იმედია შემისრულებთ.

    თქვენს შვილებს სთხოვეთ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრონ – მოვა დრო და 20 ივნისის თაობა თქვენს საფლავს დააფურთხებს.Incedo Per IgnesCaveo Non timeo.პ.ს. ვერავინ ისე კარგად ვერ ჩამომრეცხდა 2007 წლის ტალახს, როგორც ეს თქვენ ჩემი დაჭერით გააკეთეთ.პ.პ.ს. იმედია თქვენი ეკა გაგარკვევთ ლათინურ აბრევიატურაში”.

  • არა ფსიქოლოგიურ ტერორს-პარლამენტთან ეკა ბესელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

    “არა ფსიქოლოგიურ ტერორს”, “ზარდიაშვილი სირცხვილია”-ამ და სხვა ლოზუნგებით პარლამენტთან  აქცია მიმდინარეობს.

    ქალთა უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებენ. მათი განცხადებით, ბესელიას  პირადი ხელშეუხებლობის უფლება მრავალჯერ დაირღვა და ის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშაა.

    პარლამენტთან აქციაზე ასევე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარია.

    „დღეს ეკა ბესელია არის სისტემის მსხვერპლი ამ უბინძურეს ბრძოლაში. თუ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ასეთი ადამიანის მიმართ ვიყოთ სოლიდარული, მაშინ სოლიდარობის არსი საერთოდ გაუგებარია. თუ ჩვენ არ გავაპროტესტებთ პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ამ მეთოდს, მუდმივად ერთ წრეზე ვივლით.ზოგადად, ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ფიზიკური დაპირისპირება ხდება პარლამენტში. არც ერთ სხვა დეპუტატზე, კვიციანზე, პაპუაშვილზე „ქართულ ოცნებას“ რეაქცია არ ჰქონია და ადამიანი რომელსაც ტანკით გადაუარეს, ყველას ჰქონდა რეაქცია”-განაცხადა ხოშტარიამ.

    შეგახსენებთ, 26 სექტემბერს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ეკა ბესელია მას ფიზიკურად შეეხო. ბესელიას გაღიზიანება, მისი თქმით, ზარდიაშვილის მხრიდან  შეურაცხმყოფელ რეპლიკას მოჰყვა. 

  • ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის

    ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ საუბარი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

    „ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

    გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • კახეთში პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 83 წლის მამაკაცი დააკავეს

    კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 83 წლის  მამაკაცი დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, ავტომობილის შემოწმებისას დაკავებულის შვილი სამართალდამცავების მითითებებს არ დაემორჩილა, ხოლო მისმა მშობელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.

    შსს-ს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად, ამოღებულია ცეცლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის შვილმა მეზობლის ეზოში გადააგდო, ხოლო თავად ადგილიდან მიიმალა.

    რაც შეეხება სამართალდამცავთა ჯანმრთელობას, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ფაქტის გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • “ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი“–სააკაშვილმა მისი ყურძნის მოსაკრეფად ყვარელში ჩასულ ახალგაზრდებს მიმართა

    “მე ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი და მიხარია რომ ახალგაზრდები არ აცივებენ ჩემს კერას. დღეს 200-მდე ახალაგზრდა ჩავიდა ყვარელში ჩემი ვენახის მოსაკრეფად. ახლა ჩემს ემოციებზე მეტად ისაა მნიშნელოვანი, რომ საქართველო საფრთხეშია და სწორედ ამაზე ვესაუბრე ახალგაზრდებს. დღეს მთავარ იმედს მათი აქტიურობა მაძლევს.“– ამ სტატუსს აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და იქვე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, ყვარელში ჩასული ახალგაზრდები როგორ კრეფენ მის ვენახს და როგორ ერთვება მათ ტელეფონით სააკაშვილი.