Category: არქივი

  • ,,ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან ახლა საზოგადოებას ერთიანობა სჭირდება- გრიგოლ ვაშაძე

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია ხელისუფლების კრიტიკისგან თავს იკავებს, რადგან საზოგადოებას ერთიანობა და თანადგომა სჭირდება.

    ვაშაძის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მედიკოსების რეკომენდაციები, რაც ეპიდემიის რუკაზე საქართველოს წარმატებულ ქვეყნად დარჩენის გარანტი იქნება.

    „მინდა ჩემი მოკრძალებული ხმა შევუერთო ჩვენ გმირ ექიმებს, ჩვენ გმირ ექთნებს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ვთხოვო, რომ უპირობოდ, ზედმიწევნით დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე ისევ ისე წარმატებულ ქვეყნად დარჩება, როგორც ახლა ვართ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.

    ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, იმიტომ რომ ახლა საზოგადოებას სჭირდება ერთიანობა, საზოგადოებას სჭირდება თანადგომა და მთლიანად სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის, თუ რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები, ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც ამ 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით“, – განაცხადა ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 11-ს პნევმონია აქვს, 2-ის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

  • ვინ არის ქალი, რომელმაც ინფექციურის ექთნებს ხელფასებზე დანამატი ჩაურიცხა

    ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა. ამის შესახებ საავადმყოფოს ოფიციალური გვერდი იუწყება და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამავე ქალბატონისგან თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღეზე ნახატი მიითო საჩუქრად. მოგეხსენებათ, ცნობილი ექიმი ბუების კოლექციონერია.

    გთავაზობთ საავადმყოფოს პოსტს:

    “კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი! ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია. საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა… მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია…” 

    {{PHOTOGALLERY}}

  • მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის- ქართველი ექიმების კამპანია

    ,,მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის”- ქართველმა ექიმებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს.

    მედიკოსები მუშაობის პერიოდში ამ მოწოდებით ფოტოს იღებენ და სოციალურ ქსელში მომხმარებლებს უზიარებენ. 

    {{PHOTOGALLERY}}

    საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 .

  • კორონავირუსის გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

    კორონავირუსის გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება.

    შსს-ს ინფორმაციით, მათ, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

    „იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

    ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

    რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შსს სამარშრუტო ტაქსიდან გაქცეულ მგზავრს ეძებს, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია

    გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მარინე გიუნაშვილის თქმით, შსს თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის იმ მგზავრის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, რომელმაც სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია.

    „პირი გორთან გაიქცა სამარშრუტო ტაქსიდან. პოლიციამ მაცნობა, რომ მივსულიყავი, რადგან მგზავრები იყვნენ პანიკაში. მივედი ადგილზე. როგორც მგზავრებმა განაცხადეს, პირი თავად ესაუბრებოდა ტელეფონზე ვიღაცას და ამბობდა, რომ პოლონეთიდან 4 დღის წინ ჩამოვიდა და ახლა თვითიზიოლაციაში უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც მგზავრებმა პოლიციაში დარეკეს, ის სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა“, – განაცხადა გიუნაშვილმა.

    სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს შიდაიზოლაციის დაცვის რეკომენდაცია მისცეს.

    შსს-ში აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება რომ მამაკაცმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია, მას კარანტინში გადაიყვანენ.

  • კორონავირუსის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა

    ევროვიზია 2020 გაუქმებულია.

    რიგით 65-ე მუსიკალური კონკურსი წელს 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო,თუმცა კორონა ვირუსის საფრთხის გამო ღონისძიება გაუქმებულია.
    ევროვიზიაზე საქართველო თორნიკე ყიფიანს უნდა წარედგინა, რომელმაც კონკურსისთვის სიმღერა Take Me As I Am დაწერა.

  • კორონავირუსის გამო ,,ჩემი ცოლის დაქალებმა” გადაღებები შეაჩერა

    კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის გამო სერიალმა ,,ჩემი ცოლის დაქალები” გადაღებები შეაჩერა.

    სერიალის ოფიციალურ ,,ფეისბუქ” გვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ეპიზოდების გადასაღებად ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი ყოველდღე მუშაობდა.

    ,,მეგობრებო, ვიცით ყველა მოუთმენლად ელოდებით ჩემი ცოლის დაქალების ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები.

    ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი”,- წერია განცხადებაში.

    ჩცდ-ს გადამღები ჯგუფი მაყურებლებს მოუწოდებს, თავს გაუფრხილდნენ და რეკომენდაციები დაიცვან.

  • გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

    საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშრების რეჟი მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის, მოძრაობა თავისუფალია.

    გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია.

    რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ამ დრისთვის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია და მოძრაობა თავისუფალია.

  • “ინტერნეტი არ არის გასართობი, ან ფუფუნების საგანი” – გიგა ზედანია დისტანციურ სწავლებაზე

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ „მთავარ არხზე” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი იქნებოდა, სტუდენტებმა ინტერნეტის გადასახადზე ფინანსური შეღავათებით ისარგებლონ. მან მოუწოდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, რომ იფიქრონ ამ მიმართულებით.

    „იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რომლებიც ახლა დადგა საქართველოს წინაშე, შეიძლება, რომ საჯარო და კერძო სექტორი დაფიქრდეს იმაზე, რომ სტუდენტებისთვის შეღავათიანი პირობები დავაწესოთ ინტერნეტით ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ სტუდენტებისთვის ახლა ინტერნეტი არ არის გასართობი, ან ფუფუნების საგანი, ახლა ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გავლითაც მათ უნდა მიიღონ განათლება.

    შესაბამისად, თუ შესაძლებელი იქნებოდა, პროვაიდერებთან თანამშრომლობა და სტუდენტებს ექნებოდათ ფინანსური შეღავათები (საერთოდ უფასო თუ იქნება, ეს მთლად უკეთესია, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაკეთებადია), ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნებოდა დისტანციური სწავლების პროცესში”, – აცხადებს გიგა ზედანია.

  • 7 პროდუქტი, რომელზეც ფასების ზრდა არ მოხდება

    7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი განმარტებით, შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.

    „პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

    თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის სასურსათო პროდუქტები დაასახელა, რომლებზეც ფასი არ გაიზრდება.

    მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები.

    „ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ ეკონომიკური და სავალუტო რისკები”, -აღნიშნა მინისტრმა.

    მინისტრის თქმით, პრიდუქტებზე ფასების უცვლელად შენარჩუნების მექანიზმთან დაკავშირებით ბიზნესთან იქნება შეხვედრა, რათა ეს მათთვისაც მისაღები იყოს.

    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ინტერესებთან ერთად ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბიზნესი გვჭირდება. შევაჯერებთ პირობებს. ესაა ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს კურსის ფლუქტუაციების დაზღვევას, მაგრამ იმ პირობებით, რომ ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებს ბიზნესი. დღის განმავლობაში გვაქვს სამუშაო შეხვედრები, რომ ბიზნესს დეტალები გავაცნოთ. შეჯერებული პოზიციის შემდეგ, ამას მთავრობა დაამტკიცებს. ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო მაქსიმალურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ისეთს, რომელიც არცერთ ქვეყანას არ გადაუდგამს“, -აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.